კლდეზე ვდგავარ თეთრი ვერხვი, მხრები ამიტოტებია, ვინმე ხრამში თუ გადასცდა, - ხელი გამიწოდებია, მეხს ვარიდებ მოზარდ ვერხვებს, - ტანი აუშოლტებიათ, ფრთებს ისხამენ მტრედები და საბუდარებს შორდებიან,
თუ სიტყვები მცვივა, განა შემოდგომის ფოთლებია? მცვივა, განა მცილდებიან, თრთიან, განა ხუნდებიან, ადრე აბიბინდებიან, უფრო ადრე ბრუნდებიან, განა მწუხრის ბინდებია, - ეს მტრედების გუნდებია, მხრებზე დამაფრინდებიან, ტკბილად აღუღუნდებიან.
ფესვი მიდგას შენს მიწაში, ირგვლივ ქარის მორევია, გაქრა ღამე, აღარც ომი, აღარც სისხლის ტბორევია, ეს ჭრილობაც, ეს ღიმილიც ტყვიის ნაამბორევია.
წკრიალებდა გულის კარი, თუ ცისკარი ჭრიალებდა, - მეც ვშფოთავდი და ფიქრებში ტევრი მწარედ შრიალებდა, ჩრდილზე ფეხს რომ დამადგამდნენ, ტანში გამაჟრიალებდა.
შემიხორცდა ნატყვიარი და ტკივილმაც გაიარა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალიო მირცხულავას პოეზია |