ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით, ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში. და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა, დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.
წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი. ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი? წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.
ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი. დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო. ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე. იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა, ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა. და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა, ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |