მახსოვს დილა მოციმციმე, შვების ცრემლით ანათრთოლი, ციურ მნათობს შესცინოდა, უკუნეთთან შენაბრძოლი. წალკოტს გული მოექარგა მძივად წყობილ ალმას-ნამით, ირგვლივ არე მოხიბლული ნეტარებდა ლხენის წამით. მზის სხივებში ბანაობდა ვარდ-ზამბახი და ბილილა... - მახსოვს დილა, შვების დილა!..
ცის ზეფირი ფრთა გაშლილი ვარდათ ფურჩქვნილ სხივებს ჰკრებდა და შუქ-ნაფეთქ დედამიწას დააბნევდა ყვავილთ კონად, სიხარულის დასაპყრობად, სიცოცხლესთან შესაკონად. თან სოფელიც მომავლისთვის უკვდავების გვირგვინს სწნავდა... ცა ღელავდა, ცა ელავდა!..
ძველი ქვეყნის ძველი ჰანგი ახალ ჰიმნში ინთქმებოდა. გულში ნაგუბ სულის სწრაფვა ფრთაშესხმული ზეცად ჰფრენდა, მომავლისა ნაპერწკალი შორეულ გზას ნათელს ჰფენდა. ბრძოლის ცეცხლში იცვლებოდა უკუღმართი მონის ბედი, - საუკუნეთ განაჭედი!..
საბრძოლველად უყიოდნენ დაუნდობელ ბედისწერას. ამაყ გრძნობით გამსჭვალულნი ნათელ მზისკენ მიილტვოდნენ, ციურ არსთა საგალობელს დედამიწას უგალობდნენ, და მგოსნებიც სასოებით აქსოვებდნენ ოქროს ჩანგსა - ახლად შობილ ახალ ჰანგსა!..
ღრუბელთ გროვა წამოშალა და მზის სხივებს შეებრძოლა. გამარჯვების თაიგული უკუნს შერთო, გაამტვერა და შესცვალა მწარე კვნესად ტკბილი ჰანგი და სიმღერა, სულს ოცნების ფრთა წააჭრა და წარიღო შავმა მტერმა - ქვესკნელიდან მონაბერმა!..
ცის-კიდურზე გამოსახა შავი ღრუბლის შავი ზოლი. წალკოტს მკერდი დაუბნელა, ააცალა ვერცხლის მძივი, ირგვლივ არე დააბნელა, ჩაუფერფლა ზეცას სხივი; შავ-ბნელ ნისლში მოამწყვდია ვარდ-ზამბახი და ბილილა, - ჩაჰქრა დილა, შვების დილა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |