ბეღურასავით გული გიცემს სულ ერთი ციდა, შენც უფრთხილდები შენი ბუდის პატარა სითბოს.. ავალ, ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, - უკანასკნელი სევდიანი სტრიქონი იყოს!
ჩამოვხსნი, დავაგორებ სპილენძის მთვარეს, ადრე თუ გვიან - დავიწყების გახდება ღირსი.. ოჯახში სითბო არ გაკლია, დაასხი ბარემ, შესანდობარი დავლიოთ მისი!
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა, სამაგიეროდ ლამაზი ხარ, ჭკვიანიც თითქოს.. ავალ, ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, - უკანასკნელი უნუგეშო სტრიქონი იყოს!
მგოსნების მთვარეს, მთვარეს, გროშივით გახუნებულს, დაგიგდებ ფეხთით, მშვენიერების სამრეკლოზე დავწყვიტავ ზარებს, უკანასკნელად დავამღერებ: ”ო, როცა შევხვდით..."
კმარა გულით ოცნების ზიდვა, ასეა ყველა - უფრთხილდება პატარა სითბოს.. ავალ, ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, - უკანასკნელი სევდიანი სტრიქონი იყოს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |