არა, წუწუნი იქ არ გაისმა, რამეთუ ჰფლობდი სიღრმეს გაუმხელს, თავი მოიკალ, როგორც კლაისტმა, ვერთერულ განცდებს ვერსად წაუხველ.
საწუთრომ თვისდა წესის მიხედვით, რად ვერ გაუძელ მწარე ცდუნებას, ფაუსტობამდე რად ვერ მიხვედი?!
სიცოცხლის ძარღვი რად გაიწყვიტე, ისრები, შხამში ამონაწობი უკლებლივ რატომ ვერ აისხლიტე?!
ჭირსა შიგან მყოფს ეს რა მიყავი იმ დაწყევლილ დღეს მე სასიკვდილე ვაგლახ, შენს გვერდით რომ არ ვიყავი.
აწ მომხდარს რომ ვერ გადავეღობე, კიდევ კარგი, რომ ჩემთვის, ირაკლი, გარდაცვლილები არ არსებობენ
გარდიქმნებიან ღმრთივ საოცრებად, რადგან ისინი მუდამ რჩებიან ჩემთვის ცოცხლებზე უფრო ცოცხლებად.
მუდამ დაჰყვება ხმა გამგმირავი, მაგრამ ღმერთს აბა ვინ გაუწირავს რომ შენში ვპოვოთ გასაწირავი?!
მოძალადეთა მომრიგებელი, მუდამ შიშობდა აღვსილი გესლით წუთისოფელი შურისმგებელი.
ნებით უდრეკით, შეურყეველით, რომ შევმტკიცდებით, ირაკლი, გესმის, როგორც გოდოლი აუღებელი. და სულით ეგზომ უახლოესნი განგვთესა ისე, ვით შორებელნი.
კავშირი მძლავრი რომ დაეშალა და არ მოეცა საშუალება, გულისნადები გადაგვეშალა.
არ სურდა მორწყვა დასიცხულ ზვრების, რათა უმაღლეს საწყისებიდან მერმისის თავთავს იმკიდნენ სხვები,
მუხთალის ზრახვას ნუთუ ვერ ხვდები, გონება ისე გადამებინდა, ვეღარ ჩავშალე მტარვალის ცდები.
ირონიით და ნიშნისმოგებით, ეს რა უწყალოდ გადაგვეკიდა, რა უსაშველოდ მოგვაწვა რქებით, როდესაც, შენი დაბადებიდან შეუბრალებლად გაჰყარა გზები.
წმინდა კანონი შინაგან ძვრების, მამაშვილობა გვიჩნს ავბედითად, თუ სულიერი არ გავხდით ძმები.
აღვლესოთ გულნი, ვითარცა ხმლები, რადგან სამკალი ასე გვემდიდრა, ისევ ჩვენ შევკრათ თავთუხის ძნები.
შენ კი - სულეთში, იქ, ზესთასოფლად ხარ შენის ნებით გარდავლენილი, თავს ნუ ვიგულვებთ, ირაკლი, ობლად.
სასუფეველი იიძულების, უდრეკ ზღუდეთა მარად დამძლევი ვყოთ სიყვარული ჩვენ გზად და ხიდად და ბნელში ნათლის გეზის გამკვლევი მეოხ გვექმნების განგება დიდად.
და ურწმუნობას ავუგოთ წესი, ჩვენ უნდა შევხვდეთ ჩემს სიკვდილამდე ვით ლაერტის ძე და აქილევსი,
მზით ნათელღებულ შუაღამეში, ჩვენ უნდა შევხვდეთ უცილობელად, როგორც ენქიდუ და გილგამეში.
იმის, თუ რაა გეზი ღმერთისკენ, ეს ურთიერთის არის ძიება, იგი გზა არის ურთიერთისკენ.
მსგავსი რომლისაც არ გვეგულება, თუკი სამყაროს გულია ღმერთი, გზაა სიწრფელეც და ერთგულებაც
უღირსთ გვაჩვენოს თვისი დიდება, თუკი სამყაროს აზრია ღმერთი, გზაა სიბრძნეც და ჭეშმარიტებაც
ერთი აქვს სიტყვა, საქმე და ცნება, რადგანაც ღმერთი შემოქმედია, გზა არის საქმეც და წმინდა ნებაც.
შეხვედრის წამი როს არ აგვცდება, როს ჩვენს წიაღში ესე სამება მძლე სიყვარულით გაერთარსდება
როგორც ანქიზე და ენეოსი, მიწას მოვწყვიტოთ მძლავრი მკლავებით, ცაში დავახრჩოთ ჩვენ ანთეოსი.
ღმერთმა ხელი ნუ აგვაღებინოს, რომ საქმე, თითქმის შეუძლებელი, მძლე სიყვარულმა შეგვაძლებინოს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |