რა არის გულძმარვა (ე.წ "იჟოგა")
სამწუხაროდ გულძმარვა (ე.წ "იჟოგა") კიდევ ერთი უსიამოვნო „სიურპრიზია“, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში. იგი აწუხებს ფეხმძიმე ქალების უმრავლესობას იმ შემთხვევაში კი, როცა ადრე ადგილი არ ჰქონია.
რა არის გულძმარვა და რა მიზეზებით შეიძლება იყოს იგი გამოწვეული?
გულძმარვა არის წვისა და სიმჟავის შეგრძნება მკერდის კოვზის უკან, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს პირში უსიამოვნო, მკვეთრი, მჟავე ან მწარე გემო, ბოყინი და მეტეორიზმი.
ზოგჯერ გულძმარვად შეიძლება მიჩნეული იქნეს სხვა პრობლემებიც, მაგალითად გულის ტკივილი.
გულძმარვა შეიძლება იყოს ნიშანი ისეთი დაავადებისა, როგორიცაა გასტროეზოფაგელური რეფლუქსი (ქრონიკული, რეციდივული დაავადება, რომელიც გამოწვეულია კუჭის მჟავა შიგთავსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის უკუამოტყორცნით, საყლაპავი მილის ქვედა ნაწილში).
გულძმარვის მიზეზები
გულძმარვის მიზეზია კუჭის მჟავე შიგთავსით საყლაპავის გაღიზიანება.
კუჭსა და საყალაპავს შორის, საყლაპავის ქვედა ნაწილში მდებარეობს სფინქტერი, რომელიც ასრულებს სარქველის ფუნქციას, ანუ იღება, ატარებს საკვებს საყლაპავიდან კუჭისკენ და შემდეგ იხურება.
თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, იგი ან ბოლომდე ვეღარ იხურება, ან კიდევ დროგამოშვებით იღება, რის გამოც კუჭის შიგთავსი უკან, საყლაპავში ადის, რაც გულძმარვას იწვევს.
სფინქტერის ტონუსის დაქვეითება შესაძლოა მთელმა რიგმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს: ალკოჰოლმა, კოფეინმა, ცხარე და მჟავე საკვებმა და ა.შ
გულძმარვა აგრეთვე შეიძლება გამოწვეული იყოს:
• დიდი რაოდენობით საკვების მიღებით და შემდეგ წოლითი მდგომარეობით;
• დახრით და სიმძიმის აწევით საკვების შემდეგ;
• საკვების არასაკმარისი გადამუშავებით;
• ფეხზე, ან სიარულის დროს კვებით;
• ცხიმიანი, ცხარე საკვებით, შოკოლადის უნორმო მიღებით, ცომეული ტკბილეულით;
• ზედმეტი წონით;
• ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით;
• სტრესით;
• ზოგიერთი მედიკამენტით (მაგ: აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ნაპროქსენი და ა.შ);
• ძალიან ვიწრო ტანსაცმლით, რომელიც აწვება მუცლის არეს;
• დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარით;
• ფეხმძიმობით;
• და სხვა
ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს პროგესტერონის დამატებით რაოდენობას, რაც იწვევს საყლაპავის კუნთების მოდუნებას, შედეგად კი კუჭის წვენი რეგულარულად ხვდება საყლაპავში და იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას.
ფეხმძიმობის მეორე ნახევარში შესაძლოა გულძმარვა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან ნაყოფი იზრდება, შესაბამისად იზრდება საშვილოსნოც, რომელშიც იგი იმყოფება და აწვება კუჭს.
როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას (იჟოგა)
გულძმარვამ შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა იგი შედარებით მწვავდება ფეხმძიმობის მიწურულს.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეეგუოთ და მოითმინოთ ის უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც თან ახლავს გულძმარვას.
ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რომლის შესრულების შემთხვევაში შედარებით იოლად გაუმკლავდებით იმ დისკომფორტს, რომელსაც იწვევს გულძმარვით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებები.
»» იკვებეთ რეგულარულად, ხშირი და მცირე პორციებით - კვების ასეთი რეჟიმი მოახდენს კუჭის მჟავის გამომუშავების ნორმალიზებას. დიდი რაოდენობით საკვები კი იწვევს კუჭის კედლების გაჭიმვას და ადუნებს სფინქტერს, რომელიც მდებარეობს კუჭსა და საყლაპავს შორის.
ამიტომ ერიდეთ დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, განსაკუთრებით დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, მოერიდეთ, შემწვარ, ცხარე, მჟავე საკვებს, მიირთვით ხშირად, პატარა პორციებით და იმ რაოდენობით, რომ კუჭის წვა არ გამოიწვიოს.
თუმცა გადაჭარბება აქაც არ შეიძლება, მაგალითად თუ ამჩნევთ, რომ შოკოლადი არ იწვევს კუჭის წვას, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ იგი ყოველი საკვების მიღების დროს. და საერთოდ, ეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თქვენზე და დაამატოთ ისეთი, რომელიც საჭიროა თქვენი მომავალი პატარას განვითარებისათვის.
გახსოვდეთ, რომ დიდი რაოდენობით საკვების მიღება ხელს უწყობს კუჭის წვენის ზედმეტი რაოდენობით გამომუშავებას, რამც შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს გულძმარვა.
»» სვით მეტი სითხე - წყალი ჩარეცხავს კუჭის მჟავე წვენს საყლაპავის კედლებიდან. სასურველია წყალი არა საკვებს მიაყოლოთ, არამედ სვათ საკვების მიღებას შორის პერიოდებში.
ყოველი შემთხვევისთვის შეუთანხმეთ თქვენს ექიმს, თუ რა რაიდენობით წყლის მიღებაა დასაშვები დღის განმავლობაში, რათა არ გამოიწვიოთ შეშუპებები.
»» გულძმარვისა და კუჭის წვის გასაყუჩებლად კარგ ეფექტს იძლევა სხვადასხა კისელები, ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, გახეხილი სტაფილო, თაფლის ფიჭა (დაღეჭვა), შვრიის ფირფიტების (ჰერკულესის) დაღეჭვა.
»» ნუ მიიღებთ გაზირებულ სასმელებს და სასმელებს, რომელთა შემადგენლობაში შედის კოფეინი (ყავა, ჩაი, კოლა და ა.შ)
»» თუ ცხიმიან, ცხარე და მჟავე საკვებზე მაინც ვერ ამბობთ უარს, დაუმატეთ მას მცირე რაოდენობით, მწიკვი საჭმელი სოდა, რომელიც წარმატებით ანეიტრალებს პროდუქტის მჟავიანობას.
»» თავი შეიკავეთ ფრიტურნიცაში მომზადებული პროდუქტებისგან, ეს პროდუქტები იწვევს კუჭის მჟავიანობის ამაღლებას და შესაბამისად იწვევს გულძმარვას.
»» ჩართეთ რაციონში რძის პრიდუქტები - რძეს და რძის პროდუქტებს შეუძლიათ გარკვეული ხნის განმავლობაში საერთოდ გააქრონ გულძმარვის სიმტომები, რძე ანეიტრალებს მჟავას და ამცირებს მჟავიანობას. ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას იძლევა სვათ რძე დღის განმავლიობაში მცირე პორციებით.
»» გულძმარვის დროს, გარკვეულ შვებას იძლევა აქტივირებული ნახშირი, რომელიც ბოჭავს და ანეიტრალებს მჟავე ნივთიერებების მოქმედებას კუჭ - ნაწლავში.
»» მოერიდეთ ზოგიერთ პოზას - მაგალითად ნუ დაიხრებით ძალიან დაბლა და ნუ დაწვებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ყველაზე მოკლე გზა კუჭის წვისკენ, დიდი რაოდენობით საკვების მიღება და შემდეგ მდივანზე წამოწოლაა.
»» დაიძინეთ მაღალ სასთუმალზე - თავი დადეთ ბალიშზე, რომელიც 20 სმ - ით მაინც არის ამაღლებული, თავი შეიკავეთ ისეთ მდგომარეობაში წოლისგან, როდესაც სხეულის ყველა ნაწილი ერთ დონეზე იმყოფება. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კუჭის შიგთავსი ადვილად ლახავს ბარიერს და ხვდება საყლაპავში.
»» ერიდეთ ვიწრო, შემოტმასნილი სამოსის ტარებას, რომელიც მჭიდროდ ერტყმის გარშემო წელსა და მუცლის არეს.
»» მოერიდეთ სოდის ბიკარბონატის მიღებას - რადგან მისმა გადამეტებულმა დოზამ შეიძლება შარდის შეკავება გამოიწვიოს.
PS
თუ მიუხედავად ამისა გულძმარვა მაინც შეგაწუხებთ, შეიძლება შვება მოგცეთ საშუალებებმა (მედიკამენტებმა), რომელიც ანეიტრალებს მჟავის მოქმედებას.
თუმცა მათმა გადამეტებულმა დოზამ, შეიძლება სხვა პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ნუ მიიღებთ მას თქვენს ექიმთან შეუთანხმებლად და ყურადღებით გაეცანით თითოეული მედიკამენტის ინსტრუქციას.
იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ