ჩვენ არყოფნიდან მოვედით და ვნახეთ, ყოფნა რაც არი, აზრი ამქვეყნად ყოფნისა თითქოს არი და არც არი. წინ-წყალი, უკან მეწყერი, ცეცხლი და ბოლოს ნაცარი. ბედნიერებას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი. სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე - დედინაცვალი.
სიკვდილის თავსაფრიანო, ვაებისაკენ სულმსწრაფო, სიხარულისთვის გვიანო, ვითომ ამქვეყნად სწერიხარ, ვითომ სიცოცხლე გქვიანო. სიკვდილო, შვებად მეგულვი, მოდი, არ დაიგვიანო!
ამხსენ სიცოცხლის ბაწარი, გადამავიწყე ვარამი ამქვეყნიური რაც არი. საწუთროს ამაოების არ მაქექინო ნაცარი და თავზე არ დამაქციო ცოდვით ნაგები ტაძარი. როდემდე უნდა ღვიოდეს სულში ამქვეყნის ღადარი?! ან რაღად მინდა სიცოცხლე დედის სიკვდილად დამჯდარი?!
ახალ მწვერვალზე ასულს, სული არ მინდა, მივცე სატანასა და ავსულს, ყოფნა არ მიღირს ყოფად ლამის მიღმეთში გასულს, არად ვინაღვლი მყოფადს, მაგრამ რა ვუყო წარსულს?!
როგორც ბორბალში ციყვები, ან როგორც წყალში ნაფოტი, დროის დინებას მივყვებით. შხამა სოკოებს ვაწყდებით, მაგრამ გვგონია ნიყვები, ეს ან ქალების ბრალია, ან კაცები ვართ ბრიყვები?!
**********
ჩვენს გაუსაძლის დროში, მაინც სულ ხალხში ვერიე და არა უბირ ბრბოში. ხანდახან დარიც მიგრძვნია, უფრო - ყინვა და თოში, მაინც კი ისე ვიცხოვრე, როგორიც მქონდა ხოში.
**********
ვარ ძველი ციხის ნაშალი, ჩემში გადიან ღრუბლები, ქარაფზე ვდგევარ და კლდეებს, ცალპირად ვესაუბრები. არ მპასუხობენ კლდეები, თავ-თავის წესად უბრები?! მაგრამ ვგრძნობ, ქარი რომ დაჰბერს, ცად მიაქვს ეს საუბრები.
**********
საწუთრო შემომეძენძა როგორც მათხოვრის ხალათი, ბედნიერების ჩანჩქერებს ჩემს წილს სულ წვეთ-წვეთ ვძალავდი, ათასგვარ ჭირსა და ვარამს გავუძელ ძალის-ძალათი, ერთიღა მრჩება ნუგეშად – მიწამ არ იცის ღალატი, ის გვამს თუ ევიწროვება, ძვლებისთვის ხდება ხალვათი.
**********
რაც მოხდა, ჩემზე ახია, ჯავრი ვიღაზე ვიყარო?! ბედმა უკუღმა დამხია, აღარ მამღერა “წინ წყარო”. ნეტავ რამ გაგაძლებინა ჩემს სულში, ცეცხლო ცინცხალო?! რა უცებ შემომაღამდი, გაუთენარო ცისკარო?!
**********
მოვიდა სიტყვა და გულზე მახვილი დამაღერინა, არც პურმარილი შემარგო, არც მასვა, არც მამღერინა, კალამზე ჩამომეღვენთა და ლექსად დამეწერინა.
**********
სულ დიოგენედ ვიქეცი, არ ვცვლი ცხოვრების წესს, ის, რაც თქვენ ქვენა გგონიათ, მე იმაში ვჭვრეტ ზეს. ამ კასრში, ჩემო მპოვნელო, ნუ გაგაოცებს ეს. გაიწი, მაკედონელო, ნუ დამიჩრდილავ მზეს!
**********
ამის თქმას არა სჭირდება “ვინმე მელექსე მესხი.” დრო-ჟამის უკმარობაა ცხოვრების მთელი ეშხი, ხილივით მოვილიენით სიცოცხლის ხეს რომ ვესხით. წუთისოფელი ყოფილა მარადისობის სესხი.
**********
მე მგონი არაფერია გასაოცარი ამაში რომ მაინც ხარობს ლექსის ხე ჩვენი დროების გვალვაში. ამომეყრება ლექსები, როგორც თონიდან ლავაში, ვარ როგორც ჰერკულანუმი ლექსის ვულკანის ლავაში.
განსაკუთრებით - “პინო”, გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი, დუდუკით მოილხინო, თუ აგიკრძალეს ქალები, თუ აგიკრძალეს ღვინო, რა ჭირად გინდა დუდუკი, ან რა გაქვს საღიღინო?!
* * * * * * *
რად მემალები, სიკვდილო, განა სხვებივით მიჭირხარ?! ღირსეულ პატივს მოგაგებ, ვიცი, სიცოცხლის ნიჭი ხარ.
განა გულს ხიჭვად მირჭვიხარ? ვგრძნობ, რომ ამ ფუჭი ცხოვრების საზღვრიდან ერთი ბიჯი ხარ, ბარემ სამზეოს გამოდი, გნახო, როგორი ბიჭი ხარ!
* * * * * * *
ცხოვრებავ, მე შენს სურვილებს გულს არც ვუხურავ, არც ვუღებ. არც რამეს გეკითხები და არც შენგან ველი პასუხებს.
ყელში რომ მიჭერ მარწუხებს, შენ შენთვის იყავ, მე - ჩემთვის ტყუილად ნუღარ მაწუხებ.
* * * * * * *
ვინა ხარ? - რომ მეკითხებით თვითონ არ ვიცი, ვინა ვარ, ხან დროს ვარ ჩამორჩენილი, ხან თითქოს დროზე წინა ვარ.
გარეთ კი - თითქოს შინა ვარ. ზეცაზე გამოკიდული სასწორის ერთი პინა ვარ, ზოგისთვის – ყინვარ-შაქარი, ზოგისთვის ქინა-ქინა ვარ, ხან ღრუბელივით ლბილი ვარ, ხანაც ნაწრთობი რკინა ვარ.
მაშინ გაიგებთ, ვინა ვარ!
* * * * * * *
სულეთთან დიდი რიგი დგას და მეც იმ რიგში მდგარი ვარ, მაგრამ გზას არავინ მითმობს, თუმც ბერი ხეიბარი ვარ.
სხვისთვის - მზიანი დარი ვარ, ვაზის რქა სარს რომ ეხვევა, მე ლექსის ვაზის სარი ვარ.
წისქვილთან ნაომარი ვარ. ხმლობა არასდროს მდომნია, რადგან მე მხოლოდ ფარი ვარ.
ამშრიალები ქარი ვარ. ვდუმდები, რადგან ვაი, რომ სიმდაწყვეტილი ქნარი ვარ.
არვის ეგონოს, მკვდარი ვარ, რომ უთქვამთ: რქანიც ხნავენო, მე ის ბებერი ხარი ვარ!
* * * * * * *
ვახუშტიმა თქვა: კაცი ვარ, სიტყვების ლექსად მგრეხელი, ხან წმინდანობას მიველტვი, ხან ცოდვილი ვარ, მკრეხელი, ზოგთ ქებით გამანებივრეს, ზოგთ უფსკრულისკენ მკრეს ხელი, მაინც ვერ გამაბოროტეს სიკეთეშეუფერხელი, მაინც ყველასთვის სავსე მაქვს გულის კარღია ბეღელი და ლაღად დავალ ამქვეყნად ჯიუტად გაუტეხელი.
* * * * * * *
ვერაფერს დავიტრაბახებ, ფეხმორყეული ტახტი ვარ, ჩემს ოჯახს საწვალებელად და სახათაბალოდ გავხდივარ.
ჩეს გულს სარქველად ავხდივარ, დიდი დევ-გმირი არა ვარ, მაგრამ რაცა ვარ, ნაღდი ვარ!
* * * * * * *
ცხოვრების ბაზრის სიჭრელე იმთავით მეუსახურა, არც ვინმეს ვებატონე და არც ვის დავუდექ მსახურად, ვცდილობდი ჩუმად მეშრომა და ფუჭად არ მეფაფხურა.
როგორც ბალახი სამყურა. მადლობა უფალს, რომ თავზე ნამუსის ქუდი დამხურა.
* * * * * * *
ჩემი სიკვდილით ქვეყანას სულ არა დააკლდება-რა. უფალსვე დაუბრუნდება, რაც ისეც მასვე ებარა. სხვა რამე სიკვდილ-სიცოცხლის მე არა გამეგება-რა.
და არც-რა მედარდება-რა.
* * * * * * *
სიკვდილ-სიცოცხლის ღობესთან ხეიბარივით ვყუდივარ, ჭიშკარსაც არავინ მიღებს, ნუთუ ეგეთი ცუდი ვარ?! სულეთშიც ვერსახილველი რიბი-რაბო და ბუნდი ვარ.
სიკვდილსაც აღარ ვუნდივარ |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |