თმა, ბუნების მიერ მინიჭებული მშვენებაა. ევოლუციასთან ერთად მან დაკარგა უტილიტარული ფუნქცია - გაეთბო ადამიანი სიცივის დროს, თუმცა დღემდე იცავს თავს მზის, სიცივის ზემოქმედებისგან და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.
თმა ნებისმიერი ადამიანის გარეგნული იერსახის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და იმისთვის, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, სჭირდება მოფრთხილება და გარკვეული ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს იგი.
თმის 3% წყალია, ხოლო 97% ცილა. ცილა - კერატინი, გამდიდრებულია გიგირდითა და მიკროელემენტებით (რკინა, სპილენძი, თუთია, ქრომი, მარგანეცი) აგრეთვე ვიტამინებით A, B, P, C, T.
პირველად, ადამიანს თმა უჩნდება მუცლადყოფნის პერიოდში, როცა ნაყოფის ასაკი 3 თვეს აღემატება (მე - 4-5 თვე).
თმა იზრდება მთელს სხეულზე ხელისგულებისა და ფეხისგულების გარდა.
თმა ადამიანის თავზე განლაგებულია არათანაბრად. მისი ყველაზე დიდი რაოდენობა თხემის მიდამოშია, ყველაზე ნაკლები კი საფეთქლებთან და შუბლზე.
თმა ასევე არათანაბრად იზრდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ყველაზე სრაფად იგი იზრდება თავზე (3 დღეში - დაახლოებით 1მმ), ხოლო ყველაზე ნელა იზრდება წარბები.
ცალკეული თმის ღერის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ რამდენიმე თვიდან - ექვს წლამდეა. წამწამების სიცოცხლის განგრძლივობა 3-დან 5 თვემდეა, ადამიანის სხეულზე არსებული ღინღლის 7-10 თვე. ნორმად მიიჩნევა, თუ ადამიანს დღეღამის განმავლობაში თავიდან სცვივა 50-100 ღერი თმა.
იხილეთ: საინტერესო ფაქტები თმის შესახებ
თმის განვითარების ციკლი
თმის ზრდა ადამიანებში ხდება ციკლისებურად. ციკლი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, შემდეგ რამოდენიმე თვით დგება შესვენების პერიოდი, რის შემდგომაც ძველი თმების სცვივა და იწყება ახალი ციკლი.
თითოეულ თმის ფოლეკულას გააჩნია განვითარების საკუთარი ციკლი.
თმის აქტიური წარმოქმნის საწყის ფაზას ეწოდება ანაგენური, შემდეგ მოდის მოკლე, გარდამავალი ფაზა კათაგენური და თმის განვითარების დამასრულებელი ციკლის სიმშვიდის (მიძინების) ფაზა ტელოგენური.
ტელოგენურ ფაზაში, თმის ბოლქვი ხდება კოლბისებური, მაგრამ მალე არ ცვივა. თმის ზრდის შესაბამისად, თმის დვრილი ცარიელდება, თმის ბოლქვის უჯრედები რქოვანდება და თმის ბოლქვი ემსგავსება ბეწვიან კოლბას, რომელიც ძალიან წააგავს გადმობრუნებულ ნაძვის გირჩს.
თმის ცვენის პროცესი ჭიანურდება, ზოგიერთი წყაროებით 60-90 დღე, სხვა წყაროებით კიდევ უფრო ნაკლები.
თუ გაცვენილი თმის ღერს ბოლოში გააჩნია გარსი (თავთავის მაგვარი), ეს თმის ცვენის ბუნებრივ პროცესზე მიანიშნებს და ნიშნავს, რომ თმა ჯანმრთელია.
მაგრამ თუ გაცვენილი თმის ფესვი გაყოფილია ან ბოლოში დაწვრილებულია, ყოველგვარი გარსის გარეშე, ეს თმის პათოლოგიურ ცვლილებაზე მიუთითებს. ასეთი თმა მტვრევადია, მათი ზრდა შესუსტებულია და კანის ზდაპირზე ამოსვლის დროს ადვილად ტყდება.
თმის ფიზიოლოგიური ცვლილების დროს, კოლბისებური თმის ბოლქვი ამოდის კანიდან და ცვივა, ხოლო მის ადგილზე ამოდის ახალი, ჯანმრთელი თმა, ან ახალწარმოქმნილი თმის დვრილი და თმის ბოლქვი.
დაავადებული თმის შემთხვევაში კი ეს პროცესი არ მიმდინარეობს და თმა საბოლოოდ ცვივა, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.
ადამიანში თმის განვითარების ცალკეული ფაზების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხეულის რომელ ნაწილზეა თმა და თმის სიგრძეზე.
ზრდასრული ადამიანის თავის თმიან ნაწილზე, ანაგენ-ფაზის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-6 წელია; კათაგენ-ფაზის - დაახლოებით 2-4 კვირა; ტელოგენ-ფაზის კი დაახლოებით 3-4 თვე.
ნორმალურ მდგომარეობაში, თავზე არსებული თმის დაახლოებით 85-90% იმყოფება აქტიური ზრდის ფაზაში (ანაგენი), დაახლოებით 1% მოსვენების (მიძინების) ფაზაში (კათაგენი), ხოლო 10-15% ცვენის ფაზაში (ტელოგენი).
სხეულის სხვა მონაკვეთებზე, თმის ზრდის ტერმინალური ფაზა ტელოგენთან მიმართებაში მერყევია: წარბებისა და ყურის მიდამოებში ანაგენ-ფაზა შეადგენს 4-8 კვირას, ტელოგენ-ფაზა 3 თვეს. კიდურების მტევნების ზურგზე ანაგენ-ფაზა გრძელდება დაახლოებით 8-10 კვირა, ტელოგენ-ფაზა კი 5-7 კვირა.
თმის ციკლის ხანგრძლივობა ადამიანის წვერის შემთხვევაში, შეადგენს დაახლლებით ერთ წელს.
თმის თვისებები
თმა ცოცხალი სუბსტანციაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოჭრის, მოგლეჯის ან რაიმე სხვა სახის დაზიანების დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს.
თმა არ მარაგდება სისხლით, არ არის დაკავშირებული კუნთებთან და ნერვულ ბოჭკოებთან, თუმცა მას თვითწარმოქმნის უნარი გააჩნია იმ ცოცხალი უჯრედების ხარჯზე, რომელიც მდებარეობს თმის ძირში - ღრმა დერმაში
გაზრდილი, ჯანსაღი თმა, ჩვეულებრივ მტკიცე და მკვრივია. თმის გაწელვა მისი სიგრძის 1/5-ითაა შესაძლებელი, რის შემდეგაც იგი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას.
სიმტკიცით თმა ალუმინს უტოლდება და მის ერთ ღერს შეუძლია გაუძლოს 100-დან 200 გრ-მდე დატვირთვას. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ადრეულ ხანაში, ქალის თმისგან თოკებს ამზადებდნენ, რომელიც განკუთვნილი იყო დიდი ტვირთების ასაწევად.
თამს გააჩნია ჰიგროსკოპულობის უნარი, ანუ შეუძლია შეიწოვოს ტენი. იგი საკმაოდ გამძლეა სუსტი მჟავების მიმართ, თუმცა ცუდად გადააქვთ ტუტე შემადგენლობები.
ადამიანისთვის, თმა დიდ როლს თამაშობს როგორც არა მხოლოდ გარეგნული იერსახის ერთ-ერთი მთავარის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ხაზი გაუსვას მომხიბვლელობას და დამალოს ნაკლოვანებები, არამედ იგი მთელი რიგი ფუნქციების მატარებელია. მაგალითად:
თმა იცავს თავს ზაფხულში გადახურებისგან და ზამთარში სიცივისგან. გარდა ამისა თმას დიდი როლი აქვს შეგრძნებებში: - წამწამები იცავს თვალებს, ხოლო თმის ბუსუსების ცხვირში და ყურში იცავს ამ ორგანოებს მტვრის ზემოქმედებისგან.
თმას შეუძლია შეითვისოს ზოგიერთი ისეთი ნივთიერება, რაც საშუალებას იძლევა თმა გამოყენებული იქნას როგორც იდენტიფიკატორი. სხვათა შორის, კრომინალისტები დიდი ხანია იყენებენ თმის ამ თვისებას საკუთარი პროფესიონალური სამუშაოს შესრულების დროს.
თმის აგებულება
თმა შეიძლება იყოს სამი სახის:
1. გრძელი (თმა, წვერი, ულვაში, კუნთქვეშა ჩაღრმავებებზე, სასქესო ორგანოებზე) - ამ ტიპის თმები ყველაზე გრძელი, მკვრივი და მტკიცეა;
2. ჯაგრისებური (წარბები, წამწამები, თმების ცხვირის ნესტოებში და ყურის ნიჟარის შესასვლელში) - ამ ტიპის თმები მოკლეა, მკვრივი, გააჩნია დაცვითი ფუნქციები;
3. ღინღლოვანი (ღინღლი ტანზე, სახეზე, კიდურებზე (ხელებზე და ფეხებზე) - ამ ტიპის თმა მოკლეა, რბილი, არ არის პიგმენტირებული და ღია ფერისაა;
თმის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლადაა კანის ზემოთ მოთავსებული - თმის ღერი ეწოდება, ნაწილს, რომელიც კანის სიღრმეშია მოთავსებული - თმის ფესვი, ხოლო გაფართოებას, რომლითაც ბოლოვდება თმის ფესვი - თმის ბოლქვი.
სწორედ თმის ბოლქვში ხდება თმის ზრდა. შემაერთებელი ქსოვილიდან, თმის ბოლქვში შეჭრილია თმის დვრილი, რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს და კვებავს თმის ბოლქვს.
თმის ღერი შედგება სამი შრისგან:
მედულარული შრე (მედულა) - თმის ღერის ცენტრალურ ნაწილს - ტვინოვანი შრე ეწოდება, იგი შეიცავს გარქოვანებულ უჯრედებს, რომელიც შევსებულია ჰაერის ბუშტუკებით, რაც თმის თბოგამტარობას განაპირობებს.
ტვინოვანი ნივთიერება არ აქვს ღინღლოვან და სხვა სახის თმას.
ქერქოვანი შრე (კორტექსი) - თმის ძირითად შრეს შეადგენს მისი ქერქოვანი ნივთიერება, რომელიც შედგება გამოშვერილი, ერთმანეთზე მჭიდროდ გადადებული და მყარი განივი კავშირებით შეერთებული კერატინული ბოჭკოებისგან.
კორტექსი არის წაგრძელებული ბირთვით ან მისი კვალით, რომელიც შეიცავს პიგმენტს - ფერის მიმცემ ნივთიერებას. პიგმენტი შეიძლება იყოს ჟღალი, ყვითელი და შავი, ხოლო მათი შერწყმა ქმნის თმის ინდივიდუალურ ფერს. თუ პიგმენტი არ არსებობს, თმები იქნება თეთრი.
გარეგანი შრე (კუტიკულა) - მესამე შრეა გარე დამცავი შრე კუტიკულა - ქერცლოვანი საფარველი, რომელიც შედგება ბრტყელი, გარქოვანებული, ერთმანეთზე კრამიტისებურად დაწყობილი გადამფარავი შრისგან (კერატინის ფირფიტებისგან), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება განივი ბმებითა და ლიპიდური ფენენბით.
კუტიკულას ბარიერული ფუნქცია გააჩნია და იცავს თმას ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისაგან.
თმის ფესვიანი ნაწილი მოთავსებულია თმის ფოლიკულში, რომელიც კანზე ქმნის მცირე გაფართოებას.
თმის ფოლიკულა შედგება ეპითელური და შემაერთებელი ქსოვილის ნაწილებისგან (ბუდეებისგან).
თმის ფოლიკულის შემაერთებელი ქსოვილის ნაწილი - თავის სრულ განვითარებას აღწევს მხოლოდ თმის ფესვის ქვედა ნაწილში, ცხიმოვან ჯირკვლებთან შერწყმის ადგილიდან.
მისი გარე გრძივი და შუა რკალისებური შრე შექმნილია კოლაგენური კონებისგან და ელასტიური და არგენტოფილური ბოჭკოების ნაზავისგან. ეს უკანასკნელნი ფოლიკულის ირგვლივ ქმნიან მემბრანას, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ფოლიკულას გარე ეპითელურ შრეს.
შიდა შრე, რომელიც თმის ბოლქვიდან რამდენადმე მაღლა მდებარეობს, შედგება ძალიან თხელი, ჰომოგენური, მინისებრი გარსისგან, რომელიც ძლიერი შუქგარდამტეხია.
თმის ფოლიკულას ეპითელური ნაწილი - წარმოდგენილია ეპიდერმისის ყველა შრით (შიგნითა და გარეთა შრე და შიგნითა შრის კიდევ სამი ქვეშრე: შიდა, შუა, გარეთა შრეები). კიდევ უფრო სიღრმეში, რქოვანი შრე ქრება.
გარეთა ეპითელურ შრე, ეპიდერმისის ზრდის ქვედა შრეა. იგი შედგება შიგნითა მარცვლოვანი და გარეთა ბაზალური შრისა და ბაზალური ფირფიტებისაგან.
თმის ძირის ქვედა ნაწილი გაფართოებულია. იგი შედგება გამრავლებისა და დიფერენცირების მაღალი პოტენციის მქონე უჯრედებისაგან. სწორედ ეს უჯრედები წარმოადგენს თმის მატრიქსს.
მატრიქსის ღეროვან უჯრედებს შორის გვხვდება მელანოციტები, სწორედ მელანოციტები წარმოქმნის თმის პიგმენტს, რომელიც ამინმჟავა თიროზინისგან სინთეზდება.
თუ დომინირებს მელანინი, თმა შავია, ხოლო თუ ფეომელანინი ჭარბობს - თმა ქერაა ან წითური.
თმის ძირის შემაერთებელ ქსოვილოვანი ბუდის იმ უბანს, რომელიც მატრიქსთანაა შეხებაში, დერმული დვრილი (პაპილა) ეწოდება. სწორედ იგი არეგულირებს თმის ზრდას.
ფოლიკულის ძირთან განლაგებული წვრილი სისხლძარღვები უზრუნველყოფს თმის კვებას, მის გარშემო მდებარე ჯირკვლები კი ცხიმის წარმოქმნას.
თმის შემადგენელი ნაწილების ყველა ელემენტი, თანდათანობით გარდაიქმნება ბირთვებად და თმის ბოლქვის ადგილზე, თმის დვრილთან ახლოს შერწყმულია გაძლიერებულად გამრავლებული უჯრედების ერთიან მასაში.
თმა აღჭურვილია გლუვი კუნთებით, რომელსაც ფირის სახე გააჩნია. მისი ერთი ბოლოთი, მოკლე მყესის დახმარებით მიმაგრებულია დერმას კომპაქტურ შრესთან, მეორე ბოლოთი კი ცხიმოვანი ჯირკვლის შესართავ პირთან.
შეკუმშვის დროს, კუნთი ზემოთ სწევს თმას, რითაც ჭიმავს ცხიმოვან ჯირკვალს და ამით ხელს უწყობს მისი სეკრეტის გამოყოფას. სწორედ ამ მექანიზმს მოჰყავს მოძრაობაში თმის ამწევი კუნთი.
ეს პროცესი ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავის თავზე გამოცდილი შიშის, სიცივის, სიამოვნების დროს. „ამბურძგლა“, თმები ყალყზე დამიდგა“ და ა.შ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი თმის ფოლიკულა, არის დამოუკიდებელი წარმონაქმნი, რომელსაც ინდივიდუალური ზრდის ციკლი გააჩნია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს ყველა თმა ერთდროულად დასცვივდებოდა.
იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ