ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი, ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან. ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის, მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულდა! მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი… ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი? ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი! შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია. ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა. ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები. თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი, კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები. ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი. ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა, ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი. ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი. მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია... ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი. სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია... ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები, კომედია დასრულდა?.. დასრულდა ტრაგედია! |