ყივჩაღეთ იყო... ქალი მოვიტაცე. ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა. ტანი დაყურსული გავშხვართე უნაგირზე, თეთრი თეძოების ვიხილე გახელება. ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები. და თვითონ მონადირე გავხდი, მე ნადირი. კოცნა-კბენა იყო, ალერსი-დანა, მუცელი გაზნექილი პირით გადავღადრე, და მარჯვენა ნაპირიდან, ქალი გაფატრული ვესროლე მდინარეს. სიგიჟის წვეთი ცხენს მოხვდა საფეთქელში, ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში და თითქო დაკოდილი გავარდა ჭენებით. მე სისხლის ყივილი, მოღუშულ სივრცეებს, მათრახათ გადავკარი! ...ეს იყო ყივჩაღეთ, ვეფხობის თვეში.
* * * * * *
ყივჩაღეთს იყო, ქალი მოვიტაცე ცხენზე შემოვიგდე დედალი ავაზა თმებში ჩამენასკვა ქალწულის კივილი მკერდი დაზაფრული მკალევებით ჩარაზა. ტანი დაყურსული გავშხვართე უნაგირზე თეთრი თეძოების ვიხილე გახელება მხრები აილეწნენ ძვლების დამსხვრევამდე და სულის აფეთქება მოზიდეს სულებმა. ხტოდნენ, ცახცახებდნენ ავხორცი მუხლები და მე ვთვრებოდი მათით. მქონდა განზრახვები და აზრი ურყევი გავტეხე უზნეო ხათრი. თეთრი მუცლები კბილებით გადავღადრე დამძიმდა ღრუბელთა ლეში. სიგიჟის წვეთი ლოთივით გაიშოტა ცხენს მოხვდა საფეთქელში და ცეცხლი მოეკიდა ფლოქვებს. ეს იყო ყივჩაღეთს ვაჟის გამხნევება ეს იყო ყივჩაღეთს ქალის გახელება ეს იყო ყივჩაღეთს გულის დანათქეში ეს იყო ვეფხვების თვეში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ რობაქიძის პოეზია |