შენ რომ კაცი ხარ, ცას რომ სწვდები აურზაურით, ის ზეცა მე ვარ - შენი ლურჯი დღესასწაული.
გუთნისდედა - ხნულს რომ ჩაუვლი, ის მიწა მე ვარ ნოყიერად პირგაშაული.
მონადირე შეუდარები, მე ვარ სამიზნე გაგირბივარ, თან გეტანები.
სატევარი პირგაფხაული, მე ვარ ქარქაში, ზღუდე შენი და სამკაული.
ოკეანე შმაგი ზვირთებით, მე ვარ ქვაბული, უფსკრული ვარ, სადაც ინთქმები.
მღვრიე წყლებში ბადით გამგნები, მე ვარ გრძნეული ოქროს თევზი შენთვის სარგები.
უფლის სიტყვა - ძეს ნამსგავსები, ზედ მეწერები, ქაღალდი ვარ შენით სავსები.
გადუღაბებ, დელგმაც ვერ წაგშლის, შენ ღვინო ხარ და მე ჭურჭელი შენი ზედაშის.
მეც მაჩქამებ სულის ხმაურით, მადლობა გამჩენს, აღუვსები გქნა საწყაული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |