სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ და მოგვადგება კარზე ზამთარი... შორს მოლოდინით გათანგულ ხეებს წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის... ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს... გთხოვ, მაპატიო, რომ ვერაფერი ვერ ავასრულე, რაც დამარიგე... მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი... გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას რომ ბედისწერა უცდის თავისი... თავისი წილი ცა და ოცნება, სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება... ვერ ავიყოლე სული ნაგვემი, ბედნიერება ჩემი წილხვედრი კუზიანია, როგორც აქლემი.... ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის, და გზად ამოსულ ყველა ეკალზე ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი... მაინც მოვედი აგერ შენამდე, ზამთარი მოდის, გთხოვ შემიფარე პირველ მერცხლების შემოფრენამდე... საით მატარეს ფრთებით ლექსებმა. სხვაგან ვერ წავალ, შენს გარდა ახლა მე ალბათ არსად არ მიმესვლება... ვინც არ ელოდა ჩემგან არაფერს, მეც არაფერი არ მინდა შენგან, ოღონდ წარსულზე მელაპარაკე... თუ დაივიწყე ჩემი პროფილი, მე დავბრუნდები კვლავ ნირვანაში- როგორც ციხეში უარყოფილი... მაინც დანისლავს თვალებს სისველე, რადგან შენს შემდეგ მე ამ ქალაქში ვიცი არავინ არ გამიხსენებს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |