ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა, ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს: "თქვენ მთაში ვერ გაძლებთ, მე კი ბარადო."
"მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო" უთქვამს ნინოს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე.
როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა. მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო, ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია.
როცა ნინო გარდაიცვალა, დებმა საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩააყოლეს.
არც ჩარგლულა დაგინახავს, არც ჩარგალის მთები, ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები,
შენზე ნაზი ტირიფები ერწევიან ფშანში,
ნაზი ქალი ფშავის მთებში ვერ გაძლებდი განა?
სულ პატარა სიყვარული და უზომო ტანჯვა!
სულ პატარა გაზაფხული და უზომო თოვლი.
იმედები, იმედები, იმედები მხოლოდ!
ყაისნაღით მოუქსოვდი წინდასა და პერანგს,
და არაგვზე ჩაიყვანდდი იორღას და ხარებს.
რა ყოფილა სიყვარული, ქალს გაქცევდა მუხად!
მასთან ერთად აიტანდი სიცივეს და შიმშილს.
ჟინვალამდე ჩაჰყვებოდი შავჩოხიან მხედარს.
რა ყოფილა სიყვარული - იადონი დილის,
ღაჭაურას მუზარადში ჩაასხამდი ლუდსა,
ერთი კოცნა, ერთი კოცნა გაჰფანტავდა დაღლას!
რა ყოფილა სიყვარული, ვაი რად ვერ ნახე.
ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები.
იმედები, იმედები, იმედები მხოლოდ...
კლდეზე წვანან პირიმზენი, ტირიფები ფშანში.
ვაჟას სურათს ჩახუტებულს თვალცრემლიანს გძინავს.
რა ყოფილა სიყვარული, ვერ წაშალა დრომაც.
დრო წასულა, ვაჟა დარჩა, სიყვარულიც დარჩა...
არაგვიდან თბილისისკენ ამხედრებულ მხედარს.
რა ყოფილა სიყვარული, სიყვარული დიდი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია |