ბებიაჩემი მოკვდა ზუსტად ოთხმოცი წლისა და მთელი ეს დრო მოანდომა წვრილმან საქმეებს, დასდევდა მუდამ ჩალის ჯოხით ქათმის წიწილსა და ყოველ შაბათს ნაკვერცხალზე ჰყრიდა საკმეველს.
ეჯავრებოდა მწვანე შტოზე ფითრი და ხავსი ახალუხისთვის საუცხოოდ სკვნიდა გრეხილებს, ამბობდა ზღაპრებს მაღალ კოშკის მზეთუნახავზე.
თავის ეზო-კარს იშვიათად მოშორდებოდა. კაკლის ზანდუკში ინახავდა ფარჩის კაბასა რომ თეთრ კუბოში ჯვარისწერა მოჰგონებოდა.
და ექვსი წყვილი სეფისკვერი მღვდელს ჩააბარა დაბრუნდა სახლში წიწილებთან გაიხმაურა, დაწვა და ტკბილად დაიძინა...და არ ამდგარა.
მიწის ის კუთხე სად ბავშვობა ჩემი დავყავი, სადაც ჰყვაოდა უდარდელი ჩემი ცხოვრება შემდგომთა დროთა სიბრძნის ჟანგით დაუნჟაგავი.
იქნება ჯობდეს ჩამოვწიო ქუდი ყურებზე! ხანდახან ჩულად ნაკვერცხალზე დავყრი საკმეველს, რომ ვიოცნებო ზღაპრულ კოშკის საფეხურებზე.
მჭამოს ათასმა თეორიამ და დებულებამ როცა მზე ჩემთვის მხოლოდ ერთი წუთით ანათებს, და სხვა სიცოცხლე მიწის გარეთ არ მეგულება!
ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია? ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ და მისი ბედი ვიტყვი ბევრჯერ შემხარბებია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |