უყვარდა საწყალს ეკლესიის იდუმალება. ცრემლის ჩარჩოში ჩაჟენილი სანთლის მადონა. და მის თვალებში ჩაწოლილი იყო წვალება. მოვიდა ჩუმი და ცხოვრება ეუცნაურა. დამწვარ დღეების აწვალებდა საშინელება. შემოეჩვია შორეულის ნაზი ხველება, და ნინოს თმები დაიყარა გულზე ფარულად. ცბიერ ცრემლების ატირება ჰქონდა ადათად. უყვარდა გრიგოლ, ტიციანი და ვალერიან, ნახა პაოლო ბარბაროსი: გზა აერია. ო, მათი ხსოვნა ჩაიფინა საფლავში დარდად. მიიღო კრთომით ეს ქვეყანა მან ფსევდონიმად. თოვლის ვარსკვლავებს - როგორც ვაშლებს - ჰყრიდა ის ველად. ააქვითინა მიწა წმინდა ცის საკმეველად. დაჰქონდა ზურგით დაბადების წუთი კვიმატი. იყო ნათელი უმეცარი ჯვარით ავსილი (ამბობდა ხშირად: სურნელ მთვარეს ცოდვით აცივებს), ის მოწამლული პოეზიის ყავდა ბაცილებს, მაგრამ უეცრად სონეტებთან დალია სული. |