არ აპანტურებს მურია ყურებს, არ აფახულებს თოჯინა თვალებს, პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს: უნდა მოვიდეს მამიკო მალე.
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს, პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ: - მამიკო მოდის!.. - მამიკო მოდის!..
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით და კონწიალობს ყელზე, კისერზე, როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები, მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ, ბავშვის გალახვა არ იცის მამამ, ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
თამაშში ნეტა რა არის ცუდი? ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?! ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!
- მამიკო მიდის? ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე და იმუქრება პაწია თითით: - მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ...
თოჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს, პატარა დედის კალთაში ყვინთავს, თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად.
დედიკო, ნუღარ, თვალები ისეც ცრემლით აქვს სველი. პატარა გოგოს მამიკო უყვარს, პატარა გოგო მამიკოს ელის... |
ლექსები მამაზე • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |