ან კი რა ახსოვს ბებერ ბაობაბს პირველ კვირტებში პეპლების ძილი. ხსენად ჟონავდა იმ სიზმრებიდან მარადისობის მზისფერი წირი. უდაბნოების უსასრულობა იდგა გიგანტურ ქვიშის საათად. პეპლების ფშვინვა აკრთობდა ქარებს და მოდიოდა ქვიშა ტაატით, როგორც მიწიდან მოსული წვიმა, ანდა სკნელთაგან ნაცვენი რკილი. ბებერ ბაობაბს ღმერთი ეგონა ჩამავალი მზე, წითლად მოღლილი. ოხრავდა ხე და პეპელას ძილში ეჩვენებოდა, უდაბნოს ციდან რომ მოყვებოდა გორაკებს მწირი და დრო მოჰქონდა, სხეულზე მძიმე. ხე ხელებს შლიდა შიშით შეშლილი, ფესვებით სურდა დაჭერა მიწის, მზე ჩადიოდა, ისე მოღლილი, თითქოს ცას აღარ სჯეროდა მისი. ზედ შეკვდომოდა ყველა ფრთას ფრენა, ქვას შეჭკნობოდა ყვავილის ცრემლი და უდაბნოში მოსული მწირი განადიდებდა სიცოცხლეს წყევლით. ან კი რად ახსოვს ბებერ ბაობაბს ძველი სიზმრიდან ნადენი ცხადი. მაშინ სიკვდილიც არ იყო ქვეყნად, შენც სიყვარულის სახელით მწამდი. შევთხოვდი უფალს, რომ მოეჩინა უსასრულობა - ჩვენთვის საკმარი, მყუდრო ცის ქოხში გულზე მიგვეკრა ჩვენი პირველი ჩვილი - სამყარო. და შემომესვა მხრებზე ფრთოსნები, ანგელოსები ამესხა მძივად, ამომეწოვა ფესვით სკნელიდან მარადიული სიცოცხლის წვიმა. ვყოფილიყავი დაუსაბამო, ბედნიერებით დასჯილი გულით, უდაბნოს მხრებზე მოსხმულ სიჩუმის მსგავსი და ათიათასჯერ ჩუმი… ახლა კვირტებიც გაიშლებიან, გაიღვიძებენ პეპლებიც მალე და არც ეტყვიან ბებერ ბაობაბს, თუ საით წავლენ… |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |