მოვა, როგორც იანვარში თოვლის ფიფქის ცვენა, როგორც ნუში დაამშვენოს კვირტის გამოჩენამ... საიდან და სადაური ცხრა მთას გადმოლახავს, მხარს გაგკრავს და გაგაჟრჟოლებს, სიზმარშიაც გნახავს, ვერ მოითმენს, თუ არ გიხმო. თუ არ დაგიძახა!
როგორც ცისარტყელას, შემოსძახებს, ზარს შემოჰკრავს, ჩამოუვლის ყველას, ვის სიმღერას მოანატრებს და ვის სახრჩობელას; ზოგს - წაქცეულს ააყენებს, ზოგს - თვითონ სთხოვს შველას...
ზარდამცემი ელდა, სიყვარულის სიმღერაა ცეცხლით დაუწველთა, ვაი იმას, ვინც დაჰკარგა, ვისაც დაუძველდა!
გულთა ნატვრიანთა, ვერ გაიგებ, თუ მოვიდა, რაღად გატრიალდა? რად გეტრფოდა, თუ გაგცვლიდა, რად გადგამდა უღელს? ვერვინ გეტყვის... გულით დაგაქვს, ვეღარავის უმხელ, სამი დღის წინ მოგეჩვენა და გამქრალა წუხელ...
რისთვის მოგეჩვენა, რად მოვიდა როგორც თოვლი, როგორც ფიფქის ცვენა? მშვიდმაისის დაქუხებამ და შხაპუნა წვიმამ დასიცხული დაგინახა - ნამში ჩაგაწვინა.
ვეღარ ნახავ სიზმარს, ვერ გაიგებ რა შეგბოჭა, ეშხმა დაგწვა ვისმა, გაიელვებს და გაქრება, ვერ მიასწრებს ვერსად, თითქოს ფრთები შემოეკრას ფანჯარაზე მერცხალს...
ზარდამცემო ელდავ, შენ მარადი სიმღერა ხარ ეშხით დაუწველთა. ვაი იმას, ვისაც შენი ცეცხლი დაუძველდა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |