პირველი სეანსი
დაუმთავრებელ მთვარის სოლოს იმღერებს ქალი. იმღერებს სოლოს დასველებულს სქელი ისრიმით. და გამწვანდება მის სახეზე ბოროტი ხალი. ხალი დამპალი, შეხვეული დანესტილ სირმით.
თუმცა ქალბატონს გადაესხა სისხლი კაბაზე. მას კაბა ეცვა შეკერილი ობობას კანით, და ასდიოდა ოხშივარი გამოჭმულ ყბაზე.
"არ გააცილებს გვიან ეტლით მთვარეს არავინ. ძაღლის ღამეებს სიცივეში ვფურცლავ წვალებით. და რძის სატურნი იყო ჩემი მხოლოდ მფარავი.
ო, ცა ტიტველი გადმომაყრის ბამბის ვარსკვლავებს. და ჩემ ყეფაზე ატირდება სიონში თაგვიც. ამ განაპირა ქუჩის ტირილს რა გაათავებს?
მოვიდა კვირა გაბერილი: წვიმით, ტალახით. წვირიან უბანს მოეჩვიენ მძიმე ავდრები. ჩემია სოლო: კოჭლი მთვარე ისევ შავდება.
უკანასკნელი სეანსი
ახლა ქალბატონს ვეთხოვები სანთლის ღიმილით. შეწყვიტა წყნარი, ხავსიანი მთვარის სეანსი. გაფრენილ სიონს მოაფინა გუმბათზე მღილი. ო, ვინ შეხვდება დიდ სივრცეში ასულს ცოფიანს. |