ჭექდა და ქუხდა ქართველთა, სამეფო სახელგანთქმული, მტრები საკუთარ ჩრდილებად, მიწაზე ჰყავდა გართხმული. ინდოეთამდე აღწევდა თამარ მზე ქალის დიდება, ტახტზე ოცი წლის ავიდა და სიბერემდე იმეფა. გარდაიცვალა... გაძნელდა მისი საფლავის მიგნება. როცა სიკვდილის სარეცელს ესვენა ღონემიხდილი, და როცა გვირგვინს სტაცებდა კარზე მომხტარი სიკვდილი, როცა თავს ვეღარ იღებდა, როცა ძალ-ღონე წაერთო, ჩურჩულით უთხრა სპასალარს: - ორ მოყმეს დაუძახეთო. მომიყვანეთო მოყმენი, ჩემი ერთგულნი მარადო, მაქვს საიდუმლო სათქმელი და მინდა იმათ გავანდო. ნუღარ აყოვნებ, ხომ ხედავ, სული ამომდის, თავადო! - თქვა და მიმქრალი თვალები შუბლზე შეანთო სპასალარს, წადიო, ხელით ანიშნა, სიტყვის თქმა აღარ აცალა. ჩაფიქრებული გასცილდა სასახლეს მხედართმთავარი და ვერ გაეგო, ორ მოყმეს რატომ იხმობდა თამარი. მეფე-ქალს-ქართველთ დიდებას მკლავებში ღონე წაერთო, კვდებოდა მეფეთა მეფე - სამშობლოს ძარღვი საერთო, კვდებოდა გვირგვინოსანი - გლოვობდა მძლავრი სამეფო. კარის გაღებას უცდიდა თვალები დედა ლომისა... სიკვდილს კი არა სჩიოდა, სწუხდა უღონოდ რომ იწვა. ამ დროს გაიღო კარები დამწუხრებული დარბაზის, მომაკვდავისკენ დაიძრა ორი ლომკაცი ლამაზი, ნელ-ნელა მოირხეოდნენ ჩეხვა-სროლაში სწრაფები, შვენოდათ შავი ულვაში, გადარაზული წარბები. ძმები არ იყვნენ, ძმებს ჰგვანდნენ ვაჟები მხრებგანიერნი, მტერს შიშით მიწას აჭმევდა მარტო იმათი იერი. მიუახლოვდნენ მომაკვდავს, გაჩერდნენ დამუხლებულნი, სულთმობრძავ მეფის ბრძანებას უცდიდნენ დამწუხრებულნი. უცდიდნენ მეფის ბრძანებას ჭრელ ნოხზე დაჩოქილები; თავს გასწირავდნენ მეფისთვის ლაშქარში გამოზრდილები. და აი ღონემიხდილმა თამარმა მოყმეთ შეხედა: - კეთილ იყოსო ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა... დამმარხეთ, არვინ იცოდეს, ჩემი საფლავი სად არი. დაე, ვერავინ გაიგოს, სადაც მარხია თამარი! ქალი ვარ, მაგრამ ამ ქვეყნად მტერი მყავს ეგზომ მრავალი. ქალი ვარ, მინდა მიწაშიც შემრჩეს ეს წმინდა ნამუსი. უსიტყვოდ დამასაფლავეთ ჩემს სათაყვანო მამულში. არ მინდა ქვაზე ჩუქურთმა, საფლავი არვინ იცოდეს, თორემ მომხდური თათარი ჩემს ჩონჩხსაც არ შეიცოდებს. მომხდური სპარსი და თურქი საფლავს აიკლებს, წაბილწავს; ცოდვის ცეცხლს წაუკიდებენ სამშობლოს ზეცას და მიწას. - ეს თქვა თამარმა და ფართო შავი თვალები დახუჭა, სიკვდილის ბევრჯერ მძლეველი დღეს სიკვდილს ვეღარ გადურჩა. ვაჟკაცებს ცრემლით აევსოთ ცეცხლისმფრქვეველი თვალები, მათ სისხლით შუბლზე ეწერათ თამარის დანაბარები. ცხრა დღეს იტირეს ცხედარი დიდებულ თამარ მეფისა, მეცხრე ცათამდის ავიდა გლოვა და ზარი ქვეყნისა და უპირქუბოდ ჩამოწვა დღე ცხედრის წასვენებისა. ცხრა კუბო გამოიტანეს, მხრებით წაიღეს ცხრა მხარეს შემოვლებული დროშები ხელის კანკალით დახარეს. ცხრა მხარეს ხალხი დიოდა, ცხრა მთაზე გადამავალი, ცხრა კუბო ხელით მიჰქონდათ და არ იცოდა არავინ, მაინც რომელში ესვენა მეფეთა-მეფე თამარი. ანდერძს მომაკვდავ მეფისას ვინ გაიგებდა, აბა ვინ? ორ მოყმის გარდა არავინ იცოდა იგი ამბავი. ამ ორმა ხალხის მალულად მთაში გათხარა სამარე, მათ ჩაასვენეს მიწაში, მათ დაიტირეს თამარი. მათ უპატრონეს ღირსეულ, ამოუშენეს ქვითკირი. შებინდებისას ცას ძრავდა ქართველ ლომების ქვითინი. დამარხეს, სადაც მთის ძირას წყაროს ჩუხჩუხი გაისმის, სადაც გულუხვად მაისობს ჭრელყვავილება მაისი. დამარხეს... მერე ბილიკით დაეშვნენ თურმე თავქვეზე. წყაროსთან შედგნენ და ცივი წყალი ისხურეს სახეზე, მიწანათხარი ხანჯლები ტიტველა ქვებზე დალესეს. დალესეს, მერე გაცვალეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ, ჯერ გადაჰკოცნეს და მერე სამშობლოს მიწას ემთხვივნენ. მიწას ემთხვივნენ, წამოდგნენ გალომებული ვაჟები... ამბობენ, თურმე ერთმანეთს, გულებში ჩაჰკრეს ხანჯლები. და მოჩუხჩუხე წყაროსთან სისხლი დაღვარეს ალალი, რომ ქვეყნად არვის გაეგო, სად განისვენებს თამარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |