რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ... რა შუაშია! - თუ ისევ ის ვარ? აპრილის შვილი, ენძელას ხნის ვარ, ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ...
ცაში გაკიდულ ჩანჩქერის წყლის ვარ; ვარდობის თვეში ვარდების შლის ვარ; ქმრისა ვარ, შვილის, სიძის ვარ, რძლის ვარ; ცისკრისას გაზზე შედგმული რძის ვარ; ნაცარა ვაშლის, გულაბა მსხლის ვარ; - კამეჩის ყველის, კეჟერა მხლის ვარ; დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ; რამდენიც გინდა, იმდენი წლის ვარ! -
ღმერთების ფეხის უბრალო მტვრის ვარ; არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ; ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ; ატმების კვირტის, ვაზების რქის ვარ; სააკვნე ფიცრის, საფლავის ქვის ვარ; აქაურ მთის ვარ, იქაურ ბრის ვარ; ტარანის კუდის, მტრედების ფრთის ვარ; მილეულ მთვარის, ჩამავალ მზის ვარ! ვინ გეკითხებათ, რამდენი წლის ვარ!
ზოგჯერ - სულელის, ზოგჯერაც - ბრძნის ვარ, მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ; ხან - მძიმე ჩადრის, ხან - დეკოლტის ვარ; ხან - დალხინების, ხანაც - სიმწრის ვარ; ეკუნას ქერა ნაწნავის ბწნის ვარ; შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ! რამდენსაც იტყვით, იმდენი წლის ვარ!
მავთულზე მკერდით შემსკდარი მწყრის ვარ; ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ; ვარ პირველ კლასში - სულ ექვსი წლის ვარ, მახლობელ სოფლის, შორეულ მხრის ვარ; ლმობიერ ლომის, ულმობელ მგლის ვარ; ფულების ფლანგვის, ფულების ჭრის ვარ; ხან - ისე მსუქნის, ხან - ისე მჭლის ვარ; საყურის, ბეჭდის, კაბების ცვლის ვარ! თქვენ თვითონ მიხვდით, რამდენი წლის ვარ!
ხან ავი ზნის ვარ, ხან კარგი ზნის ვარ; ქართული ჰანგის, ქართული ზმნის ვარ; ჭოროხის ზვირთის, პონტოის ზღვის ვარ; კოდორის ტყეში მოჭრილი ბზის ვარ; მტევნების წიპწის, ლეღვების რძის ვარ; ჩვიდმეტის გინდათ? - ჩვიდმეტი წლის ვარ! ათასის გინდათ? - ათასი წლის ვარ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |