ვინ არ დამტკბარა გაზაფხულის მზის ცხოველ სხივებით; გამთბარ ბუნების ზამთრის ძილისგან გამოფხიზლებით, როს დედა-მიწა იხსნის ბორკილებს და იკრებს ძალას, რომ ტურფა ხალად კვლავ აყვავილდეს და გაიშალოს, და ზეცაც, პირველ ქუხილის შემდეგ დამშვიდებული, ბრწყინავს ფირუზის ლაჟვარდ კამარად დაკიდებული?.. განვლო ზამთარმა და მოზეიმობს კვლავ გაზაფხული; ხარობს ბუნება და ეფინება გულს სიხარული!..
ვინ არ დამტკბარა ძვირფას არსების, სიკვდილის პირად რომ იყო მდგარი, გამობრუნებით, როცა სავსებით დაძლეულია სენი საზარი, და, თუმც ჯერ კიდევ ფერ-მიხდილია, ჩონჩხად ქცეული კვლავ სუსტად არი ყოფილია, იცის, გადარჩა, - კმაყოფილია უცინის სახე, უბრწყინავს თვალი?.. ვაშა - სიცოცხლეს! გაქრა სიკვდილის თავზარდამცემი შავი აჩრდილი; დასრულდა ჟამი ოხვრა-ტირილის; სევდამ დაუთმო ლხენას ადგილი!..
ვტკბები, როდესაც გამოფხიზლებულს ზამთრის ძილისგან ვუმზერ ბუნებას; ვნეტარებ, როს ვჭვრეტ ძვირფას ქმნილების მძიმე სენისგან გამობრუნებას; მაგრამ ვერა-რა ვერ შეედრება ჩემს ახლანდელსა მხიარულებას, როს საძირკველი, ვხედავ, ეყრება, ჩემი ქვეყნისა თავისუფლებას; როცა ვუყურებ, მშობელი ერი ამსხვრევს ტყვეობის საზარ ბორკილებს, გუშინ სუსტი, დღეს გმირი ძლიერი არც ძველ მტარვალებს აღარ მორჩილებს და ახალ მტრებსაც მედგრად უხვდება და არის მუდამ გამარჯვებული!.. მრწამს, მოვიპოვეთ თავისუფლება და ვარ ამ რწმენით აღფრთოვნებული!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |