უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს
შხივის ვარსკვლავი ბეთლეჰემის იისფერ ცაზე - - ცოდვის ამხსნელი, ადამის ძის ცოდვის გამშვები!.. ...მოდის ურემი, თოვლისფერი შროშნებით სავსე, და ხილის ხონჩით მგალობელი გუნდი ბავშვების... გადაბიბინდა სანთლის სხივით მთელი ქალაქი: - - სარკმელი სარკმელს შესციცინებს - ყრმა იბადება!.. ...ხარ შეწირული შენს სამშობლოს როგორც ზვარაკი! - ქართველთ ნათელო, შენღა შერჩი მამულს თავდებად!.. იქნებ შემორჩა სულის ლუსკუმს სმარაგდის წვეთი, რომ გადმოვწერო საკადრისი, შენი, სტრიქონი! - მოდგმავ დავითის, არაერთხელ აღმდგარო მკვდრეთით, აღიხვენ თვალნი, კვლავ იხილე იერიქონი!.. არა, არ იშლის უხამსობას მიწყივ, რეგვენი, - ხორცსაც და სულსაც "სამარყანდის" ყაიდით მორთავს!.. შთამომავლობის გადარჩენა თუ ვერ შევძელით - - "ნუცა დაუყრით, ნუ დაუფენთ მარგალიტს ღორთა!" და რაც აქამდე მოიტანა ერმა წვალებით, გარყვნეს, წაბილწეს, გაასხვისეს ცაცა და მიწაც!.. დაცუნდრუკებენ იქით-აქეთ "ერის მამები"... - ვაი, ქვეყანა სოვდაგრების ქარვასლად იქცა!.. გულმოწყალება, სათნოება შენი რომ არა, და ნუგეშინის სარიგებლად მარად მზაობა, - მე ძვლების გროვას, ნაცოდვილარ ხორცის ტომარას, ვინ მაღირსებდა შენთან ბჭობას, შენთან საუბარს?!. - ალილუია! ქრისტეშობას ზეიმობს ხალხი! ამინ, უფალო, ვერ წაშალონ ჩვენი ჯილაგი!.. ...მოდის ყმაწვილი, ავთანდილის მწყაზარი სახით, ნინო ჯვრით ხელში, საგალობლით და ჩიჩილაკით... - ემმანოელ! ემმანოელ! იმედო ქართვლის! შენს ეპისტოლეს გულზე ვიწერთ, მუნ სიბრძნით გათლილს!.. წარუძეხ მამულს უფლის რწმენით, მაცხოვრის ხატით, და სამი სიტყვით, სამი სიტყვით ილია მართლის! |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |