ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემს სამახსოვროდ სააქაოზე რჩებოდე. გიმღერდენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე. ჩემო სახელო, ამქვეყნად დიდხანსამც იხსენებოდე, ჩემო ნათქომნო სიტყვანო, ნეტავი, გახქვეყნდებოდე და ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე, გულო დარდითა, წყეულო, ნეტავ, არ დაშავდებოდე, სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასთხოვდებოდე! ნეტავინ, გულო კაცისავ, ძრიელ არ დაღონდებოდე, ფიქრო, შენ არა მტანჯავდე, როდესაც ჩავგონდებოდე. სუყველას გაუხარდება, რომ უდროვოდა ვკვდებოდე? იქნება, იყოს მისთანა, რომ მას არ ვავიწყდებოდე, ჩემზედ იტიროს მწარედა, ყოველთვის ვაგონდებოდე, ბევრჯელ მიტიროს გულითა, მანამდის დავმიწდებოდე?! ერთ ეგეც უნდა ვიფიქრო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა? მე ამას ვამბობ და ფიქრიც უთუოდ მინამდვილებსა, დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა. თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა, ბოლოს კი დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა. თუმც ცოლიც კარგა მიტირებს, ქვეყანას გააკვირებსა, ცოტა ხნის შემდეგ ისიც კი სხვას ვისმე გაუცინებსა. მეზობელებიც მიტირებს, ძალად დაჰკრეჭენ კბილებსა, კიდევაც ვიტყვი, დედის გულს მე ვერვინ გამაცილებსა, სუ იმის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა. და სხვას მე ვის რა მოვკითხო? სუყველა მოილხინებსა, მალე დაუსმენ თითებსა თავის ფანდურის სიმებსა. ვენაცვლე ძუძუთ გამზდელსა, გულით ის დამიტირებსა! დედას ვუყვარვართ და დედა არ გვაგონდება შვილებსა, იმითა გვტანჯავს უფალი,ყოველთვის გვაცოდვილებსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხა ხელაშვილის პოეზია |