მე შენ ნაზ სურათს, მოფერებით, წმინდა Maria, ვატარებ ყველგან ავათმყოფი - ჩუმი დიდებით. თითქოს ქვითინებს იდუმალი თეთრი არია სათუთ ჩარჩოში, მე პიერო, რომ ვაკვირდები.
და უცაბედათ წამომცდება „ახ, ჩემო Madame“ მოჩვენებაა ეს სიყვითლე, თუ მკრთალი ვნება? მე შენი ცქერით დავითვრები როგორც თამადა.
თეთრი დუელი სამუდამო გაიმართება, არ ვიცი რომელს წაგვიღებენ ცისფერი ეტლით. - მარად ქალწული, ზეციური ღიმილი კრთება, -
ნათელ სიზმრებში უშენობით არ მესვენება. ნაირ ფერებში ითენთება თვით შემოდგომა - ო, ლურჯ წარსულის სილამაზის - თეთრი ხსენება. |