ღამის ნაბადი გახუნდება ცივ ალიონით, დამთვრალ კაფეში მზის მოსვლამდის დამაყოვნდება. წამიღებს ფიქრი - ჭიქა ლუდით, - შავ ყალიონით და მთვარეულად ჩემი სახლი მომაგონდება. გიშრის ყანწებით ლალის ღვინო - სახე მზიანი, თავაზიანი იმერეთი და ფაფანაკი, ჩემი ოჯახი გულღია და ხალისიანი. მთა ნაქერალის ზურმუხტებით გადანამწვანი, მარად ბრწყინვალე, ქედმაღალი ნათესაობა ცხელ ანდამატით შეჯაჭვული რვანი და-ძმანი. ღვთის მშობელივით თავს ვევლებით დედა მინადორს, და ჩემი სისხლი შრება ისე, როგორც იოდი, როდესაც თვალი ძვირფასებთან ვეღარ ბინადრობს. მარჯნის ვაშლები - ბავშვობაში ჩემი დარგული - და ავტირდები მე - მსოფლიოს უარმყოფელი - უცხო ქალაქში სასიკვდილოდ გადაკარგული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |