სად არ გძინებია, სიყვარულო, რა არ გდებია სასთუმლად! რამდენი ვინმე აცდუნე და რამდენმა - თვითონ გაცდუნა!
თვალი დაკარგული ბეჭდის! ვის არ გასჩენია შენს გამო განუკურნებელი ეჭვი!
რამდენჯერ მოგხვედრია სილა! დაღლილი, დაქანცული უზომოდ - სად არ მივარდნილხარ ძილად!
ხელში ყვავილებიც გჭერია! ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და უმშვენიერესი ფერიაც!
სახეზე მალამოც გისვამს! პურიც არ გქონია ნატეხი და სმითაც უამრავი გისვამს.
მკერდებსაც აპობდი ლახვრით! ხან ჩამოძენძილი დადიოდი, ხან ტანსაცმელით ახლით.
მაგრამ საწამლავსაც ასმევდი... დიად საიდუმლოს ინახავდი და უსინდისოდაც ასმენდი...
ჯარისკაციცა და სარდალიც! ისე მტყუანი ხარ, ისე მატყუარა, და ისე უცნაურად მართალიც!..
ყოველგვარ სიმდიდრის ქონას ჯობს ერთი ბალიში მაგ თმებით გამთბარი, ბალიში-უატომო ზონა...
ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი, თუმცა მოკვდავი ხარ - სუსტი, დაუცველი, მაინც ხომ შენვე ხარ უკვდავი!
მე რომ აქ მგონიხარ, იქა ხარ... მძულხარ, სიყვარულო! მძულხარ, სიყვარულო! მძულხარ, სიყვარულო! მიყვარხარ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |