მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 255 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მესიზმრა, ჩემს ქოხში მესტუმრა ხელმწიფე.

ავფორიაქდი.

ვარდის ფურცელი არ მქონდა და

რა დამეფინა?

ქვის სკამზე დავსვი,

ჩაი მივართვი, სურნელოვანი.

ვიცი, ტყუილად რომ არ სტუმრობს მეფე მდაბიოს.

რა უნდა ნეტავ?

მომავალს თუ წარსულს წაიღებს,

სიზმარს თუ ცხადს მთხოვს?

ჩემმა პატარა მუხამ მოხიბლა,

მუხამ, რომელსაც არსაიდან არ ჰქონდა ჩრდილი.

ჰაიკუ ვთქვი

(ჩემს წინაპრებს უყვარდათ ხოლმე

მეფეებთან ლექსით ბაასი).

- ჰაიკუ ხომ პოეზიის ბონსაიაო! - ბრძანა მეფურად

და კიდევ ერთხელ გახედა მუხას.

ამ პატარა ხის ტოტებში არწივი ბუდეს ვერ გაიკეთებს,

ვერც ჭრელი გველი ჩაიბუდებს იმის ფესვებში,

ვერც იმის ჩეროს შეეფარება დაღლილი მგზავრი.

მაგრამ ბონსაის იდუმალება ადამიანს გაახსენებს,

ღვთის ნებას რომ დათმენა უნდა!

რომ ,,სიდიადე სიმცირეშია"!

მერე მეფის სკამს ხავსი მოედო

და აკაციად გადაიქცა პატარა მუხა.

შიშისაგან გამომეღვიძა.

მთის მწვერვალებზე მოჩანდა თოვლი,

ჩემი წინაპრის თვალით ნანახი.

ბავშვს გადავხედე.

მშვიდად ეძინა თავისსავე ლოყებში ჩაფლულს

და ეტყობოდა,

რომ სიზმარში არ ხედავდა პატარა მეფეს,

რომელსაც მისთვის სათამაშოს წართმევა სურდა.

დედას რომ შვილის სიზმრების ნახვა მაინც შეეძლის,

მაგრამ ანგელოზს უფრო ნახავ,

ვიდრე შენი შვილების სიზმრებს!

სანამ ქუსლით გიჭირავს შვილი და ამზეურებ,

არ დაგავიწყდეს ერთი ჰოკუ მაინც გააწყო

და ბონსაის ბონსაი უთხრა თამაშ-თამაშით:

მზემ დაიძინა, ჩვენც დავიძინოთ.

ხვალ ვითამაშოთ

მინდორში, ჰო, კუ!

არასოდეს დაგიფასდება ეს შრომა, მაგრამ

ბედნიერი იქნება შვილი -

დედის ხელნაწერს ნახავს იგი ასი წლის მერე

და კიდევ ერთხელ დაეძინება მშვიდად, რადგანაც,

პატარა მეფე ვეღარ წაართმევს

სათამაშოს სიზმარში მოხუცს..

წინაპრები ახერხებდნენ ამას მშვენივრად

და გმირობას მარტო ომში არ ჩადიოდნენ.

"აი ია" - აი ასეთ გასაოცარ ჰაიკუს ქმნიდნენ.

აღარაფერი დაწერილა

აღმოსავლეთში ამაზე კარგი.

"მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა," და

ტიანშანის "მთების შვილი,"

"ნაცარა ჩიტს," ეკითხებოდა: "ვის უგალობო?"

"შენო, პატარავ! " - და ბედნიერად ცხოვრობდა ხალხი.

ყოველ ცისმარე რწყავდა ბაღს და ელოდებოდა,

"დიდი ხე რომ პაწაწინა ყლორტისაგან ამოზრდილიყო~.

ჟამიც კაცივით ბერდება თურმე

და მშვიდობას, ომის ნანებით მოძლიერებულს,

გაუვიდა ყავლი და გაცვდა.

ახალი დრო კი ახალ მთვარეს ჰგავს,

მოიყოლებს ხოლმე ქარაშოტს

და დღეში შვიდგზის გადაგარხევს, ლერწამივით,

წარსულსა და მომავალს შორის.

აღარ იცი, საითაა უმჯობესი ფეხის გადადგმა,

აგერევა ერთმანეთში

აღმოსავლეთი და დასავლეთი,

ცა და მიწა,

და ერთ ადგილზე დაჭაობდები.

მყვართა ყიყინის ხმად იქცევა

ლექსებისთვის შექმნილი ენაც.

შვილი გაიზარდა, დედა მოხუცდა

თვალებზე ლიბრად

შვილის ცხოვრება გადაეფარა.

ჰოდა, ასეა ჩემი ქვეყანაც, სამშობლო რომ ჰქვია სახელად.

მის თვალებსაც ჩვენი ცხოვრების ცოდვა-მადლი გადაჰფარვია.

დაბრმავებული თვალი კი ხედავს,

სიზმრებს ხედავს, საუბედუროდ,

მხოლოდ სიზმრებს,

ცხადის ერთი ორგინალიც რომ არ აქვთ და

აღარც ექნებათ.

სხვის ქვეყნებს რომ ასე გამძლე სახელები დაარქვა ღმერთმა,

რაღა ჩემსას ჰქვია "სამშობლო"?!

რაღა ჩემს მიწას ყლაპავს ხარბად ყველა გამვლელი?

ან სისხლის გემოს რატომ ვერ გრძნობენ

ან ძვლებით რატომ არ იხრჩობიან?

შეიშმუშნა ბავშვი... ვაკოცე.

მაპატიე, ჩემო პატარავ,

დამავიწყდა, რომ

ღრმად ჩაძინებულ გონებასაც აფხიზლებს ლექსი,

რაგინდ დუქნად ექცეს მამული.

ნანა, ნანა, დაიძინე დედის იმედო,

ბევრს ვილოცებ, რომ ეს სამყარო

არასოდეს მოგეჩვენოს შენზე პატარა.

ნანა, ნანა, დახუჭე თვალი,

არ წაიღოს შენი სიზმარი ხელმწიფის შვილმა.

თორემ უსიზმროდ გაზრდილმა კაცმა

როგორ გაიგნოს გზა სამყაროში?

როგორ იფრინოს,

როგორ დაეცეს უმტკივნეულოდ,

იყვიროს უხმოდ,

გარდაცვლილებს ელაპარაკოს

და წინასწარ გარდაიცვალოს,

რომ ყოველი გათენება და მზის ამოსვლა

დაბადება იყოს მისი, იმედიანი!

მეც ჩამეძინა.

დედას ხომ ხშირად ეძინება თავის ნამღერ იავნანაზე,

როგორც პროგრესს - რევოლუციურ შეძახილებზე.

განმიახლდა მეწამული სიზმრების ხილვა:

ვიზრდებოდით მეც,

ბავშვიც,

ჰოკუც...

თითქოს იგი ბალადად იქცა და დაერქვა

"ვეფხისა და მოყმის ბალადა"!

მერე პოემად გადაიქცა და დაერქვა

უფალივით მარადი სიტყვა

"ვეფხისტყაოსანი"…

სამყარო კი პატარავდებოდა, ილეოდა…

და შიშმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომაღვიძა,

ვეფხვის თვალებით გახედა ღამეს.

ბავშვს კარგად ჰქონდა დასწავლილი "აი ია" და

მშვიდად ეძინა.

ეძინა მამას, რადგან იცოდა,

"რომ არ გაცვლიდა სამშობლოს

სხვა ქვეყნის სამოთხეზედა",

მხოლოდ მე მეშინოდა,

რადგან ვგრძნობდი, რომ

არ ეძინა ხელმწიფეს და ფიქრობდა,

როგორ გამოეყვანა სამშობლო-ბონსაი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ