მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9754 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გურამიშვილის სურათზე

 

წეროს დარად წიგნში მდგარი

ლოცულობ და მოსთქვამ კიდეც.

სოველი და ნაწვიმარი

გლოვას ვეღარ განერიდე.


წინათ ფრთები გაისწორე,

ტყვედ ნამყოფი, ნაისარი,

უკრაინას გაიყოლე

საქართველოს ბედის ქარი.


უკრაინის უღრან ღამით

შენ ანთებდი მწველ სტრიქონებს

დაგკვნესოდა კალმის ნამი -

ქართვლის ჭირი ჩამაგონე.


იმ მხარეში ქართლზე ფიქრი

სანთელივით აგინთია,

გაგითბია ცრემლით წიგნი,

სული მისთვის დაგითმია.

მიგრითმვია თვალი მწირი

და სტრიქონში ჩაგიტბია.


კალამს ეკრა ქართლის ჭირი

და ტირიფიც გაგონებდა:

ტირიფონზე გაშლილ ტირიფს

ქართვლის დედის დაღონებას,

და ლეკეთში წასხმულ მწირის

ვაებას და დამონებას.


ფიქრი, ფიქრი შენსკენ ილტვის,

რომ პერანგი გაგიპია.

ტანჯვა როგორ გამოითქმის,

ჩემი სიტყვა ღარიბია.


შენი ცრემლის მწუთხე წვეთი

შთაგონებით ნაყიდია.

დაგიტბია ცრემლით წიგნი

და ოცნებით გაგითბია.


შენს ფურცლებზე დავივაკე,

სად ანთებდი მწველ სტრიქონებს,

ფრთებ დამწვარი იდექ ცალკე

და მწველი ხმა გამაგონე.


შენს მოტირილს მეც ვისმენდი,

ცად აპყრობილს კვამლის ზოლად.

შენი ცრემლის მელნით ვწერდი,

მშობელ მიწის გასაგონად.


ბევრი ბელტი გადავთელე,

ვნახე, სადაც ქვითინებდი.

შენს სტრიქონთან გავათენე

და საფლავთან ვიტირებდი.


რომ არ იყოს შენი ბუდით

გარდასული ქართლის ჭირი,

რომ არ იყოს ჩვენი ფუძით

წამომდგარი ქვეყნის გმირი.

 

ორმოში

 

ქართლში გამკობდა სამკალი ყანა,

როცა ქურდულად დაგესხა მტერი

გადაგატარეს ასი მთა ძალად

გადაგაყლაპეს დაღესტნის მტვერი.


გაქცევა სცადე, - ორმოში ჩაგსვეს,

შენ დაგამდაბლეს ბალახზე მეტად.

ორმოში მჯდარმა შენიშნე ცაზე

შენი ვარსკვლავის რონინი კენტად.


ბუდით მოწყვეტა ყოფილა ძნელი,

ვერ შეიგუე ჯურღმული შავი.

და შენ ამბობდი: საწუთრო მთელი

ჩემი თვალების გარეშე ჰყვავის.


შენ შამბნარში ჩაჯექ ჯავრით

და შამბნარში კოღოები შეგესია,

რისთვის რეკდა ცისკრის ზარი,

რას გერჩოდა ბორცვზე მდგარი ეკლესია?!


მხოლოდ უცქერდი ხავსიან ცისკარს,

ვერსად ხედავდი მოცვარულ მწვანეს.

მიწაში იყავ, ვერ ჭვრეტდი მიწას,

თვალს ვერ ავლებდი მხურვალე ყანებს.


ო, შენს თვინიერ ვიდოდნენ დღენი,

არ ჩამოგხედა ჯურღმულში ერთმაც

ცას შეაჩვიე თვალები შენი,

რომ ცრემლიანი ნუგეში ეთქვა.


როგორც კოცონი აკვამლდი - ორმოდ,

ზევით ილტვოდი მლოცველის გეშით,

რადგან გუმანი ზეცაში ცხოვრობს,

ცრემლით აივსო ღარიბი პეშვი.


მაგრამ მოგესმა მამულის გლოვა:

„ორმოში სუნთქვას სამარე გიჯობს,

პურის მკის ჟამი ხელახლა მოვა,

მზეზე ამოდი ნათელო ბიჭო!"


და ამოცოცდი წმინდანის სწორო,

ამოიხვნეშე ხმადაბალ შიშით,

პირღია დარჩა წყეული ორმო

და დაახველა დარაჯმა ძილში.


მარჯვენის სამი თითი შეჰკარი,

თითქო აიღე ნამცეცი პური,

შენ გადიწერე აგრე პირჯვარი

და შეაფარე სიბნელეს სული.

 

დავით გურამიშვილი წვიმაში

 

შენ წიგნს ვშლიდი და გიხილე ბნელ ღამეში

დაწუნწული მარტოდ, დაწენწილო სულო,

მე მინდოდა ცივ ავდარში არ გამეშვი

მაგრამ ბედისწერა როგორ შევაბრუნო.


შენ გარბოდი, გზაში ქარი მოგეწია,

მოგასხურა წვიმა და აგაპყრო ცისკენ.

ღმერთო ჩემო, წვეთია თუ წყლის ბეწვია!

ნუ დამამსხვრევ მეხით, ხე კეთილი მიხსენ!


არ გისმინა, გზაში წვიმამ გაგიმეტა,

გაიშალა იგი, როგორც დედის გლოვა.

მოშხუილე ღამე ბინად დაგებედა

და ავდარი ბედმა მოძმედ დაგიტოვა.


ერთი ცაცხვიც არსად შეგხვდა გაქოლგილი,

აღარც თივის ზვინი, შესადარი ბუხრის.

მოწანწკარე წვიმის ძუით დაბორკილი,

გიხილე და, მწირო, გამშვენებდა მწუხრი.


წვეთი იყო, თუ კუმპალი ბუდეშურის,

რა გსუსხავდა აგრე, ავდარობის მჩენი!

შენ გეძებდი და წვიმაში მოგაშურე,

ნაწვიმარში ვპოვო ნაკვალევი შენი.


შენ გცივა, თუ მე ვკანკალებ, სულ ერთია,

ოღონდ ვიყოთ მარად ტრფიალებით მთვრალი.

შენს მღვიმეში მსურდა ღამე გამეთია,

ან მეპოვნა შენი ცრემლით სავსე კვალი.


ვერ მომხიბლე ლოცვით, გული შემიღონე,

ხელზე მითრთის ცრემლით შეფრქვეული იფქლი.

შეაგროვე გზაში, წვიმით შემიკონე,

მოშრიალე ქარში, ფრთაგაშლილი ფიქრი.


გეძახოდი, შემრჩა ჭრაქი ჩაქრობილი.

გამაგონე წვეთთა დამჟანგველი ჟღერა,

სად მღეროდი ავდრობის ოქროპირი,

რომელ მინდვრად შეგეგება ბედისწერა.


ხეტიალში ხუჭუჭა თმა გაახუნე,

გალობაში სუფთად შეახვიე წყლული

და მლოცველმა კალმით ქართლში დააბრუნე

ნაწვიმარი ვარდი, სტრიქონებში რგული.


წვიმაა თუ მგლოვიარე ყვავილები?

რა ამშვენებს წიგნში წამოფრენილ სტრიქონს!

ვკითხულობ და სანთელივით დავილევი

და წვიმაში, მწირო, საქართველო გიხმობს.

 

დავით გურამიშვილის აუგი უფლისადმი

 

მუხრანით და უგზო ჯაგით

დუხჭირებდი კაცის ჩრდილი,

დამშეულმა, მაცდურ ბაგით,

ლოცვები სთქვი შეწყობილი.


კიტრი წყალში გაგიცურდა,

ამოგერთვა ლუკმა პირში,

კიტრის ჭამა როგორ გსურდა,

და შიმშილმა გარგო შიში.


დაისიცხე უფლის ხათრით,

ვერ მიაგენ სადმე ჭერიც.

დაეძებდი ლუკმას სანთლით,

აღარ გედო კაცის ფერი.


ღმერთს აუგი უთხარ, თრთოდი:

- „რაც მიბოძე, რად წამართვი

მე აღმართით მივდიოდი

დამაცურე თავდაღმართით.


ეს იგავი მე არ მესმის,

შენს გულისხმას დააყურე.

თუ შენა ხარ ჩვენი მწყემსი,

რად წამართვი, რაც მარგუნე?


რად წაიღო ტალღამ კიტრი,

ჩამიყარე წყალში ოქრო,

მე ვიყავი შენი მჭვრიტი,

ეხლა როგორ დაგემოყვრო.


მშიერი გავს ბავშვს, უმანკოს,

შენ საცდური მითხარ ნანა

და უფალი რომ უარვყო,

დამნაშავე მე ვარ განა?


ჩემი ლუკმა ტალღას მიაქვს,

ვით თორღვაის რკინის თორი.

დამშეული შევრჩი წიაღს

და პირისპირ ვდგავართ ორი.


შენთვის ბევრჯელ ვიმარხულე,

მწყემსო, გითხარ ბევრი ლოცვა.

ერთხელ მაინც მინახულე,

მოგგვალო და წვერი მოგწვა.


დავეყრდნობი ბედის ჭიგოს,

დავაჩრდილებ მომწვარ მდელოს.

სად სმენილა ღმერთი იყოს

და კაცს აღარ მიეშველოს?

 

მეორე აუგი

 

ველი ღვარძლით ნათესია,

საით წაველ მერგო ვაიც,

ჩირგვთან კოღო დამესია,

რა უნდოდა კოღოს მაინც?


უძლური ვარ, არ მაქვს ღონე,

ჩრდილი ვერსად ვპოვე გრილი.

სიმართლის ხმა შთამაგონე

იგავის ხედ დანერგილი.


უძლურს კოღო რას მერჩოდა,

მე ციების მქონდა რიდი.

კიტრი მაინც შემრჩენოდა,

ღმერთო, რისთვის ჩამაცივდი!


უკვდავება გაბარია,

სულმა აგრე აგითვისა.

ეს იგავი სხვაგვარია,

იგი არ გავს დავითისას.


შემომახმა ტანზე ჩრდილი,

შესამოსიც გახდა მზრალი.

თითქო ვიყო შესაწირი,

სული ჩემი კვამლში არი.


სასახელოდ ეს გაგყვება.

საზრდო ჩემი წყალში ჰქრება.

ვხედავ, შენ არ გენაღვლება,

თუ პერანგი შემალპება.


ისევ მზეა ჩემი მხსნელი,

წარმართული ღამის მჭრელი,

უმარილო მარგე ცრემლი,

უვარამო გულის თხემი.


თუმც გვალვაში კოკა იწვის,

მაინც ვეტრფი მზიან კალოს.

და მცენარემ მშობელ მიწის

ეგებ წყლული დამიამოს.

 

კალოს ხილვა

 

ლანდადქცეული, მწყურვალი,

შამბნარში გაჰყევ ნაკვალევს.

ლუკმა ვერ ჰპოვე მკურნალი,

მხოლოდ ბალახი გაკმარეს.


ჩირგვთან დაგესხნენ კოღონი,

დასუსხეს ტანი ნესტარით.

წვალება გერგო როგორი,

პური ვერ ჰპოვე ნეტარი!


დაიფლითე და იკვნესე

ლუკმა სძებნე და ლაფარო,

ვერსად წამოწექ რიყეზე,

გაუდაბურდა სამყარო.


მღეროდი გლოვის კილოთი;

ბეჭდად ნატერფალს სტოვებდი.

გზაზე უცრემლოდ სტიროდი,

გვალვით დამშრალი პოეტი.


გშიოდა, ვეღარ იჩრდილე,

მწე არვინ შეგხვდა მართალი.

უცბად წალკოტად იხილე

კალოთ დაყრილი თავთავი.


კალოს ჩრდილებით დაქარგულს

შეხედე, შვებით გადმოდექ,

თვალი შეავლე დაკარგულს

და კვლავად ნახულ სამოთხეს.


შინ დაგრჩა ყანა სამკალი,

აქ დაგხვდა კალო მართალი.

სად არის ქართლის ნამგალი,

თავთავთ რხევა და კანკალი.


ეხლა წინ ძნები ეყარა,

თრთოდა ცხოვრება ცოცხალი.

კალო იყო თუ ქვეყანა,

ოქროს ქვიშა თუ ხორბალი!


კალოს შემქნელის ცხონება!

ხორბლის მტვერია ჰაერში,

ქართლში ნახული ცხოვრება

ჰპოვე და კალოდ დაეშვი.


იხილე, პურზე ილოცე,

გულში ზარის ხმა გაისმა.

კევრზე დამჯდარი სიცოცხლე

აკიბორჩხალა დაისმა.


აგრე მაშვრალის იმედით

ორკეცად შრომა დალოცე.

პერანგს ამარა მიხვედი,

პირველ კაცივით, კალოზე.

 

კალოზე მისვლა

 

მიხვედი, გაჩნდი კალოზე

მწირი, პერანგის ამარა,

დაემხვე, კალო დალოცე

და მზეც ადიდე თაკარა.


შემოგეხვიენ მაშვრალნი,

შემოგახვიეს თავშალი.

წყლით დაგილამეს გამშრალი

ყელი და თმები ნაშალი.


„დაი ხლებაო, ლაზარი“,

მშრომელმა რუსმა დასძახა.

თრთოლვა დაიწყე საზარი,

მაგრამ არავინ დაგძრახა.


შენ თვითონ იყავ ლაზარე,

მკვდრეთით აღმდგარი ყარიბი.

პურს ჭამდი, დოქი დასცალე,

რუსს შეეკედლე ღარიბი.


მას შებრალდი და შეგიტკბო.

პური გაჭმია გამთბარი.

გრძნობით ცხოვრება შეგითბო,

სულს განეშორა ზამთარი.


პური გიბოძა, დათესა

შენს გულში ძმობის მარცვალი.

კერასთან გრძნობა გაკვესა,

გაგაცნო კერის ნაცარი.


მეგობრულ გრძნობით დაგდაღა,

თვალში ჩაგინთო მაისი.

ძველი პერანგი გაგხადა,

ჯუბა ჩაგაცვა თავისი.


გაშალა სუფრა მცირედი,

წყალი დაგისხა ანკარა.

როცა სუფრასთან მიხვედი

სურნელმა აგაკანკალა.


შენ რუსის ლუკმა მოგეთბო,

ძმური სიამით ღელავდი.

სუფრით აყვავდა გულისთქმა,

რომ მოაღწია ჩვენამდი.


ღვიოდა კერა ულევი,

მიმწუხრი იყო დიადი.

სანთლებად ენთნენ გულები,

სიმართლეს გავდა ხმიადი.


ისხედით, იგავს გითხრობდა,

ადიდეთ კაცი მშრომელი.

და იანვარაც კვირობდა -

რუსეთს ჩასული ფხოველი.

 

პირველი ძმობილი

 

კერა გამაცნო თუ იმედი,

საგულეს ვარდი აანთო,

სუფრა გაშალა მცირედი

და ხორბლის სუნით გაგათბო.


შენ იყავ ჭირის მხილველი,

ცრემლით დაცვარე ნაცარი.

შენ გერგო ძმობა პირველი,

მისი თესლი და მარცვალი.


შეიცნე-მოძმე ნამდვილი,

თურმე რუსეთშიც გყოლია.

კაცი ვაკეზე აღზრდილი -

თურმე მთის კაცის ტოლია.


პური და სითბო გაღირსა,

გული დაცვარა ვარდივით.

შენ იყავ ქარი ქართლისა

რუსეთში გადავარდნილი.


ორივეს გერგოთ ეკალი,

და ყელზე გედგათ უღელი,

მაგრამ კალოზე შეჰკარით

ძმობა, მარადის ურყევი.


ძმის პური, ოფლით ნაეშხი,

შეგრჩა და გულში იწოდა,

ის გამღერებდა ღამეში,

წყვდიადში შუქად გიძღოდა.


შენს გულში ჩარჩა ძმის კერა,

როგორც საგზალის კალათი.

მან ხალხის გულში იმღერა,

არ მიიწურა მარადი.


ბაღს დაემგვანა უნაზესს,

შემდეგ გრძნობაში დახვავდა

და ეხლა გორის კერაზე

ატმის ხესავით აყვავდა.

 

ის გამღერებდა

 

შენ რუსი შეგხვდა ნამდვილი,

ვახტანგს რომ შეხვდა - ის არა.

შენებრ ვარამში გაწვრთნილი,

შენებრ რომ სწვავდა იარა.


შენ რუსი შეგხვდა მაშვრალი,

გიცნო ქართულო მაისო.

გულის ფინჯანი დამშრალი

უკვდავ წყაროთი აგივსო.


მოგცეს საზრდო და სათბური,

დოქიდან წყალი გასმიეს.

დალიე, როგორც კახური,

და კასპიისკენ გასწიე.


დაგაპურეს და დაეშვი,

მტვერი ფარავდა ქალამანს.

ძმობამ გაგათბო ღამეში,

სული ნამივით დალამა.


შენ რუსი შეგხვდა მშრომელი,

ტანჯვაში შენი მხილველი.

კვერივით გრძნობის მცხობელი

და მეგობარი პირველი.


იგი გათბობდა ავდარში,

ის გაგრილებდა სიცხეში,

ის გამღერებდა ზამთარში,

უდაბნოში და ციხეში.

 

პერანგის ნაწილი

 

წახველ, დასტოვე ის კერა,

დაგრჩა პერანგის ნაწილი.

მაგრამ გამოგყვა სიმღერა,

გულით ნაკვები არწივი.


დასტოვე კვართი ნაპობი,

რუსმა ჩაგაცვა თავისი,

აგრე გასცვალეთ ნაყოფი

ტანის ტანჯვა და ხალისი.


იქ დარჩა შენი პერანგი,

მას გიცხრილავდა ეკალი.

ბედი წეწავდა ვერაგი,

სწვავდა სხივების სპეკალი.


გვალვამ სიმშრალე აღირსა,

თრთოდა ზარების რეკვითა.

თითქო ნარხევი ქარისგან -

ძეწნის ტოტივით ეკიდა.


ქრისტეს-კი არა შენ გქონდა

წმინდა პერანგის ნაფლეთი.

ტანზე ნისლივით გეკროდა,

იწოდა, როგორც აბედი.


ლაზარეს პურის ნაცვალი

რუსს დაუტოვე ნაფლეთი,

შენი სიცოცხლის მარცვალი

დაუტოვე და წახვედი:


ის შეეჩვია იმ კერას

ჩაჰკლა ლოცვა და ფსალმუნი.

შენ კი გამოგყვა სიმღერა,

ცხელი პერანგის ალმური.


პერანგი ტანჯვით ნაგეში,

მომეცი, მქონდეს თბილია.

ჩემი ოცნებაც, ღამეში,

შენი გალობის ჩრდილია.


მეგობრულ გრძნობის საწინდრად

გვქონდეს პერანგის ნაწილი.

მან ჩვენი კერა გასწმინდა

და გამოჰკვება არწივი.


გზა ნატერფალით დასერე,

ძმას დაუტოვე ნაფლეთი.

პერანგზე ლოცვა დასწერე,

იგალობე და წახვედი.

 

დავით გურამიშვილის გლოვა
ვახტანგის გარდაცვალების გამო

 

ო, გარდაიცვალა ასტრახანში

ვახტანგ მეექვსე,

ვაი, რა ბოძი, რა მაშვრალი 

და რა- მელექსე!


როგორ გვაურვებს ღულარჭნილი

ბედი მაცდური,

ცხენი ჭიხვინებს და ქვითინით

მივეც დასტური,


ქართლის ჭირისთვის სამკურნალოდ

ქვეყნად მავალი,

მეფე კი არა, მხოლოდ წყლული,

წყლული მრავალი.


მე მფარველ მექმნა და მიმხილა

ნიჭი სამკალი.

ეხლა იგი წევს, კელაპტარმა 

იწყო კანკალი.


ფუტკარი არ გვყავს და სანთელი

როგორ ჩამოვქნათ?

მკლავი მოგვტეხეს, გლოვის ზარი

როგორ ჩამოვკრათ!


გადმოხვეწილი ჩვენი გლოვა

გარეთ გაისმის

ყინვას ედარა იმედი და

მდელო მაისის.


ჭერი დაგვენგრა და წვიმაში

შევრჩით კაეშანს,

სამშობლოს დროშა არ შრიალებს,

დაბლა დაეშვა.


სასთუმლად ეწყო დაბეჭდილი 

წიგნი მრავალი,

უკვდავ სტრიქონით აღეჭურვა

შთამომავალი,


„ვეფხის ტყაოსანს“, „დასტურლამალს“,

„ქართლის ცხოვრებას“,

ყოველ მათ სტრიქონს მოამაგე

ემახსოვრება.


თავს დასდგომიან ხმლიანები 

ქართლის- მოკეთეს,

ვისაც იმედი ჩრდილოეთის

ყინვით მოჰკვეთეს.


ო, გადიხვეწე, გადასერე 

მიწა სირბილით,

თურმე უცხოეთს მოგეწევა 

მაინც- სიკვდილი!


რომელიც შენთან აღზრდილია

მშობელ მხარეში,

რომ შეგათრიოს სინათლიდან

მრუმე ღამეში.


ვახტანგი მოკვდა, კასპიაში 

ვერვინ შესტოპა.

ტრიალ მინდორზე გზადაბნეულს

უთხრათ შენდობა.


რატომ ხმაურობს ჩემი გული

როგორც წისქვილი.

“წისქვილში წავალ, ავიცდინო 

ეგებსიკვდილი.


როგორც მონასტერს შევეკედლო,

პური ვითხოვო,

მაშვრალი ვნახო, ქართლის ჭირი

მასთან ვიგლოვო.


იტყვით დავითი, გადასცქერის

ღია სამარესა

და თავის მფარველს ასტრახანის

მიწას აბარებს.

 

დაბინავება უკრაინაში

 

ქართლში ვიყავ, წყაროს პირად ვგალობდი,

სურნელოვან კალოს ხვავთან ვხარობდი.

ეხლა მინდა გადაჭრილ ბაღს მადაროთ,

უბედობა მომეტმასნა ფათალოდ.

ქართლში ობლად არ დავრბოდი მე.


თიბათვის თვე, თუ რთველის თვე მაღალი,

მცხეთის ვაზი თუ ზედაზნის მაყვალი,

მიგემნია, მილოცნია მიწისთვის

ჩრდილს მიფენდა პატარძალი ყინწვისის,

რომ სამშობლოს არ დავთმობდი მე.


ქალს ვეტრფოდი, მას ამკობდა ნამგალი,

ღელვას ქმნიდნენ თავთავები კანკალით,

მშვიდი სიო, მწუხრის ჟამი ყანაში,

ღალღის ფრენა და მეძებრის განგაში.

სიჭაბუკემ ქართლში მარგო მე.


ქართლს მომწყვიტეს და დავიწყე წანწალი,

უკრაინას სახლი დავდგი საწყალი,

დავბინავდი, ხნულში ჩავდე მარცვალი,

ვიგალობე, ვაღუღუნე ნაცარი.


და არ მყავდა მე ლექსის გამგონე

ვის მივენდო, ცას მივენდო სადაოს!

თუ ვერწმუნო ღრუბლის თმიან საბაოფს?

ვარდის მიერ იადონის ცდუნება,

იგავია, თუ ნამდვილი ბუნება!

უკრაინამ ამამღერა მე.


ბაღი მიყვარს, ვარდი მიყვარს ტრამალის, 

ჩემი სული სანთელია ვარამის,

რად ვიმღერო, ვის ვუმღერო, მითხარით?

ლაღად ვარ და არაფერი მიხარის.

და ამ გრძნობამ დამაბერა მე.

 

გუგულები

 

მარტის თვიდან თეთრ გუგულებს

ის უყურებს, გადიდაროს,

გულს გალობა აგუგუნებს

ვარდი რულავს სანეტარო.


გამიგონეთ გუგულებო,

დილით აღვდექ უგუნებოდ,

ღამემ გული დამიურვა

და ღრუბელმა, უვნებელმა

სულში თვლემა მოისურვა,

ჩამიტოვა თვალში ელვა.


მაგრამ გაჩნდით გუგულები.

ნახოთ მიწა გადახნული.

მოსპოთ ზამთრის უკუნეთი,

კვლავ გაცოცხლდეს გაზაფხული.


წყლულმა კრულმა, დადაგულმა,

შემიპყრო და ვეღარ ვნახე:

ქართლის მიწა, დაჩაგრულმა,

მისი მთა და სავენახე,

ზამთრისფერად დამეწერა,

სიბერე და სივაგლახე.


გადმოფრინდით გუგულებო,

ბაღს ამბარი დაუკმიეთ.

ნუ დამტოვებთ უგუნებოთ.

ზამთარს ბუდე დაუნგრიეთ.


გეკითხებით თეთრ გუგულებს:

თუ იხილეთ ქართლის ბარი,

გუთნის-დედა თუ ღუღუნებს,

გორის ციხის გვერდით მდგარი?


თუ გადვიდა ქართლის ჭირი,

მარცვლეულით მოთბა მიწა?

ბედისწერა კვლავ დაგვტირის,

თუ ცვარიან ველზე მიწვა?


„გუგუს“ გალობთ გუგულებო,

ხომ არ ჰპოვეთ ლანდი დედის?

ქართლში მყოფი უგუნებოთ,

მგლოვიარე ვაჟის ბედით!


„კაფე-თესე“ გამაგონეთ,

სიცოცხლის ხმა ჩემი მხარის.

გამახარეთ, დამაღონეთ,

ვიმარტვილე სიმწუხარით.


თორემ, რა ვქნა, ცრემლი მწუთხი,

რად ვიგემო უგუნებოთ!

ჩემი გული ვარამს უფრთხის...

და თქვენ გელით გუგულებო.

 

დაძრული ბაღი

 

უბეს ითბობდი ცრემლიან პურით,

მიმწუხრში უხმოდ ნატრობდი მცხეთას,

ასანთლებული იჭერდი ყურით -

როგორ დახტოდნენ ჭინკები ცხენთან.


შენ ლოცულობდი ხელაპყრობილი,

ხატად გესვენა სამშობლოს ჩრდილი.

სული მფეთქავი და ჩათხრობილი

და დაფენილი სიბნელე გრილი.


საკმეველივით გეწოდა თვალი,

საკმევლის კვამლი ადარე ხორალს. -

და შენი ლოცვის ყოველი ცალი

საგზლად მიჰქონდა ღამეს და ყორანს.


ფრთაანთებულმა, წვიმაში კვნესით,

აქე, ადიდე მშობელი ხალხი,

უკრაინაში გადარგი ლექსი

და მოაშენე ქართული ბაღი.


შიგ პირველი ხე დარგი იგავის

შთაგონებაში დამწიფდა ხილი.

დიდო მებაღევ, წრფელი იყავი,

გვალვაში გვარგე ნაყოფი გრილი,


მიწით კი არა - გულით კვებავდი

გრძნობას, წაყვანილს შფოთიან

- ქართლით,

შენ ყოველ ყვავილს სისხლით

- ღებავდი

და წალკოტს შერჩა მამულის მადლი.


არ დაიფუშა ვარდის ფურცელი,

ხე მგალობელი ისხამდა ნაყოფს.

იდექ ჭიშკართან მწირი უცვლელი

და ხელაწვდილი ამკობდი წალკოტს.


გერგო ურვა და ვარამი თალხი,

გავდი ღამეში დალეწილ ურთხმელს.

როგორც ხომალდი დაიძრა ბაღი

და მოაშურა მშობლიურ კუთხეს.


მან მოიტანა შრიალი მწველი,

სულით მოსული ჩრდილი და სიცხე,

აენთო ბაღში ცხოვრება შენი

და დაგილოცეთ მარჯვენა მტკიცე.

 

სამფერიანი ხმა

 

მაჟაურები ბზუოდენ, წყნარი.

მწუხრი დააწვა მღვიძარე მიწას.

ხევით გაქანდა დაჭრილი ქარი

და კაზაკივით კურგანზე მიწვა.


ესმა ბოსელით ბღავილი ძროხის, 

გავდა მოსმენილს წვიმა და წირვა.

მიწკარუნებდა ზამთარი ჯოხით

და ღრუბელივით ითრთოლა მწირმა.


იგი იჭერდა გუგულის ძახილს,

უკრაინის და რუსეთის კილოს.

წვიმამ წკრიალით აავსო სახლი,

წარმართულ სულით დავითმა სწიროს.


ხმა აწყობილი კენტი და ლუწი,

დაძრულ ყინულის მტვრევა და ჩქამი,

აიტაცებდა ცეცხლიან ფურცლით

შთაგონებაში იწოდა ჟამი.


ტკბებოდა ხიდან ბულბულის სტვენით,

აგონდებოდა მშობელი კუთხე,

დაღონდებოდა შევარდნის ფრენით -

თვალს მოწყდებოდა მარცვალი მწუთხე.


ეძებდა რუსულ გალობის მირონს,

და ათანხმებდა მშობლიურ ხმებთან,

უკრაინაში გაგონილ კილოს

ის აწყვილებდა ქართველის ბედთან.


რომ ეთქვა მხოლოდ სიმღერა ერთი,

შიგ სამი ფერით ეფეთქა გრძნობას.

შიგ ყოფილიყო ჭაღარა ღმერთი 

და ხეტიალში ჩამქრალი ყრმობა.


მართლაც გაეგო ბუნების სუნთქვა,

წიგნში გაშალა გრძნეული ფრთებიც,

და მოშრიალე ქარქვეტას სულთან

მან შეაჯვარა გუგუნი მთების.


ხმები აანთო მშობლიურ ლერწმით,

შესძლო ტკივილის სხვაგვარი თხრობა

და სამი ხალხის სიმღერის შერწყმით

სთქვა მეგობრობის პირველი გრძნობა.

 

დავით გურამიშვილის მიერ
კილოს და ხმის ძიება

 

მე წალკოტით გეძახოდი ღამეც,

წამოდექი, ხმა წიგნიდან გამეც.

ჰანგს ვეძებდი ბუნებაში გზნებით,

ბევრი კილო გააგონე კალამს.


შენი წიგნი წალკოტია ხმების,

შერითმული საქართველოს ვარამს.

რა ხმებია ჩანერგილი წალკოტს,

სკა ზუზუნებს თუ შრიალებს მუხა?


ყოველი ხმა მზეუმზირად ხარობს

და ფურცლებზე გუგულები სწუხან.

ვარდის ახლო იადონი დაჰყეფს,

დღე და ღამე საუბრობენ ლექსით.


შემომქმედი წალკოტის კარს აღებს

და სალამურს აწკრიალებს მწყემსი,

ბულბულების მომხიბლავი სტვენა

ცისკარს გასჭრის, არ შერჩება ხიწვიც.


ყვავს რა უნდა? მას არა აქვს სმენა,

ფურცელს როგორ დაამშვენებს ხრინწით!

ამგვარ ბაღში მგალობელი გლოვობს,

თითო ყვავილს თითო ცრემლით სწყალობს.


უნდა ხმებში საერთო ზმა ჰპოვოს

და ქართულად უცხო ხმაზე გალობს.

მარტოდ გალობს, დარჩენილი უწყლოდ,

ვერ იპოვა გამგონე და მრევლი.


ჩრდილოეთში ვით შეიცნოს უცხომ

სიმღერიდან მოწყვეტილი ცრემლი

ბუნებაში ხმა დაჰქრის თუ ფიფქი, -

კალოდ მოძმის გამოხმობას ცდილობს,

შეუთანხმოს საქართველოს ფიქრი

რუსეთის და უკრაინის კილოს.


ზუბოვკიდან მომავალი ქალი

გადმოსძახებს და დასტოვებს ყვავილს.

კასპიიდან მას მოუხმობს ქარი,

კურგანზეა ქარიშხალი ღამის.


მაინც როგორ შეუგუოს ყური,

ქართლის ჭირი ამოვარდნას ლამობს.

გზად გაივლის სკოვოროდას სული

და ბუნების საგალობელს ამბობს.


სანთლებივით ანთებულან ხმები,

სანთლებს ჰგვანან თუ ყვავილებს ნუშის,

და ღვთისმშობლის აბრეშუმის თმები

ირხევიან, წკრიალებენ გულში.


უცხო მხარეს მირითმულხარ მართლა,

დამშრიალებ მუხნარიდან ფრთებით, 

რომ გვაჩვენო საიდუმლო განცდა

და სკებივით შეკრებილი ხმები.

 

გამოთხოვება და ომში წასვლა

 

უეცრად ომში მიხმეს,

ტყეში იყავ, სოკოს კრეფდი, ვინანე,

მსხმოიარე ვენახი ხარ ხარ სიყრმის,

ვერ გიპოვე, სიმძიმილი ვინანე!


ამხედრების შემხვდა ჯერი,

დაიფარე თაფლისფერი ბაია.

დამიქროლე დარაია ჭრელი,

ბაღისფერი, როგორც ჭიამაია.


მე დავრახტე ჰუნე მალი,

დამეფუშა ჩრდილოვანი კარავი.

გადმომხედე, შეიფუთნე შალით,

განშორების ჟამია და ვარამი!


თუ დავიჭრე, მწვავდეს წყლული,

ვაი დედა, მეწილადოს ვაგლახი,

მომიტანე თვალით გაზაფხული,

შემირჩიე სამკურნალო ბალახი.


მეამება სამაია,

ივერიის ღვთისმშობელის ბაია.

შენი თვალი ღია სამარეა,

შენი კაბა - ჭრელი ჭიამაია.


სად მოვკვდები სადაური!

ვერ დავკრიფე დაშაქრული ყურძენი,

მე ვარ წიგნის მხოლოდ სათაური,

ჩემი ჟამი - დასაწერი ფურცელი.


გამაყოლე ტურფა ლანდი,

ყივჩაყივით თუ მეტოქემ ამკაფა,

გამონახე ჩემი მუზარადი,

ჩააწვეთე შენი ცრემლი კამკამა.


მოძმეს მიეც სასოებით,

მუზარადით შესვას ჩემი ვარამი.

გამაგონე მოთქმა განშორების,

დამაფარე ივერიის ალამი!

 

მაგდებურგის ციხეში

 

"...ორმოც ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს

შევურყიევთ ტახტის სვეტი”.

 

არ დარჩენილხარ ომის გარეშე,

კვისტრინთან ბრძოლა გაჩაღდა ცხარი,

მტრისკენ გაიჭერ, ხმალი დაგეშე,

უნდა გაგეპოთ პრუსიის ჯარი.


უეცრივ ლიას ჩაგეფლა ჰუნე,

მაინც მარჯვენა არ მოადუნე.

გადმოხტი, ცეცხლი ხმალზე აპკურე

და ვაჟკაცური სუნთქვა არგუნე.


მხედარი იყავ მხნე და მამაცი,

თუმცა ჩაგეფლა ქურანა ჰუნე,

ხმალი პირბასრი, როგორც ალმასი,

მოხრილ ქარქაშში არ ჩააბრუნე.


"აბა, წამოდექ, ჩემო ქურანავ,

ოდერის ნაპირს დავარტყათ ტორი.

მამულმა პეშვით დაგვაპურადა,

მანვე ჩაგვაცვა ლითონის თორი!”


აგრე სჭექდი და პრუსიელს ჰკვეთდი,

ბრძოლის გრიგალში იწვოდი, სანამ

მკერდზე არ მოგხვდა მახვილის წვეტი

და არ მოგტეხეს რტოსავით ძალა.


დაგჭრეს, მოგკვეთეს მარჯვენის ბწკალი,

დაუძლურდი და პირაღმა დაეც.

არვინ შეგასვა წყლის პირას წყალი

და ყელგამშრალი ბღუჯავდი ჰაერს.


მხოლოდ ცას ჭვრეტდი და დააყურე,

მაღლა გაკვესა უჩინარ კვესმა.

სული ლაჟვარდით შენ დააპურე,

ღვთისშობლის კაბის შრიალი გესმა.


ცას მიაკუთვნე დაჭრილი სული,

თითქო იპოვე გრილი მაღნარი.

ცის სასუფეველს წმენდდა ქალწული

და ჯეჯილივით მორთე ღაღანი.


რქვი: "უკვდავების წყლის იათუღო,

გთხოვ, მიმკვდარებულს მაპკურო წყალი!

ჩემი ცხოვრება ცას მიადუღო,

არ წამიშალო მამულში კვალი”.


მაგრამ ღაღადი არ დაგაცალეს,

აღარ განელდა ჭრილობის სიცხე

მრავალი ბორცვი გადაგატარეს

და მაგდებურგში ტყვეობა იწყე.


მაგდებურგია მაღნარი მწირი,

განგებამ წყაროდ ცრემლები მოგცა.

ტუსაღს გიშრება საკანში პირი,

გაკმენდილია ბაგეზე ლოცვა.


ციხის სარკმლიდან ლუდხანას უმზერ,

შენ ცქერა გიყვარს ღარიბულ სუფრის,

მხოლოდ გვალვისგან დანისლულ მწუხრზე

ტურფად ელვარებს ტაძარი უფლის.


თითქო ფათერაკს გადარჩა ეტლი,

მიღანღალებს და არ მიჰყავს მგზავრი,

მწუხრში ჰყვავიან კვამლი და ცეცხლი

და უხმლო კაცის უძლური ჯავრი.


არვის არ მოაქვს სავე კალათი,

მიიწურება საღამო მორცხვი.

დღისა და ღამის გაყრა მარადი

ჰგავს განშორებას სულის და ხორცის.


ნაცრით სავსეა ნატეხი პურის,

სარკმელი არის რკინით ნაღობი.

ვაჟკაცის ჩივილს დაუგდეთ ყური,

კაცს მიაწოდეთ მიწის ნაყოფი.


მოაგონდება, მირგოროდს როგორ

ფუვდება, ცხვება ცომი ღუმელით,

თვალმინაბული ღუღუნებს გოგო

და ხელთ უპყრია თეთრი ღრუბელი,


ფუნთუშა პურით მდიდრდება თვალი,

ნერწყვის მომგვრელი იღვრება ორთქლი.

ყანას სდარაჯობს წინაპრის ხმალი,

ხორბალს ატყვია მშრომელის ოფლი,


ან ქართლის თორნის ღუღუნი წმინდა,

გლეხის ჩაკრული ლავაში ბრტყელი.

სამშობლო მიწის ნაყოფი გინდა

ორთქლიანი და გულივით ცხელი.


ადექი, ძმაო, ხელი ხმალს იკარ,

უნდათ წაგართვან განცდილი სითბოც.

თუმცა დაჭრილი ციხეში ზიხარ,

მაინც ქურანა ჭიხვინით გიხმობს.


აგრე ფიქრობს და გაქცევას ცდილობს,

ქარიშხალივით საკანში შფოთავს.

ნატრობს ეზოს და გადაშლილ ჭილობს,

წყევლის და ებრძვის გარინდულ ოთახს.


აგრე გავიდა ორი ზამთარი,

ორი ზაფხული მჭლე და გამხდარი.

ზამთარს მოჰქონდა ტახტი ყინულის,

ზაფხულს - ნამგალი პირმოპირული.


დავითმა სარკმლით ნახა ავდარი,

როგორ დაესხა ზაფხულს ზამთარი,

ვით მიუსია მიწას ქარ-წვიმა,

ზაფხულს უჩვენა თავის განწირვა,


შეშა დასწვა და სული დანაცრა,

ფრთაგაფოფრილი კერას დააცხრა,

ხეებს აჰკიდა თოვლი ჭაპანი

და ფრინველების მოსპო ჭაჭანი.


თითქო ლოლუა ბევრი გაჰყიდა,

როგორც მძივები, სახლებს დაჰკიდა,

სუსხით მიწიდან სითბო აბოჭა,

ყინულზე ცივი ვარდი ამოჭრა,


როს მარტში იგრძნო მიწამ საშველი,

ქარით დაიცვა თავის ნაშენი.

მაგრამ მოვარდა ზაფხული ჯიქი,

სულ მიუმსხვრია ჭურჭელი ჭიქის,


კვლავ გამოიღო ოსტატის მკლავი,

კვირტს აუხილა დროებით თვალი,

დაიგრუხუნა, გაფანტა ნისლი -

და ცისარტყელა გაშალა თვისი,


გამოუქარგა ფოთოლი ტოტებს,

მწვანე ქოლგები გაშალა ოდეს,

წელში გამართა ჯეჯილი სუფთა,

სიცოცხლის ძალას გალობა უთხრა,


ააჟღურტულა მერცხლები ბუდით

და დაიხურა ჭილოფის ქუდი.

დავითი სარკმლით უცქერდა ჭიდილს.

ბევრი მოსულა და ბევრი მიდის.


ნახა, ზამთარი დაძლეულ იქნა

და აღიტაცა სიცოცხლის ფიქრმა:

რუსი ასულის "ვესელა ვესნა”

ესმა და ჩასწვდა ბულბულის კვნესა.

ასულს ამკობდა ფოთოლი ჩირგვის,

ყვავილს კრეფდა და უწნავდა გვირგვინს.


და მოუშუშდა ჭრილობა დავითს,

მაგრამ ტყვეობაც ჭრილობა არი.

არ დაგაძინებს დარაჯი ღამის,

დარაზულია მდუმარე კარი.


ტყვე ხარ ციხეში გამომწყვდეული,

რა გაგაჩერებს მყუდრო ადგილას.

ვიწრო საკანი გხუთავს წყეული,

ვერ შეეჩვიე ციხეს ადვილად.


გარს შემოგეკრა თითქო ფაცერი.

უწყლო ოცნებას გააშრობს ციხე.

უკრაინაში დაგრჩა ნაწერი,

და თუ აცხუნებს თაკარა სიცხე!


"არ გადამიწვან, როგორც ბეღელი,

ჩემი ნაწერი ცრემლით ნაპკური.

არ დამეკარგოს წიგნი მეტყველი,

ცხოვრების ჩრდილში შემონახული.


ბეღელი არის ლექსების წიგნი,

შიგ უჩინარი ყანა შრიალებს;

შიგ მარცვალივით ჩავაგდე ფიქრი,

ყანის ნიავი კურნავს იარებს.


ციხეში მესმის ყანის ჩურჩული.

როგორ ვიმღერო, ტყვეა ბულბული!”

ასე ამბობდა ტყვე თუ ტუსაღი,

შორს ჭიხვინებდა მისი ულაყი.


"რა მელექსება, ომის ცეცხლია,

ლუწი ვიყავ და გავმხდარვარ ცალი.

ჩემო განგებავ, თუ დაგეცლია,

ბევრს აკაფავდა ჯავარდნის ხმალი!”


თვალაპყრობილი დავითი დადის,

ვიწრო საკანში გამომწყვდეული.

რომ გადათვალა ნაბიჯი ათი -

ორჯერ მობრუნდა მისი სხეული.


დღეს მიაცილებს ღამე მარქაფა.

ორფერად მიაქვთ ცხოვრება ტყუპებს.

დავითმა თვალით ჟამი გაკაფა,

ჟამი მიჰქრის და აბნელებს უპეს.


სად არ ყოფილა, რა კაცი არი,

შვედებთან ომი, ბრძოლა ხოთინის!

წინათ ლეკების ტყვე პატიმარი,

და მაგდებურგში ახლა ლოდინი.


გამოჩეკილი კვერცხთა ნაჭუჭი -

ორმოცდაათი ჩამწკრივდა წელი,

წლებმა გადუწვეს თმები ხუჭუჭი,

სინათლის ნაცვლად ჩამოდგა ბნელი.


შემოეპარა სიბერე დავითს,

განაცრისფერდა თვალები ლურჯი,

თუმცა საომრად მიიწევს მკლავი,

მაგრამ ღალატობს კედელი მუნჯი.


მაინც ლოცვისას შეიტყო დილით:

რომ რუსთა ჯარი ჯებირებს კაფავს.

თითქო გასცქერის საომარ ჯირითს

და მოფარფატე ცხენების ფაფარს.


სისხლით ნაფერი ოდერი მიჰქუხს.

იქ ყვავილებში ცრემლია ცხარი.

მოძმე მხედარმა გააპო ჯიქურ

გერმანულ ჯვრებით შემკული ფარი.


ტახტი ერყევა პრუსიის კოროლს,

ფრიდრიხ მეორე ქურანა მერნით,

ფრთამოტეხილი, მიჰქრის და გლოვობს.

უნდა უშველოს ალყაში ბერლინს.


"ვადას მოსწიე”, დავითს მოესმა,

სად არის ხმალი, გაივლო ხელი.

ძმობილო, მახვილს უნდა მოლესვა;

მახვილს ამაოდ დაეძებს თვალი.


შფოთავს, მღელვარებს სასომიხდილი:

"იბრძოლეთ, ძმანო, გაშალეთ ფრთენი,

ტყვეობას გიჯობთ ომში სიკვდილი,

არ გაიგრძელოთ ციხეში დღენი”.


უხმლოდ მხედრდება გრძნობა ფარული,

ბერლინს რუსეთის ლაშქარი იპყრობს,

ისმის ყიჟინი, ცხენთა თქარუნი,

და ტყვე დავითიც ბრძოლაზე ფიქრობს.


ეგებ ომშია მეზობლის ლურჯაც,

მონატრებია სახლი ნეტარი,

და აკვირდება ბერლინის ქუჩას

კეხზე შეზრდილი ქართლის მხედარი.


დავითი შფოთავს საკანში კიდევ,

სანამდი გულზე ჭირ-ვარამს იხვევს,

რუსებს გადასცეს ბერლინის კლიტე

და დაეუფლენ ფრიდრიხის ციხეს.


კვლავ სიხარულმა გამსჭვალა გული,

როგორ გააპოს საკანი კრული?

მოგაგონდება ქართული ხმალი,

ბრძოლა თურქთან, თუ ომი ხოთინის.


შენ ზუბოვკაში გელოდა ქალი,

ვახ, თუ ჩამოჭკნა ვარდი ლოდინით.

რუსთან იყავ და უკრაინელთან,

მათ შეუხორცდი ჭირში და ლხინში.

რამდენს გაანდე მამულის ელდა,

არსად გიგრძვნია სიკვდილის შიში.


შველოდა ომში დაცემულ უძლურს,

მიდამოს ქართლის ცრემლი ასხურე

და, როგორც ირმის რძიანი ძუძუ,

შენი ოცნება გზაზე დასწურე.


რუსულ ლაშქარში ძმურად იბრძოდი.

არ შეარცხვინე ქართული ხმალი.

ფინეთში ომის ცეცხლში იწვოდი,

პრუსიის გზაზე მიჰქროდი მალი.


კვისტრინთან მტერი დაძლეულ იქნა,

თუმცა სიცოცხლე ეკიდა ბეწვზე,

კვლავ აგიტაცა მხედრულმა ფიქრმა

და შენ ღელავდი სამშობლოს ბედზე.


შენ გაიხსენე რუსული კალოც,

როცა ლაზარემ გარგუნა პური,

კალოზე დაყრილ ხორბალზე გალობ,

არ მიეკაროს გამვლელის შური.


"მე დავიმკვიდრე ბრძოლით მამული,

გულს სიყვარული შთაბერე ქართლის.

და გავანათე გზა მეწამული,

ჩემი სულიდან ჩამოქნილ სანთლით.


იქნებ ოდესმე მეომრის ღონე,

ძეო ქართლისავ, მოგყვეს აქამდი.

მოდი ამ ადგილს და მომიგონე,

რომ მეც პირველად ამ გზას ვკაფავდი!”


იტყვის დავითი, და არვინ იცის,

როგორ დასძლია ტყვეობა მალე,

როგორ გავიდა გაუვალ ციხით,

როგორ შველოდა ოქტომბრის ღამე.


ხმა მაგდებურგში დაირხა მწუხრზე,

მწუხრზე გაცოცხლდა ქალაქი მკვდარი:

გაქცეულაო ქართველი წუხელ,

ციხის საკანში უჩინრად მჯდარი.


გადასცურაო გაშლილი ელბა,

სად იშოვაო მახვილი მაინც.

ვერვინ შესძლოო ქართველთან შებმა,

ნამდვილ ჰგავდაო შორეულ რაინდს.


დავითმა აგრე ზამთარი სძლია,

გაზაფხულივით წაიღო სუნთქვა.

გზად რუსთა ლაშქარს წამოეწია,

გამარჯვებულებს მადლობა უთხრა.


გალაღებული ამღერდა კიდეც,

ბერლინის კლიტეს შეახო ხელი.

თავის ჭრილობას დაადო კლიტე

და გადმოაგდო სიამის ცრემლი.

 

შინ დაბრუნება

 

"შურმან მე დიდად დამკოდა,

ცეცხლით დამიწვა სახლკარი”.

 

შინ დაბრუნდი, დაბუგული

შენ სახლ-კარი დაგხვდა, ღვიძლო.

არც ბულბული, არც გუგული -

დილით როგორ გაიღვიძო?


ცარიელზე დაჯექ აგრე,

ვინ ჩაგიქრო ცეცხლი შურით?

რას დასტირი, რა დაკარგე,

ჭის წყალი თუ ბეღლის პური?


დაგინგრიეს სახლის ჭერი,

გაგიმეტეს ქვეყნის სიძე.

შინ და გარეთ არის მტერი,

მხედრის სულო გაიღვიძე!


გადუწვავთ და გაუძარცვავთ

ბეღელი და პურის ყანა,

ჩანს, ქარბუქმა ხორბლის მარცვალს

ლექსის წიგნიც გაატანა.


ხელნაწერი ქარს მიჰქონდა,

შემოდგომას ჰგავდა თურმე,

ფურცელ-ფურცელ თუ მიჰქროდა,

მისი ცოდვით დავითრგუნე!


ზვარში ვაზი რომ აგიჭრან,

ჩაგაწვეთონ გულში შხამი,

გამოსტაცონ მშიერს იჯრა,

ან ჩაგიქრონ ჭრაქი ღამით, -


მაინც შესძლებს კაცი აღსდგეს,

სახლ-კარისთვის ქვები ზიდოს,

მაგრამ ხმები თუ წაართვეს,

სმენა როგორ დაიმშვიდოს!


ჩრდილში დაჯექ, გაშლილ ვერხვის,

მოგაგონდა შენი ჰუნე.

ვერხვი არის ფერი ვეფხვის,

მეტყველი და მეფსალმუნე.


ფიქრობ, მტერი გამოცოცხო,

კერის ცეცხლით კვამლი შობო.

კვლავ რვეული გააცოცხლო,

იგალობო და იშრომო.


მარტო სახლი რას გაგათბობს?

ხელნაწერის ხმა არ ისმის.

ხმაურობამ რომ გაგართოს,

შენ დოლაბი გინდა მისთვის.


ვერ შესძინე ბავშვი ფუძეს,

გაგაღვიძოს დილით ადრე,

გსურს დოლაბი ახმაურდეს,

გაფხიზლდე და დილით ადგე.


სახლს დოლაბმა უთხრას ძმობა,

ტალღამ ღარი დაგიმშვენოს.

და დავითმა იწყო შრომა,

სურს სახლ-კარი აიშენოს.


გააცოცხლებს ნაცარტუტას,

ცეცხლს გააჩენს მზეზე ბრძოლით.

რვეულიდან ლექსი ბჟუტავს

და კერიდან სქელი ბოლი.

 

ქსნის ხეობაში დარჩენილი
ტრფიალის მოგონება

 

"ვეღარ მნახავი მოყვრისა,

ტან-ლერწამ, პირად ვარდისა..”

 

მწუხრის ჟამზე, მწუხრის სწორი,

გაჰყურებდი წყალთან ტირიფს.

შენ ჩაგესმა მოთქმა შორით,

თითქო ჩასწვდი ქსანზე ტირილს.


თვალი ჰკიდე, რა ვარდია,

ცაცხვის ჩრდილში მოქვითინე,

ქართლში ტურფა გაბადია,

არ გამოტყდი, მოითმინე.


ცოლია თუ დანიშნული,

გულს გუმანი არ ადროვე,

გესმა კაბის შარიშური,

ქსნის პირას რომ მიატოვე.


მერმე ხილვას ვერ ეღირსე,

ვარდს დაცვივდა მარგალიტი.

ზამბახს როგორ შეეთვისე,

როცა შროშანს დანატრიდი.


გეჩვენება ქსნის ტირიფი,

ქსანზე - ტურფა სიყრმის ტოლი,

და ირტოზის მთის ბილიკი,

როგორც ცაზე ირმის ზოლი.


როგორ დასთმე ტანლერწამა,

მოგონება დავითს ღუპავს.

ცდაში დადნა თუ ეწამა,

თუ გაანდო ეჭვი უფალს.


ახლანდელ ცოლს ტახტზე სძინავს,

არ ეხვევა იჭვის გზნება,

ტურფა ტირის ცაცხვის ძირას,

სანთელივით ქსანზე დნება.


შორს გეძახის ქსნის ტირიფი,

შენი ტურფა სიყრმის ტოლი,

და ირტოზის მთის ბილიკი,

როგორც ცაზე ირმის ზოლი.

 

ოცნება წისქვილზე

 

"ეს წყლის ასამაღლებელი და წისქვილი 

თუმცა მოვიგონე და დავხაზე... და ამ ჩემს

ნათქვამ ლექსის წიგნში ჩამიტანებია...

ხატი უნდა იმ წისქვილში ესვენოს და ღამით

გაუქრობლად სანთელი ენთოს”.

 

შენ რა გქონდა, რით აგეგო წისქვილი!

ლექსის წიგნში ის ჩახატე ფრთხილად.

საკვამურში გესმა ქარის წივილი,

ცეცხლთან დაჯექ და ინატრე დილა.


სად იშოვო ფიცარი და კრამიტი,

წისქვილის ქვა, ან სამინდე კოდი?

ეგებ გვალვით შეიცვალოს ამინდი -

იშრომო და დააყუჩო შფოთი.


წისქვილი გსურს თუ პატარა სენაკი,

სად იშოვო ხელსაწყონი მჭრელი?

რომ გათალო სარეკელა ეშმაკი,

უნდა მოჭრა შენ ჭადარი ჭრელი.


უკვდავების წყლით დასძარი წისქვილი,

შიგ ოცნება აშრიალდეს კალმით.

ფიქრი, ფიქრი გაიშალოს ნისლივით

და წამოდგეს ღულარჭნილი კვამლი.


წისქვილის ქვა ხმაურობდეს მხარეში,

გაუქრობლად შიგ სანთელი ენთოს.

უცხო მგზავრი თუ დაიბნა ღამეში -

შეხედოს და დოლაბის შუქს ენდოს.


ყინწვისივით მოიხატოს კედელი,

შთაგონებით აშრიალდნენ ხმები,

სუფთა წყალში გაჩნდეს თევზი მეტყველი

და ოცნებას გამოესხას ფრთები.


მეც მიგიხვდი, რად გინდოდა წისქვილი,

ურმის მღერა და მდინარის ფონი.

ფიფქი, ფიფქი თმაში გქონდა ნისლივით

და ქართლის მთას გაგონებდა მგონი.


გვალვაშიაც იმღერებდა დოლაბი,

მოქაქანე ქვას დაღლიდა ქერი!

მოვიდოდა შეჯავშნული ფოლადით

ნათლული და მეგობარი ბევრი.


გაგართობდა დაკოდილი ბორბალი

და წისქვილი გახდებოდა კლუბიც.

თუ ქართლიდან მოვიდოდა ხორბალი -

არ დაფქვავდი, გაათბობდი უბით.

 

მეწისქვილე

 

"ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,

ფქვილს, ამ წისქვილზედ დაფქულსა”...

 

თვალს დაგაკლდა, რული გაკლდა, დავით,

მომტირალი ძეწნა იყავ კენტი.

წყლის ხმაური გაიგონე ღამით

და წისქვილი წარმომიდგა ერთი.


დააყურე ურმის რონინს თითქო,

გზად უსაპნოდ ჭრიალებდა ღერძი.

მთვარის შუქზე ბრჭყვიალებდა ხვითო

და ტიროდნენ ტირიფები ბერწი.


სივალალე თუ მსუბუქი ფიფქი

გადაჰკვროდა საქართველოს ხორბალს.

სარეკელას აყოლილი ფიქრი

ცრემლში გალხვა და პურივით მოლბა.


მოიგონე არაგვი და ყრმობა,

კლუბი გახსენ თუ საფეხვნო სრული!

ჭრაქი ენთო თუ ნამდვილი გრძნობა,

ქვა ჰქროდა თუ ტრიალებდა გული!


ბედი იყო თუ წისქვილის თვალი,

ადგილზე რომ ციბრუტივით თრთოდა.

ილეოდა შენი ფიქრი, მკრთალი,

და წისქვილი კიდევ საფქვავს გთხოვდა.


იოანე დამასკელის ლექსი

გითუთქავდა წამწამების კიდეს.

მდინარეში შენ გაიდგი ფესვი

და წისქვილში წმინდანივით იდექ.


წისქვილში ზის ჩვენი მიწის მხვნელი,

მოგონებაც დატოვებულ ქართლის.

წისქვილში ხომ სამყაროა მთელი

და აჩრდილი მოპარპალე სანთლის.


მოგონებას გააცოცხლებ ბნელში,

დააყურებ მოხმაურე სოროს,

და წისქვილის გამოუცნობ ხვრელში,

თაგვის მსგავსი, საიდუმლო ცხოვრობს.


ობობასაც გაუბლანდავს ქსელი -

შენი ტანჯვის და ცხოვრების რუკა.

ერთი დოქი წყალი დგას და ბნელი,

თაგვებს მიაქვთ შენი ლექსის ლუკმა.


გადახსენი, გააცოცხლე წიგნი,

მარცვლეული დააწვეთე ფიქალს.

ცხელი ლექსი დააჩრდილე შიგნით,

შეჩვეული ქარიშხალს და გრიგალს.


წყალის ჩქამი გაიგონე, მკვეთრი,

წისქვილის ქვამ დაგიკარგა რული.

ქართლის ჭირის მემინდე ხარ ერთი

და ბინდში ჩანს საქართველოს წყლული.

 

ცხოვრება წისქვილში

 

ღამდება, ღუღუნებს წისქვილი მწედ,

ტრიალებს ბორბალი,

შემოაქვთ ხორბალი.

ოცნება, ყოველთვის მხნე,

ედება ჭრილობას მტლედ.


ღუღუნი გაუბამს მდინარეს, ნაგუბარს,

თაგვებსაც დაღუპავს ხმაური სოროში.

წისქვილში სათუთად გამართულ საუბარს

ეს ტალღა ჩაიტანს მდინარის ბოლოში.


ღიღინებს მეცხვარე, ზოზინებს კამეჩი,

სიმღერა მოჰყვება მდინარეს ღამეში.

ჭრიალი ურმების, ურმულის კიაფი -

წისქვილიც ღუღუნებს და ხორბლის ხვავია.

ხსოვნაში ხმაურობს მტკვარი თუ ლიახვი,

წისქვილში ფიქრები იოლად ჰყვავიან.


შემოდის ქაცვია,

ცხვრის ქურქი აცვია.

თაგვების საყუდარს

კენჭებით დახუთავს,

ფარეხის სურნელი დარჩება გარეშე,

შემოაქვს მებადურს გაშლილი ფაცერი

და ჭრაქით დასერილ წისქვილის ღამეში

ლანდები დადიან, კედელზე ნაწერი.


ნამცხვარი, ხორბალი, ქატო და მუხუდო,

ჯებირთან ძაღლი ჰყეფს დინჯი და უკუდო.

იწყება სერობა, შენ ზიხარ მწუხარი,

ქაღალდზე გადავა მდინარე მქუხარი.

აგდია კომბალი,

ჭრიალებს ბორბალი.

წისქვილში, გრილოში,

ანთებულ სტრიქონში

ხმაურობს მდინარე, მოსული მწედ.

შენ ზიხარ წისქვილში, ზიხარ და წერ.


კალამი გაკვესე,

გაწვრთნილი ჭრილობით.

ლოცვანი დაკეცე.

ახლა კი მშვიდობით!

ოცნებავ, დოლაბის სიცოცხლით აენთე,

წისქვილო, მისმინე, ჩემს კალამს დაენდე!

გაყუჩდით, ლოცვებო, სიმღერა მომინდა.

ურმების ჭრიალით ცხოვრება მოვიდა.


ხმაურობს იგი და შრიალით გადადის,

კერასთან ჩაღდება სიცოცხლე ქაღალდის,

რომელიც დაიწყებს მყობადში ღაღადისს

და აღარ მოკვდება, იცოცხლებს მარადის.

 

საბას აჩრდილის წისქვილში შემოსვლა

 

"სიჭაბუკისა ყვავილი დამიჭკნო ჟამთა დენამა,

ნდობა მომაკლო, დამიგდო, სასაპყროთ გულის რბენამა.”

საბა ორბელიანი

 

ზამთრის მარაგი შეჰქმენ არაკი,

წისქვილით მოსულ მთესველს გაანდე,

თითქო ჭალაქით ჰქუხდა არაგვი,

შეშა დააპე, ცეცხლი დაანთე.


წისქვილს წყალობდი უკვდავ წყაროთი,

მთლად მოიქსელა კოდის კიდური.

თითქო წყალივით ჭიდან ამოდი

და გააცოცხლე ქვა გარინდული.


სიბრძნე სიცრუის იგრძენ დოლაბთან,

თვალი წისქვილის იყო დაჭრილი,

და მოგონებამ თოვლში მოლანდა,

მოსკოვს გაშლილი, საბას აჩრდილი.


ეპყრა ძნებივით სიტყვა ქართული,

სავსე თავთავი, კალმით ნართავი,

იყო არაკთა თხრობით გართული,

ზღვაში ნათლული, კაცი მართალი.


სიტყვა ეპყრა თუ ხორბლის მარაგი!

მომქუხარდება გულში არაგვი.

თოვლში წამოდგა, კალთაგაშლილი

საბაოფივით საბას აჩრდილი.


შემოგანათა თვალნი დიდრონი,

სიბრძნით აივსო გული კოკორი.

არ დაუგდია სიტყვა ლიტონი,

რა მიმოხვრა და ოხვრა როგორი!


მდინარედ კმარა ცრემლი Aნკარა,

რაც მგზავრობაში საბამ დაღვარა.

შინ აღაბრუნოს დოლაბი ჩქარა,

წიგნით გიჩრდილოს გული თაკარა.


მართლა იგავად წამოიმართა

წყლულის სამთელი შენი სანთელი.

მან შეგაერთა მშობლიურ ხალხთან

და შენ ამღერდი, როგორც შავთელი.


შენმა სანთელმა თვალი დაღარა,

უკვე განვლილი გზა გაანათა,

არაკს შემოჰყვა საბას ჭაღარა

და შენს წისქვილში მოიკალათა.

 

საბა, კრემლი და გორის ციხე

 

ობლად მჯდარი მეწისქვილე,

გართულიყავ „ქართლის ჭირით“,

სწერდი, გლოვა მოისმინე,

წიგნი ჰქონდა გადაშლილი.


გადიკითხე ომი გორთან:

თურქს ეკვეთა ჩვენი ჯარი.

ბრძოლის ცეცხლში მოგაგონდა

ქართლის დიდი მწიგნობარი.


ღამით თვალი დაისერე,

დაჯექ, წერე ქართლის ჭირი.

თურქის მთვარე გაიხსენე,

ქართული ხმლით გადაჭრილი.


შენ აღწერე ბრძოლა გორთან,

თვითონ იყავ მონაწილე.

თითქო ომი განმეორდა

და გულს ჟანგი მოაცილე.


მაშინ ბრძოლით გახველ ტყეში

მტრის ნახმლევი შერჩა კაბა,

მიილტვოდა მწვანე ხევში,

ღრუბელივით თეთრი საბა.


ჟამი როგორ აუმტუტდა,

რა გზა ერგო, რა ტრამალი.

გვალვამ თვალი დაუთუთქა,

ცვარი დაშრა ნატამალი!


ზღვა, ხმელეთი გადალახა,

ქართლის ბედი დაებუდა.

ვერსად შველა ვერ მონახა,

მერმე კრემლთან დაეყუდა.


წიგნი ეპყრა სასოებად,

ვით ტაძარი ეპყრა ტამარს

ქართულ სიტყვას აგროვებდა

და ემთხვიე ბრძენის ქამარს.


ორი მწირი იოანე,

სად ეძებდით საქართველოს!

პეშვით წყარო მოუტანეთ

უცხოეთში ქართულ მდელოს.


საბას სიბრძნემ ქვაც დაალბო,

გააცოცხლა მშრალზე ფიქრი.

თვალი მისცა შენს ნაამბობს

და საუნჯე გახდა წიგნი.


ორმა მწირმა იოანემ,

სძლიეთ ბედი სატიალე.

თქვენ ღელავთ თუ ოკეანე

თუ შრიალებს მატიანე?


განვლო ჟამმა, დარჩით მარტოდ,

თმა ქარიშხლით მოგლეწვია

"ქართლის ჭირის" წერა გართობს

შენც სიბერე მოგეწია.


სულის თოკი სანთლად გრიხე,

გვალვით გული მოიწალა,

ხმალი დაგრჩა გორიცხეს,

საბა კრემლთან მიიცვალა.


დელგმას ელი დასიცხული

მოფსალმუნეთ ნატრობ არაგვს,

მშობელ მიწით გარიცხული,

სწერ, კითხულობ ქართულ არაკს.


კოკის დარად დაშრა ბედი,

ღადარივით ფეთქავს რიყე,

მაგრამ ფიქრში, ანასვეტი,

სჩანს კრემლი და გორისციხე.

 

ბუნების სარწყავი

 

ქართლის ხევში ბიბინებდა ბალახი,

არაგვს მაღლით მოწყდებოდა კალმახი.

უკრაინის მდინარე-კი მდორეა,

გვალვაა და რა დაარხევს ბორიოს,

როგორ ჰპოვო წამალი!


დააწყნარო მოვარვარე მლაშობი.

ააფეთქო თესლი მიწის ნაშობი.

ვარჯოვანი ხე აყვავდეს წყაროთი,

არ იწვალოს, როგორც თვითონ წვალობდი.

ცას უხმობდეს მამალი.

მოუტანო მიწას წყალი სარწყავი,

არ დაფუშოს სიცხემ ვარდი, საწყალი.


აზუზუნდეს ფუტკარის სკა გარშემო,

შთაგონებით ღორთქო ბაღი აშენო,

შემომქმედი გაკურთხონ,

საჭოროფოდ გასჭერ არხი მაღალი,

ჯეჯილებმა იწყონ მწვანე ღაღანი,

აღარ მოხდეს გვალვით მიწა მშობელი,

ტოროლებმა გააღვიძონ სოფელი,

იგალობოს საწუთრომ.


წამოჩინდეს რტო, გვალვას რომ გაეხმო,

შენც მდაბიო მშვენებაში დაემხო.

საკრავივით მოდრეკილმა ილოცო,

მხოლოდ მიწის სურნელებით იცოცხლო,

ფრთას გიქნევდეს თუღუნი.


გააჩაღოს არხმა მწვანე ხანძარი.

აგუგუნო კვლავ ბუნების ტაძარი.

ან გახვიდე, პურის ყანას დახედო,

და მლოცველმა სიბერეშიც გაბედო

სამიჯნურო ღუღუნი.

 

აღმზრდელი ძიძის გახსენება

 

გეჩვენება წისქვილის წინ

ძიძაშენი, წაბლისფერი თმებით,

ეზო, კრუხი და წიწილი,

შენ დარბიხარ და გხიბლავენ მთები.


ძუის მახეს პურში აგებ,

მზის ელფერი გადაჰკვრია ძიძას.

შეუღებავს მარწყვით ბაგე

და ფრთებივით შიგ ზაფრანებს ჰკინძავს.


გაგონდება მისი ეშხი,

ვერხვები და მოცახცახე რტონი,

ნუთუ ჩაწვა სამარეში?

სად მიფრენენ, სად გარბიან დრონი!


მწუხრზე გლეხი აღებს ფარეხს.

საძოვრიდან ბრუნდებიან ცხვრები.

ერკემალი ზარას დარეკს,

შესთამაშებ და ბატკნებით ტკბები.


უბიწოა თეთრი კრავი,

შენი ძუძუს მოზიარის ტოლი,

ჰგავს დობილს თუ ყვავილს..

სად გარბიან, სად მიფრენენ დრონი?!


ძიძაშენი ძროხას წველის.

ხბოს აკავებ, არ დასცალოს ცური.

დობილს დოქით მოაქვს წყალი

და მამობილს - მახობელა პური.


შორს ატყდება ძაღლის ყეფა,

ტაბლაზე დევს ხმიადი და ყველი.

ძიძა ზღაპარს მოგიყვება,

და ძილნარის მთიდან მოსვლას ელი.


ამგვარია ქართლის მიწა,

ოფლი სცხია, თუ სპეტაკი ზეთი.

მასაც ჰყავდა თურმე ძიძა,

ღვთისმშობელი თუ ქალწული მცხეთის.


შენ კი გხიბლავს გლეხის სახლი..

კვამლის რხევა და მდინარის ფონი.

ჰყეფს ჭიშკართან ჭრელი ძაღლი..

სად მიფრენენ, სად გარბიან დრონი?!

 

იჭვი და გალობა

 

"ორმოს ჩამაგდო სოფელმან”.

თეიმურაზ პირველი

 

დაბერდი, ქრება თვალის კაკალი,

თითქო ცხოვრების ჭაში ჩაეშვი.

ისევ დასტოვე ყანა სამკალი,

და სიჭაბუკე დაგრჩა ჰაერში.


რქვი: ეს ცხოვრება ბნელი წყალია,

შევსვი მცირე და ქართლზე ვილოცე.

თვითონ უფალიც მხოლოდ კვამლია,

იჭვო, წყეულო, შენ რომ მიბოძე.


ვარსკვლავს წაბაძავს კენჭი რიყეზე.

მე ვის მივბაძო, მაღლა ვინ არი?

მშობელ კუთხიდან ცრემლი ვისესხე,

შიგ დამენახა ჩემი ცისკარი...


ქალწულო, ტერფის მტვერი გიკოცნე,

ქართლის თივაში მქონდა ლოგინი.

ვიწვი, გაკოცო, კალთა მიბოძე,

გემთხვიო, თორემ მომკლავს ლოდინი.


სიბერე მოდის, როგორც სირცხვილი,

თუმცა სიყრმისთვის ბევრჯერ ვილოცე.

მოწყურებული ჩემი წისქვილი

მოგონებაა საქართველოზე.


ჩახვეულია წმინდა ნაწერში

ვაზზე ასხმული თმები ასულის.

არის სიმართლე კერის ნაცარში,

დანარჩენია კვამლი წარსულის.


იჭვი იელვებს ჟამად-ჟამითი,

მერმე მწიფდება, ებრძვის დავითი:


სასუფეველი მარგე, უფალო.

მწირი ვარ შენი, მწირი უბრალო.

ბევრი ვიტანჯე, ბევრი ვიწვალე

და მხოლოდ შენი სიბრძნე ვიწამე,


მაგრამ შენ თოკი თუ არ მიბოძე,

რით ამოვზიდო ჭიდან სიცოცხლე!

მე შემომხედე, თვალი მომაპყარ.

გამაგებინე ვისი მონა ვარ?

 

ფიქრი სარწყავზე

 

ცალი თვალით ბრმავდებოდი,

შემორაგვე ხელნაწერი მუყაოთი,

სათევზაოდ ვეღარ რბოდი,

შინ იყავ და დოლაბივით მუშაობდი.


შექმენ არხის ნახაზები,

ფულს ეძებდი, გარდაგექმნა წისქვილები.

არ გალობდნენ ლამაზები

და მუხებმა ვერ დაჩრდილეს გზისპირები.


შენ განზრახვას გაანაღდებ,

ყანებს მორწყავ და გახდები ბედნიერი,

მხარე გაძღეს და გალაღდეს

და გამრავლდეს წყალში თევზი გემრიელი.


ვერ დაჩაგროს გვალვამ ყანა,

მდელოს შერჩეს სიმწვანე და სისალუქე,

და გინდოდა შეგეყვანა

ბუნებაში ვარჯოვანი სიჭაბუკე.


სად დაბერდი ქართლის გედი,

არ იკმარე მგოსნის ბედი სასახელო.

მდინარის წყალს ამაღლებდი,

რომ ხოროლთან შეგხვედროდა საქართველო.


შენ წამალი გიპოვია,

მხვნელს და მთესველს შეღავათი მიანიჭე.

ეგეც შენი სტრიქონია,

არხი მიგყავს და ყანებში მიაბიჯებ.


მოინდომე შველა სოფლის,

რუკა გეპყრა და ნაქარგი ხელსახოცი.

მოიწმინდე სიმწრის ოფლი,

დაასრულე მართლაც საქმე მოსალოცი.


ნახაზს ვერვინ დაგიწუნებს,

ოცი თუმნის მიღება კი დახანდება.

შენ სარწყავთან ნახავ წნორებს

და სიცოცხლის სათავესთან დაღამდება.

 

ქართული სიმღერა

 

ვაშლის ჩეროში დაჯდა დავითი,

კობზას მოჰხვია მზრუნველი ხელი.

იდგა ცხელი და მყუდრო ამინდი,

არსით იძროდა ნიავი ნელი.


ოთხმოც წელს იყო ის მიღწეული,

წელში მოხრილი სიბერის ნიშნად,

მაგრამ ეს გული, გული გრძნეული

ვერ დაიურვა სიკვდილის შიშმა.


მზეს დანამული ეზო აეშრო,

ჰანგს დაეძებდა მოხუცის ლარი,

მომღერალს ხსოვნა როგორ დაეხშო,

ვერ გაიხსენა პირველი პწკარი.


კობზას გეშავდა ქართულ კილოზე,

არ შუშდებოდა სამშობლოს წყლული.

კატას უცქერდა გაშლილ ჭილობზე

და ვერ დაედო ლარისთვის წუნი.


უეცრად დავითს მოესმა გზიდან

შორით მღერალი ქართული ხმები.

ნუთუ განგება მის სმენას სცდიდა,

და შრიალებდა მეზობლის ძნები!


არა, მამულის გალობის მადლი

ახლოვდებოდა თანდათან შორით.

სმენას იპყრობდა სიმღერა ქართლის,

მთაგრეხილის თუ ჩანჩქერის სწორი.


სიზმარია თუ ნამდვილი ხმები?

მოხუცი ჩრდილში გაოცდა მეტად.

ნუთუ დაიძრნენ ქართული მთები,

გზაზე ქართულად ვინ მღერის ნეტავ?


ხმა ააყოლა დავითმა თვითონ,

დგება, ჭიშკრისკენ მიჰყვება ჩრდილი.

აქ საქართველო მოსულა თითქო,

მოინახულოს მოხუცი შვილი.


ხედავს, დარახტულ წითურ ცხენებით

ქართველთა ჯგუფი მოფრინავს მტვერში,

მოაქვთ სიმღერა მხედრულ ჭენებით,

მოაქვთ სიყრმის და სამშობლოს ეშხი.


ხმა შეაგება მოხუცმა მგზავრებს,

მხედრები მღერით მოადგნენ დავითს.

შინ საქართველო შემოდის აგრე

და ვაშლის ხეზე მაისი ჰყვავის.

 

სტუმრები

 

მხედრების ხილვით განცვიფრდა იგი,

ქართლიდან მოსულ მეზობლებს უმზერს.

ყაჭის ძაფივით ამორთო ფიქრი.

როგორ მოუსწრეს ცხოვრების მწუხრზე!


მიუალერსეს მხედრებმა დავითს,

მიისწრაფიან კრემენჩუკს თურმე,

შემოუხვიეს მოხუცთან წამით,

შემოაქროლეს თორმეტი ჰუნე.


ერეკლეს ძეა უფროსი მათი,

ქვეყნის გმირია ვაჟი მირიან.

გრძელი გზა განვლო დავითმა ქართლით,

ახლაც მხედრები იმ გზით მიდიან.


ისევ ეძებენ შორეულ მოძმეს,

რამეთუ მამულს უშველონ მერმის -

ქართლი, მრავალი ვარამის მოწმე,

კვლავ ჩრდილოეთელ მეგობარს ელის.


თვალები ცრემლით ევსება დავითს,

ცოლს ეძახის და არ იცის, რა ქნას!

უნდა დასტოვოს სტუმრები ღამით,

დარბის, ამზადებს სამეფო ვახშამს.


ვაშლზე ეშვება ნიავი მწუხრის,

მასპინძელს ორგზის ექცევა მხარი,

მოაგონდება რტოები მუხის

და მუხის ჩრდილში უმწეო ხმალი.

 

სტუმრების განშორება

 

"ეს წიგნი ქართლ-კახეთის მეპატრონის მე-

ფის ირაკლის ძისი, მირიანისთვის მიმირთმევია".

 

ადრე ადგა ქართველთ ჯგუფი,

განეშორა დავითს ადრე.

სტუმრებს გაჰყვა ეშხი სუფრის

და სერობა მორჩა აგრე.


სიმღერის ხმა მიიწურა,

მიწყდა, როგორც დილის თქორი.

გამოცალე გულის სურა

უძირო და წიგნის ტოლი.


სამოცი წლის შემდეგ ღამით

საქართველომ გნახა წამით,

მოგაგონა ქართლის ნამი

და აჩრდილი მამაც მამის.


ხელნაწერი გაატანე,

ჩააბარე გრძნობის ხვავი.

ღამე მათთან გაათენე,

ფიქრის ლუკმა გაუყავი.


მიწყდა თითქო ჟღერა დეზის,

მღერაც მიწყდა გამთენია.

გზაზე ცხენის ნალის კვესი

შენი კვალის ნათელია.


შენი წიგნი სად მიფრინავს,

სად იშლება წიგნის ფრთები.

თუ იშოვის ქართლში ბინას,

სად დახვდება ქართლის მთები?


რჯულმდებელის უხმობ აჩრდილს,

მისი ხმები შენ ისმინე,

დღეს სხვა მიჰქრის და შენ დარჩი,

მელექსე და მეწისქვილე.


მობრუნდი და ცოლი წყრება.

სასთუმალთან მთები დგანან,

ეს სიცოცხლე ლექს მიჰყვება

და გვალვაში წივის ყანა.

 

წყლის ამაღლება

 

"...მალმალ ცდების მოურწყაობით მო-

სავალი, ამის წამალი ეს პირველი ნუმე-

რის ახალი ნეშტის მაგალითი წყლის ასა-

მაღლებელი მოხაზულობით მიჩვენებია".

 

წიგნზე ზრუნვა რას გეყოფა,

სიცხე დადგა, ჭები დაშრა ჭალებში.

გვალვამ ყანის გზა შეღობა

და ტოროლაც ვერ წკრიალებს ჰაერში.


ვერ აგანთებს სიტყვის კვესი,

გვალვის გამო როცა ცდება მიწები.

ქართლში წავა შენი ლექსი,

შენ დარჩები და ხოროლთან მიწვები.


მიწა ცდება გვალვის გამო,

წუთით გამო, წიგნის კარი მიკეტე.

გვალვის გამო გარეთ გამო

და დათესე მირგოროდთან სიკეთე.


ბავშვი ტირის, ძროხა ბღავის,

ჩამოფუშა სიცხემ ვარდი საწყალი.

გადახდე მინდვრის ყვავილს,

გადასწყვიტე, მოაშველო სარწყავი.


გუშინ გწვავდა სიტყვის ალვა,

დღეს მშენებლად მოევლინე მიდამოს.

დაამარცხო გინდა გვალვა

და ბუნებამ შენი მადლი იწამოს.


გამარჯვება თავზე იდე.

საძოვარი ნახირს ჰქონდეს ფაფუკი.

მოსულ გვალვას დაეჭიდე

უდრეკი და ოთხმოცი წლის ჭაბუკი.


შენ შრომობდი და ოფლს ღვრიდი,

გაგიწითლდა თვალი, როგორც უნაბი.

მდინარეზე გასდე ხიდი

და ცალთვალა დოლაბივით ბრუნავდი.


მეჩვენება, გაგყვა ხალხი,

მუშახელი ბარებით და ნიჩბებით.

ნახაზიდან დგება არხი

და ბუნების ცხრაკლიტულში იჭრებით.


წყლის სარწყავი უკრავს ებანს.

მოაშორე ჯეჯილს გვალვის უღელი,

და იმ ყანის უკვდავებას

მე შევყურებ და იორთან ვუმღერი.

 

ბუნების საგალობელი

 

"ღმერთო, მაჩვენე ყანები

ამ სარწყავთ მონაყვანები".

 

სად იშოვე მუშახელი,

ან საჭირო სარწყავისთვის თანხები!

გუშინ იყავ ლექსის მთქმელი,

დღეს შრომაში მარილივით გალღვები.


ვერ მიხვდება მირიანი,

როგორ დასდე მოგვალულზე წამალი.

შრომობ სულით ჟინიანი

და განკურნე დახეთქილი ტრამალი.


ფულს ელი და არ გზავნიან.

მომართული დგახარ, როგორც ჩახმახი.

ვერ მოგიტანს გვალვა ზიანს

და სარწყავში ხტის არაგვის კალმახი.


ბარათს არვინ არ პასუხობს,

ვაი, წიგნიც თუ დაკარგა მეფის ძემ,

მზესუმზირას მზეზე უხმობ

და ხორბლისთვის ძმობა ხოროლს შეჰფიცე.


წყლის სარწყავი მოიგონე,

გადუშალე ხალხს სპეტაკი ნაშრომი.

მოძმეს მიეც შენი ღონე,

მოაშუშე დათუთქული მლაშობი.


მდინარიდან ასწი წყალი,

საკრავივით მოდრეკილმა ილოცე,

სკის ზუზუნი ჩაგწვდა წყნარი

და ჯეჯილში გამოფხიზლდა სიცოცხლე.


გახდი გამომგონებელი,

წამოჩიტდა რტო, გვალვას რომ გაეხმო.

მოლექსე და მშენებელი

შენ ბუნების მშვენებაში დაემხვე.


მღერა ცვლიდა მიწის კვნესას,

სძლიე ბედი ჭირ-ვარამში ნადუღი,

შენ ხოროლთან ფეტვი თესე

და ამოდის ქართლში წმინდა თავთუხი.


ამაღლდი და გახდი ლაღი,

მეგობრებმა უნდა რთველში გაკურთხონ.

შინ შრიალებს ლურჯი არხი

და გადმოგცა უკვდავება საწუთრომ.

 

დავით გურამიშვილის გაბაასება სიკვდილთან

 

მოდი, სიკვდილო, მაპკურე სიო

და გამიგრილე სხეული თიხის.

ეგებ სექტემბერს ვერ მივაღწიო,

ვეღარ განვჭვრიტო კამკამი ჭიქის.


ცხოვრების გვალვამ გული განლია,

ამომშრალ ტანში ღუღუნებს ქარი.

გულში ქარია, სულში ქარია,

და ვინ შემასვას ანკარა წყალი?


ვაი, სოფელო, ყრუ და მგმობელო,

შენ რა მარგუნე, რა გითხრა კიდევ,

ახლა მტვერი ხარ, ჩემო მშობელო,

მე ცოდვილი ვარ და განმერიდე.


მოდი, სიკვდილო და გამალურჯე,

გვალვიან დღეებს რომ გადავურჩე.

თვალი ფსალმუნში მე შემეყინა,

წიგნის ფურცლებში გაყვითლდა თითი,

ზე ამართული ხელი მეტკინა

და ამიკვამლდა თვალები კითხვით.


მოდი, სიკვდილო, მომბერე სიო,

ყურძნის კრეფამდის მსურს მივაღწიო, 

მაგრამ გზად მავალ, ცოდვილმა სულმა

ვის ჩავაბარო გული პატარა,

ვინ მოისმინოს გამვლელის ურვა,

ვის დაესხუროს ჩემი ჭაღარა!


ვის დავუტოვო ობლები ჩემი,

ტანთჩაუცმელი ვის ჩავაბარო?

ობლები ჩემი, მცირე და მრწემი,

სოფელში როგორ ჩამოვატარო!


ვაი, სოფელო, ყრუ და მხმობელო,

გამახუნე და ფერფლი მარგუნე,

ქარით ამავსე, ჩემო მგმობელო,

და აღუღუნე ჩემი საგულე.

 

მეორე გაბაასება სიკვდილთან

 

რას ჩამაცივდა სიკვდილი, ნეტა! -

დავითი მღერის საამურ დილით.

წუხელი ჯანზე ვიყავი ბედად,

შევაშინე და გაბრუნდა წბილი.


რატომ მაჩქარებს, ან რატომ მელის!

ველზე მოთიბოს ბალახი მწვანე.

ჯერ კოინდარზე გასინჯოს ცელი,

მერმე მოცელოს ჭინჭარი მწვავე.


სიკვდილო, განვედ, ნუ მართმევ სითბოს

მომეც, გავსინჯო ლაპლაპა ცელი.

დავხედავ ცელს და სარკეში თითქო

აღიბეჭდება ხატება ჩემი.


და სიკვდილს ვეტყვი: თივით იცოხნე

ცელზეც კიაფობს ჩემი სიცოცხლე,

არ დამლევია სიცოცხლის ძალი,

არ დამიშრიტო ცხოვრების წყალი.


მე ყველგან შევძლებ ცხოვრებას, მწირი

ვეწვევი ქსანს და გაყუმულ ხოროლს.

ნუ მომაცდინე, დამეხსენ გზირი,

რად დაიჯაბნე დავითი მხოლოდ.


თიხით გონებას ვინ მოძერწავდა,

და თუ მოძერწეს, დასჭირდათ შრომა,

მეც ბუნებაში ცეცხლივით მწვავდა

დაუშრეტელი წყურვილის გრძნობა.


სარწყავის შექმნა თუ შემიძლია,

ნუღარ წამართმევ დუღილის უნარს,

გვალვაში ლექსი თუ შემიწმნია,

ნუღარ მომაწვდი ცარიელ სურას.


უთქმელი დამრჩა მრავალი ფიქრი,

როს დავასრულო, მობრძანდი მაშინ.

გადამატარე ცხოვრების იქით,

ხელთ ამიტაცე ჭაღარა ბავშვი.


ჯიბით წავიღებ საყანე მარცვალს,

წამიღე, როცა დაცლუნგდეს აზრი.

აკვანში ჩამსვი მე, კუბოს ნაცვლად,

და იავნანა მიმღერე ნაზი.


ჩემი ჩატევა აკვანში სცადეთ,

კუბოს მაგიერ აკვანში ვიყო,

რომ დასასრული დასაწყისს ჰგავდეს,

სიკვდილის შემდეგ არ გავირიყო.


და იავნანა, აკვანთან თქმული,

განვლილ ცხოვრებას შეიტკბობს აგრე.

ეგებ დავძლიო სიკვდილი კრული,

აკვნიდან მღერით მეორედ აღვდგე.

 

უცნაური სურვილი

 

ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,

უნდა ვიცოდე სახება მისი,

ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო

და თავწაკრული სამშობლოს ნისლით,


სიტურფით ჰგავდეს პატარძალს, მინდა,

ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც.

ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმა

და, თიბვის ნაცვლად, ჩუქურთმას სჭრიდეს.


ფრთა მომიქსოვოს გარანდულ ჩხირით,

გადამაფაროს ლამაზი ფრთები.

გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილი

და ცაზე კვალი, მდინარის მჩენი.


მარტოდ თუ მოვა, ლამაზი იყოს,

ვით ქალის თმებით შემკული ვაზი.

მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს,

შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.


წაიღოს ჩემი სიცოცხლის ჩრდილი,

წალკოტში დამრგოს გამრჯე მკლავებით.

და მაშრიალოს მწუხრზე და დილით

ფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით.

 

მკლავი ცოცხალი

 


ვბრმავდები, მაგრამ მარჯვენა მძლავრი,

წისქვილს ხატავს და მაშვრალის ფიწალს,

მე მოვკვდე, მხოლოდ არ მოკვდეს მკლავი,

არ მიებაროს ჟანგიან მიწას.


სიკვდილმა ხელი მომსხეპოს ცელით,

არსად დამმარხონ, გაათბონ ცალი.

მე თუ მიმიზღონ სამარე ბნელი,

მარჯვენას არგონ ცხოველი წყალი.


როგორც ტაძარზე მიკრული მკლავი,

ჩემს ხელნაწერზე დარჩეს მარჯვენა,

რომ თქვან: აანთო ხელმა ვარსკვლავი

და უჩვეულო შფოთვა გვაჩვენა.


არ გამიუქმოთ მარჯვენა თბილი,

სიცოცხლეშივე მომკვეთეთ ცელით.

მე მხარზე შემრჩეს სამკლავე ჩრდილი

და ტკივილები, გალობის მგვრელი.


მხოლოდ ცოცხლობდეს თბილი მარჯვენა,

სტრიქონთან ერთად შთაბერე სული.

მანვე აღნიშნა ლექსის გაჩენა,

ფურცელს გადასცა მომღერლის თქმული.


საფლავი აკვნად თუ არ დაირწა,

მტლედ მიმიტანოს სამარის კართან,

თვით მომაყაროს კუბოზე მიწა

და დამაფაროს ოცნების კალთა.


ან ამიტაცოს ჭრაქი მცირედი,

ხუჭუჭა ღრუბლით შემიმკოს თავი.

ყველგან ის იყოს ჩემი იმედი,

ჯოხით გარეკოს ყრანტალა ყვავი.


მუჭით შეიპყრას ცხოვრების ქარი,

სითბო შთაბეროს დარჩენილ ნაწერს.

წიგნს უკვდავების გაუღოს კარი -

და ბეჭდის დარად ნაწერზე დარჩეს.

 

დავით გურამიშვილის
გაბაასება საწუთროსთან

 

არ დაელევა სათქმელი დავითს,

არ ეპუება საწუთროს ძალას.

როგორ დაუთმოს ცოცხალი თავი,

და ამეტყველებს პირუთვნელ კალამს:


ჩემო საწუთროვ, ყოფილხარ მრუდე,

ბევრჯერ მიმუხთლე, როცა დაგენდე.

შენ დამინგრიე პატარა ბუდე,

სული კი თიხის ტანში ჩაჰკეტე.


მე მატანტალე ხრიოკ მიწაზე,

შიშველი ტერფით ვეძიე მწვანე,

როგორ მიგენდე, როგორ გიწამე,

და სადაური სად წამიყვანე!


უკვე დავბერდი, მივენდო ვიღას?

ვიგრძენ,სიკვდილი სხეულს მიათრევს.

ის დამამსგავსებს გამომშრალ თიხას

და წამიკითხავს ეკლეზიასტეს.


მე კი უბრალოდ არ მსურს გაგშორდე,

როგორმე უცხოდ მომიწყე ბოლო.

თუგინდ მყინვარის თხემზე გამშოლტე,

არ დამანახო, სამარე მხოლოდ.


ან შემახვიე ღრუბელში სუფთად,

სიკვდილს მიმყიდე კრავივით წყნარი.

მატყლში ჩასტოვე მამულის სუნთქვა,

ყელზე დამკიდე წკრიალა ზარი.


რომ თქვენ: მევახშედ გახდა სიკვდილი,

ვალს ახდევინებს საწუთროს კრავით,

ვერ დაეწია ვერვეს სირბილით,

ვეღარ შეკრიბა წლიური ხვავი.


მე კი მომაბას ყელზე საბელი,

უკან გავყვები ჭაღარა კრავი -

მე უკვე მითქვამს ჩემი სათქმელი

და მსურს ღრუბელში მეგონოს თავი.


მე არ მივლია სოფელში უქმად,

თუმცა, საწუთროვ, სანთელს მიქრობდი.

თურმე ვყოფილვარ სიკვდილის ლუკმა

და უკვდავებას როგორ ვფიქრობდი!


მაგრამ დავტოვე ბალღი, ტანტალა,

ხმა ჩავუნერგე ფიქრივით წყნარი,

თუ სადმე შეგხვდეთ ჩემი პატარა,

დაალევინეთ მამულის წყალი.

 

სამშობლოში დაბრუნება

 

შენ დაგაბერა საწუთრომ

და უნაყოფოდ დაგშრიტა,

დაგაბერწა და გამწუხრა,

სანამ სიკვდილი დაგშლიდა.


შვილი არ მოგცა მომყოლი,

სანაცვლოდ წიგნი იშვილე,

თვითონ უწოდე ობოლი,

ვერ ჩაუნერგე სიმშვიდე.


წიგნი შეჰქმენი, აბარტყე.

ფრთები ქაღალდზე დაჰკარი.

გალობა გულით დაბადე,

ფურცლით ურწიე აკვანი.


აღიზარდა და გლოვისას

ზარით აქრობდა სინათლეს..

მან საიდუმლო მოისხა,

ფერი შემატა სიმართლეს.


იგი მღეროდა, იხარა,

თუმცა მხოლოდ შენ გესმოდა

ჩანჩქერად გადმოიღვარა

და ქართულ ფიქრით კვნესოდა.


სიმღერას შენვე ისმენდი,

ის იყო შენი მშველელი.

არვის არგუნე იმედი,

არვინ გხლებია მსმენელი.


ცეცხლს შეაბერდი, ამგვარად

თავს აბეზრებდით ურთიერთს.

შორს იყო მთები ჭაღარა,

და შორით ღამე უთიეთ.


დაჭკნობა ძეს არ აცალე,

არ მოგინუსხოს ღამემაც

ის სამშობლოში გაგზავნე

ირგუნოს მისი წამება.


თვალს გაკლდა, მაინც ჩასწერე,

ზედ მიახატე წისქვილიც.

გზად უკრაინას ამღერე,

ქართლში გაუშვი ნისლივით.


შენი შფოთვა და სიკვდილი

ჩამოსულ ძეს ხომ აჩნია,

შენი ტრამალზე სირბილი

და ნატერფალის არშია.


მართლა გყოლოდა ჭაბუკი,

ვერ მოგვითხრობდა ამგვარად,

როგორ გჩაგრავდა ქარბუქი,

და წვიმა გცემდა ჭაღარა.


როგორ არგუნე საგზალი,

გზა დაულოცე მარჩენალს,

არ დაიკარგა საწყალი

და შენი ღელვა გვაჩვენა.

 

უკანასკნელი დღე

 

ბარტყივით ჰკვება სიმღერა ნაზი,

შინ ფათურობდა, ვერაფრით გათბა,

სიკვდილი მართლა მოადგა კარზე,

მოაშრიალა წყვდიადი კალთა.


დავითს ეგონა დაეშვა ღამე,

ლოდს დაემგვანა ლოგინი თივის,

ალბათ იყივლებს მამალი მალე,

ამოჰყვებაო რიჟრაჟი ყივილს.


ცოლი მეზობლად გასული იყო,

ხმა ჩაუწყდა და ვერავინ იხმო.

მიხვდა: სიკვდილი მოსულა დილით,

და შინ გაშალა საფლავის ჩრდილი.


იგრძნო, სანთელი დაიწვა მისი,

კრიჭაშეკრული კვდებოდა სადღაც.

სულმა ინატრა ზედაზნის ნისლი,

წამოდგომა და გაქცევა სცადა.


მაგრამ ღრუბელი ჩამოწვა თვალში,

ვიწრო ოთახში უხმობდა ავდარს.

გარეთ ჰყვაოდა სამოთხის ვაშლი

და გარეთ ხორბალს დოლაბი ფქვავდა.

 

იგი კვდებოდა

 

გუმანი დაცხრა:

არ გამიცრუოს იმედი შვილმა,

გახუნების და სიმწვანის განცდა

თუ გადიტანა მყინვარის მიღმა!


სული იცხონეთ, მონათლეთ იგი,

ობლის წყაროში განვბანე, გლახამ

ნახოს მამულმა დავიტის წიგნი,

მოგონებები რომ შეუნახა.


უნდოდა ეთქვა: "ვაიმე, დედავ,

ღვთისმშობლის თვალში ცრემლია მწიფე.

კუბოს საფასი თუ მრჩება ნეტავ,

ქარით ივსება ფუღურო ჯიბე!"


უნდოდა ეთქვა: "გავიქცეთ ტყეში,

ხავსს მოვეჭიდოთ, დავკრიფოთ სოკო.

მცხეთაში რთველმა გამითბო პეშვი

და მირგოროდთან ვიშლები როგორ!”


მარადისობას მიუსწრო თითქმის,

შესძლო მღერა და ხეხილის გასხვლა,

მრავალი ფიქრი შეკონა რითმით

და დღეს უნდოდა ყანაში გასვლა.


მაგრამ გაქვავდა, როგორც ხის წებო.

დავითი მოკვდა, იგლოვეთ, ძმებო!

 

მინაწერი

 

"უკვდავებისა წყაროთი

მოგართმევ სავსე სურასა"

 

მწირი სახლი არ გადეწვა ლოცვას,

შენ მარადი შეგრჩენოდა აბედი,

მოსწრებოდი სერაფიტის მოსვლას,

ღვთისმშობელზე მეტად შეიყვარებდი.


წისქვილიდან დაგენახა სანთლით

გორის ბაღში ახლანდელი დარები.

ფარშავანგად დახატული ქართლი,

რას იტყოდი, როგორ გაიხარებდი!


მოგესმინა, რუსთაველი სად გალობს,

მოძმე ხალხთა სიყვარულის მარაგი

რუსი მოძმე ადგებოდა კალოდ,

და წისქვილში იჩქამებდა არაგვი.


დაგენახა მზე ზედაზნის თხემით,

ვით მეზობლებს, შემოკრებდი სტრიქონებს

და ეტყოდი: მოიწმინდეთ ცრემლი,

ჩვენ მამული სიყვარულით გვიგონებს.


უკვდავების წყაროს გვასმევს ხალხი,

პური წყალში ჩააწეთ და დამლოცეთ.

ან მოწყვიტეთ მწიფე ხილი ბაღის,

მარცვლეული ანიავეთ კალოზე.


რუსეთის და უკრაინის გული

გახდა ჩვენი განუყრელი ძმობილი

მაშ, გავტეხოთ მეგობრულად პური

კერის ცეცხლით, საგულეში შობილი.


ან არაგვთან დავიჩრდილოთ ადრე

კალმახები ეჯახება კაშხალს,

ღმერთს აუგი გულმოსულად ჰკადრე

და კურთხევა გადაეცი მაშვრალს.


გალობაში ვერ ჩავატევ ამბავს

რა დავხატო, ან მოგითხრო რომელი?

სერაფიტი ნისლიან თვალს ნაბავს

და ვერა რქვა: ამაოა სოფელი!


შენც ვერ იტყვი: ვახ, სოფელო მრუდევ!

თუმცა გვალვით დათუთქული წვალობდი.

წამოდექი, ნახე შენი ბუდე

და განგვბანე უკვდავების წყაროთი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ