მიქსერი დიასახლისებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელექტრონული ხელსაწყოა, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს.
იგი შეუცვლელია ზოგიერთი ისეთი ოპერაციის შესასრულებლად, რომლის განხორციელებაც მის გარეშე წარმოუდგენელია, მაგალითად ათქვეფა და პროდუქტების ერთმანეთში შერევა.
ტექნოლოგიები ვითარდება. დღეს მიქსერი აღარ არის ისეთი მარტივი ხელსაწყო, როგორიც იყო წლების წინ. ამიტომ, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორი ტიპის მიქსერის შეძენა გსურთ და რა ოპერაციების შესრულებას აპირებთ მისი საშუალებით.
მიქსერის ტიპები
მიქსერები ძირითადად გვხვდება ორი სახის:
- ხელის;
- სტაციონალური;
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მათ შორის თვალსაჩინო განსხვავება პირველ რიგში არის ის, რომ ხელის მიქსერი, გამოყენების დროს უნდა გეჭიროთ ხელში და მოქმედება ისე შეასრულოთ.
სტაციონალური კი დგას მაგიდაზე, რადგან გააჩნია ჭურჭელი (ჯამი) პროდუქტისთვის და სადგარი, რომელიც იჭერს ჭურჭელს და თავად მიქსერს. ამიტომ იგი სასურველ ოპერაციას დამოუკიდებლად ახორციელებს.
სტაციონალურ მიქსერს, ხელის მიქსერთან შედარებით, დიდი სიმძლავრე აქვს და გამოიყენება უფრო რთული ოპერაციების შესასრულებლად.
აქედან გამომდინარე, არჩევანი ხელისა და სტაციონალურ მიქსერს შორის უნდა გაკეთდეს ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ რა სახის ოპერაციების შესრულება არის საჭირო მისი საშუალებით.
ორივე მიქსერი პრაქტიკულად ერთნაირად თქვეფს, ამიტომ ძირითადი განსხვავება მათ შორის მაინც მოხმარების კომფორტულობაშია.
ხელის მიქსერი უფრო კომპაქტურია, იგი მარტივად და სწრაფად ირეცხება მოხმარების შემდეგ.
სტაციონალური კი უფრო რთული ხელსაწყოა, მოხმარების შემდეგ, მისი გარეცხვა და მოწესრიგება უფრო მეტ დროს და შრომას ითხოვს.
მიუხედავად ამისა, მას უდავოდ გააჩნია უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლად ახორციელებს მოქმედებას და პარალელურად შესაძლებელია დიასახლისი დაკავდეს სხვა საქმით.
თუ არჩევანს მაინც სტაციონალური მიქსერზე გააკეთებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჭურჭლის (ჯამის) ზომას, რომელშიც ხდება პროდუქტის ათქვეფა ან შერევა.
ძირითადად ჯამის მოცულობა მერყეობა 2-2,5 ლიტრს შორის, თუმცა ეს საერთო მოცულობაა.
ჯამის მუშა მოცულობა, რომელშიც პროდუქტების ათქვეფა უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაისვაროს სამზარეულო შხეფებისგან, შეადგენს 0,2-0, 5 ლიტრს.
გარდა ამისა, სტაციონარულ მიქსერებს შორის გვხვდება ისეთი მოწყობილობები, რომელშიც ბრუნავს არა მარტო საცმები, არამედ ბრუნავს თავად ჯამიც, რისი საშუალებითაც პროდუქტების უფრო ხარისხიანად ათქვეფა და შერევა ხდება.
მიქსერის სიმძლავრე
სიმძლავრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მიქსერის შერჩევის დროს, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული საცმების მოძრაობის სიჩქარე, შეუსვენებლად მუშაობის ხანგრძლივობა და სქელი მასის ხარისხიანად არევა (ათქვეფა).
ხელის მიქსერების სიმძლავრე, ძირითადად მერყეობს 150 დან 400ვატამდე, გვხვდება 450 ვატიანი ხელის მიქსერებიც.
რა თქმა უნდა რაც უფრო მაღალია მიქსერის სიმძლავრე, მით უფრო სქელი საცმები მოყვება კომპლექტში მას და შესაბამისად უფრო შესანიშნავად უმკლავდება თავის საქმეს.
თუმცა თუ მიქსერი ხარისხიანია, 200-300 ვატი სიმძლავრეც საკამრისია მისი გამართული მუშაობისთვის.
სტაციონალური მიქსერის სიმძლავრე მერყეობს 200 დან 400 ვატამდე, გვხვდება 800 ვატიანი სტაციონალური მიქსერებიც.
სიმძლავრის შერჩევაც ინდივიდუალურია, თუ მიქსერი მხოლოდ კვერცხის ასათქვეფად და სხვა მსუბუქი კონსტიტენციების ასარევად გჭირდებათ სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ყველაზე მაღალი სიმძლავრის მიქსერი შეიძინოთ.
ამისთვის სრულიად საკმარისია 200-300 ვატი სიმძლავრის მიქსერი.
მაგრამ თუ მიქსერს ძალიან ხშირად იყენებთ და ის მრავალფეროვანი, მათ შორის სქელი კონსტისტენციების ასათქვეფად და შესარევად გჭირდებათ, მაშინ 400 ვატი და უფრო მეტი სიმძლავრის მიქსერზე უნდა გააკეთოთ არჩევანი.
საცმები
ჩვეულებრივ, სტანდარტულ ხელის მიქსერებს კომპლექტში ძირითადად მოყვება ორი წყვილი საცმი:
პირველი წყვილი - პროდუქტის ასათქვეფად;
მეორე წყვილი - პროდუქტის ასარევად;
ფორმით და მოქმედების პრინციპით ეს საცმები ერთნაირია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ ხარისხითა და მასალით, რისგანაც არის დამზადებული.
დაბალსიმძლავრიანი მიქსერის საცმები შედარებით წვრილი და ნაკლებად მტკიცეა, ვიდრე მაღალსიმძლავრიანი მიქსერისა, რომლის საცმებიც შედარებით ფართო და მტკიცეა, რაც ვიზუალურადაც შესანიშნავად ჩანს.
ზოგიერთ ხელის მიქსერს კომპექტში მოყვება საცმი პიურესათვის, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია კარტოფილის პიურეს დამზადება.
არსებობს მოდელები, რომელთა კომპლექტაციაში შედის საცმი ბლენდერი (ეს არის იგივე მინი ჩოპერი, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში მაგრდება მიქსერის კორპუსზე).
მიქსერს შეიძლება აგრეთვე მოყვეს სპეციალური საცმი ხილისა და ბოსტნეულის პიურეს დასამზადებლად.
ზოგიერთი მწარმოებლის მიერ წარმოებულ მიქსერს კომპლექტში მოყვება უნივერსალური დამქუცმაცებელი, რომელსაც უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული მოსახსნელი დანა გააჩნია.
ასეთი საცმი შესანიშნავია ხორცის ფარშის სწრაფად დასამზადებლად, ასევე თხილის, ხახვისა და მწვანილის დასაქუცმაცებლად.
ზოგიერთ მოდელს კი კომპლექტაციაში მოყვება ელექტროდანა, რომელსაც პურის, ყველის, ძეხვისა და ა.შ დასაჭრელად იყენებენ.
სიჩქარე
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მიქსერის სიჩქარეს, რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს მას, მით უფრო წარმატებით გაუმკლავდება სხვადასხვა კონსისტენციის პროდუქტს.
ზოგადად მიქსერებს გააჩნიათ 3 - დან 5 სიჩქარის რეჟიმი, თუმცა არსებობს მოდელები, რომელთაც 12 -18 სიჩქარის რეჟიმი გააჩნია.
მწარმოებლების მიერ, მიქსერის კორპუსზე, ყოველი სიჩქარის გვერდით შესაბამისი სურათია დატანილი, რათა მარტივი გასაგები იყოს თუ რომელი ოპერაციისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის სიჩქარის რეჟიმი.
თუ მიქსერს კორპუსზე ეს სურათები არა აქვს, მისი წაკითხვა შესაძლებელია ინსტრუქციაში.
ტურბორეჟიმი
ხშირად მიქსერები აღჭურვილია ხოლმე ტურბორეჟიმის ფუნქციით, რაც საშუალებას იძლევა ღილაკზე ხელის დაჭერით, საგრძნობლად გაიზარდოს საცმების ბრუნვის სიჩქარე.
თუმცა ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე წამით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ძრავის გადახურება მოხდეს.
რეჟიმის ძირითადი დანიშნულებაა სწრაფად დაშალოს ცომში ან სხვა მასაში არსებული კოშტები (გუნდები).
იმპულსური რეჟიმი
სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია მიქსერები, რომელთაც გააჩნიათ იმპულსური რეჟიმი.
იმპულსური რეჟიმის დახმარებით, საცმების ბრუნვის სიჩქარე რეგულირდება ჩართვა-გამორთვის ღილაკზე ხელის დაჭერის საშუალებით.
რაც უფრო ძლიერად აწვებით ღილაკს, მით უფრო იმატებს საცმების ბრუნვის სიჩქარე.
ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა, რომლის საშუალებითაც მიქსერის მოხმარება უფრო კომფორტული ხდება.
გადახურების საწინააღმდეგო რეჟიმი
სასურველია თუ მიქსერს ექნება გადახურებისა და დაბინძურების საწინააღმდეგო რეჟიმი.
მისი ჩართვა სპეციალური ღილაკის საშუალებით შეიძლება.
ამ რეჟიმის საშუალებით, მიქსერის ძრავი ავტომატურად გაითიშება გადახურების, ან დაბინძურების შემთხვევაში.
ეს ფუნქცია, მიქსერის სისუფთავეზე კონტროლის საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, გადახურების საწინააღმდეგო რეჟიმი, მიქსერის ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს.
საცმების ავტომატურად გამოსაღები რეჟიმი
ეს ფუნქცია თითქმის ყველა თანამედროვე მიქსერს გააჩნია, მისი საშუალებით ხდება ღილკზე ხელის ერთი დაჭერით მიქსერის კორპუსიდან საცმების ავტომატურად გამოღება.
მასა და მასალა
მიქსერის მასა უნდა იყოს ზომიერი, კერძოდ ისეთი, რომ ხელი არ დაღალოს და ამავდროულად არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქიც, რადგან შესაძლოა კარგად ვერ გაუმკლავდეს შესასრულებელ სამუშაოს.
სტაციონალური მიქსერის მასა უნდა იყოს ისეთი, რომ მყარად იდგეს მაგიდაზე და არ ქონდეს ვიბრაცია.
კარგად დააკვირდით მასალას, იგი ძირითადად პლასტმასისგან არის დამზადებული, რომელიც მკვრივი და მაღალი ხარისხის უნდა იყოს. დააკვირდეით ხომ არ აქვს ზედაპირზე უსწორმასწორებები და რამდენად კარგად ზის დეტალები ერთმანეთში.
კარგია, თუ ხელის მიქსერის სახელური მოპირკეთებულია რეზინის დეტალებით, რადგან ის დამაჯერებლად ზის ხელში, გამორიცხავს დაცურების შესაძლებლობას და ხელსაწყოს მოხმარებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
დამატებითი აქსესუარები
ზოგიერთ მიქსერს კომპლექტში მოჰყვება დამატებით აქსესუარები, როგორიცაა მაგალითად:
»» სხვადასხვა პროდუქტის რაოდენობის განსასაზღვრი ჭიქები;
»» მოსარევი ნიჩბები;
»» მიქსერის გასაწმენდი სპეციალური აქსესუარები;
»» ელექტროდანა;
»» და ა.შ;
კარგია თუ მიქსერს კორპუსში ექნება კაბელის შესანახი სათავსო. ამით მიაღწევთ ადგილის ეკონომიას და მისი შენახვა უფრო მოსახერხებელი იქნება.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!