1. მამა და ვაჟიშვილები
მამა თავისი ორივე ვაჟიშვილით მიადგა მდინარეს, რომელზეც იდგა ტივი. ამ ტივით ისინი უნდა გადასულიყვნენ მეორე ნაპირზე.
ტივს შეუძლია გადაიყვანოს მარტო მამა ან ორივე ვაჟიშვილი.
როგორ უნდა გადავიდნენ მეორე ნაპირზე მამა და ვაჟიშვილები?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
2. თეთრი და შავი ქუდები
მასწავლებელს უნდოდა ბავშვების საზრიანობა შეემოწმებინა. ყველას დასანახად აიღო ორი თეთრი და ერთი შავი ქუდი, შემდეგ ორი ბავშვი გაიყვანა ბნელ ოთახში, დაახურა თითო ქუდი და თან გამოუცხადა: „აბა, პირველი ვინ გამოიცნობს, რა ფერის ქუდი ახურავსო“.
როცა ისინი სინათლეზე გამოიყვანეს, ერთი ბავშვი ცოტა ხნით გაჩუმდა, მეორემ კი წამოიძახა: „მე თეთრი ფერის ქუდი მხურავსო“.
როგორ გამოიცნო ამ ბავშვმა რა ფერის ქუდი ეხურა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
3. სად დაიკარგა ერთი ლარი?
სასადილოში, პურის საჭმელად, სამი კაცი შევიდა. როცა დანაყრდნენ, მებუფეტემ იანგარიშა დანახარჯი და მოითხოვა 30 ლარი. თითოეულმა გადაიხადა 10 ლარი.
როცა წამოვიდნენ, მებუფეტემ ხელმეორედ დაიანგარიშა დანახარჯი და აღმოჩნდა, რომ 5 ლარი ზედმეტი გამოურთმევია.
ეს 5 ლარი იქვე მდგომ ბავშვს გაატანა კაცებისათვის გადასაცემად. ბავშვმა სამ კაცს თითო ლარი გადასცა, 2 ლარი კი თვითონ მიითვისა.
ახლა ვიანგარიშოთ: სამმა კაცმა გადაიხადა ათ-ათი ლარი, თითო ლარი კი უკან დაუბრუნეს. ე. ი. თითოეულმა დახარჯა 9 ლარი. სამივემ ერთად დახარჯა 3х9=27 (ლარი). ამას დავუმატოთ ბავშვის მიერ მითვისებული 2 ლარი და გამოვა 27+2=29 (ლარი). გადახდილი კი იყო 30 ლარი.
სად დაიკარგა 1 ლარი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
4. უფლისწული და მზეთუნახავი
უფლისწული ეძებს მზეთუნახავს, რომელიც ცხრათავიან დევს ჰყავს დატყვევებული მიწისქვეშა სამი საკნიდან ერთ-ერთში.
საკნების კარებზე გაკეთებულია წარწერები, რომელთაგან არც ერთი არ არის სწორი.
უფლისწული მივიდა დევთან და მოსთხოვა მზეთუნახავის განთავისუფლება.
დევმა უფლისწული ჩაიყვანა მიწისქვეშა საკნებთან, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ ასეთი წარწერები:
პირველი საკანი | მეორე საკანი | მესამე საკანი |
"აქ არის მზეთუნახავი" | "მესამე საკანი არ არის ცარიელი" | "აქ არის გველეშაპი" |
დევი ეუბნება უფლისწულს: „გამოვუშვებ მზეთუნახავს, თუ სწორად მიჩვენებ იმ საკნის კარებს, რომელშიც ზის მზეთუნახავი.
თუ მიუთითებ იმ საკნის კარებს, რომელშიც ზის გველეშაპი, მაშინ გველეშაპი შეგჭამს, ხოლო, თუ ცარიელი საკნის კარებზე მიუთითებ, მაშინ შენ ჩაგსვამ შიგ“.
რომელ საკანში ზის მზეთუნახავი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
5. უცნაური შეჯიბრება
ერთ ხელმწიფეს მზეთუნახავი ქალიშვილი ჰყავდა. მას ორი უფლისწული მოსწონდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა რომელ მათგანს გაჰყოლოდა ცოლად.
მაშინ ხელმწიფემ ასეთი უცნაური შეჯიბრება მოიგონა: ორივე უფლისწული ცხენით დაიბარა, შეურჩია ხუთკილომეტრიანი დისტანცია და თან გააფრთხილა, რომ თავის ქალიშვილს იმ უფლისწულს გაატანდა, რომლის ცხენიც მეორე მივიდოდა ფინიშთან.
დაიწყო შეჯიბრება, მაგრამ არც ერთ მხედარს არ უნდოდა წინ წასვლა. ორივენი ცხენებს აკავებდნენ და ასპარეზობას ბოლო არ უჩანდა. მაყურებელიც დაიღალა და უფლისწულებს დაცინვა დაუწყო.
ამ დროს გზაზე გამოიარა მოხუცმა კაცმა. უფლისწულებმა მათ შესჩივლეს თავიანთი გასაჭირი. მოხუცმა თითოეულ მათგანს ყურში ორი სიტყვა ჩასჩურჩულა.
რამდენიმე წამის შემდეგ მხედრებმა ცხენები ადგილიდან მოსწყვიტეს და ქარივით გააქროლეს ფინიშისაკენ. არ ზოგავდნენ არც ცხენებს და არც საკუთარ თავს, გამარჯვების მოსაპოვებლად.
რა უთხრა მოხუცმა უფლისწულებს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
6. სიკვდილმისჯილი
კაცს, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, გამოუცხადეს, რომ მას ეძლეოდა გადარჩენის შანსი, თუ გამოიჩენდა საზრიანობას.
რაში მდგომარეობდა იგი?
„თქვენ ახლა მოგათავსებთ ოთახში, - ეუბნებიან კაცს, - რომელსაც აქვს ორი კარები. ერთი კარებიდან თუ გახვალთ, გადარჩებით და სიცოცხლე გებოძებათ, ხოლო, თუ მეორე კარებიდან გახვალთ, სიკვდილი არ აგცდებათო.
თქვენს გარდა იმ ოთახში იქნება ორი მცველი, მათგან ერთი ცრუა, მეორე კი - მართლის მთქმელი. რომლებმაც იციან სინამდვილე როგორც კარებების, ასევე ერთმანეთის შესახებ.
თქვენ, რა თქმა უნდა, არ გეცოდინებათ არც იღბლიანი კარების მდებარეობა, და არც ის, თუ ამ ორი მცველიდან რომელია ცრუ და რომელი - მართლის მთქმელი.
გამორიცხულია ამ ორი კაცის ჰუმანური ქმედების მცდელობაც კი. თქვენ მოგეცემათ იმის უფლება, რომ ამ ორი კაციდან ერთ-ერთს დაუსვათ მხოლოდ ერთი კითხვა და მისი პასუხით დაადგინოთ, რომელი კარებიდან უნდა გახვიდეთ, რომ გადარჩეთ ცოცხალი“.
რა შეკითხვა უნდა დაესვა სიკვდილმისჯილს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
7. რით თავდება დღე და ღამე?
უპასუხეთ კითხვაზე:
რით თავდება როგორც დღე, ისე ღამე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
8. რა არის მოთავსებული?
უპასუხეთ კითხვაზე
რა არის მოთავსებული ცასა და დედამიწას შორის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
9. კვირაში ხუთი დღის დასახელება
დაასახელეთ კვირაში ხუთი დღე ისე, რომ არ იხმაროთ სიტყვები:
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა და თვის რიცხვები - 1,2,3,4,5 და ა.შ
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
10. ქვები ზღვაში
გამოიცანით, როგორი ქვები არ არის ზღვაში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
11. “ასი” ნულის გარეშე
დაწერეთ რიცხვი “100” ნულის გარეშე.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
12. დახუჭული თვალებით დანახვა
რა შეგვიძლია ვნახოთ დახუჭული თვალებით?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
13. ჯიუტი ქალები
ერთ გიჟმაჟ მდინარეზე ვიწრო საცალფეხო ხიდი იყო გადებული.
ხიდი ისე ვიწრო იყო, რომ ორ მგზავრს არ შეეძლო ერთმანეთისათვის გვერდის ავლა.
ერთ დღეს ორივე ნაპირს მოადგა ორი ქალი. ორივემ ერთდროულად მოისურვა გაღმა გასვლა, გზა ერთმანეთს არ დაუთმეს.
ისინი შუა ხიდზე შეხვდნენ ერთმანეთს. ვერც გზას აგრძელებდნენ და არც უკან იხევდნენ.
დიდხანს იდგნენ ასე შუა ხიდზე. მდინარის ორივე ნაპირზე ხალხმა მოიყარა თავი და გზის გახსნას ელოდებოდნენ. ეძახდნენ, ემუქრებოდნენ მათ, მაგრამ ისინი ჯიუტობდნენ და ადგილიდან არ იძროდნენ.
მაშინ, ერთმა მგზავრმა დაუძახა მათ და რაღაც რჩევა მისცა. ორივე ქალი მაშინვე შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით დაბრუნდა უკან, ნაპირზე.
რა რჩევა მისცა მგზავრმა ჯიუტ ქალებს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
14. კურდღლის ძილი
უპასუხეთ კითხვაზე:
როგორი ხის ძირას სძინავს კურდღელს ტყეში წვიმიან ამინდში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
15. დილით უზმოზე
გაქვთ 10 მოხარშული კვერცხი.
რამდენი კვერცხის შეჭმა შეგიძლია დილით უზმოზე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
16. რა ღირდა?
30 % - ით ფასდაკლების შემდეგ მაგიდის ღირებულება გახდა 21 ლარი.
რა ღირდა მაგიდა გაიაფებამდე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
17. ყველა ეროვნების ადამიანებთან მოლაპარაკე
ვის შეუძლია დაელაპარაკოს ყველა ეროვნების ადამიანს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
18. რამდენი წლით უფროსია?
გიორგი უფროსია თავის ძმაზე 3 წლით.
რამდენი წლით უფროსი იქნება 4 წლის შემდეგ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
19. ჯოხის ბოლოები
რამდენი ბოლო აქვს ერთ ჯოხს?
რამდენი ბოლო აქვს ორ ჯოხს?
რამდენი ბოლო აქვს სამ ჯოხს?
რამდენი ბოლო აქვს ოთხნახევარ ჯოხს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
20. რა აქვს ყველაფერს?
რა არის ის, რაც ყველას და ყველაფერს აქვს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
21. გაყავით ვაშლები
როგორ გავუყოთ ხუთი ვაშლი ხუთ ბავშვს ისე, რომ თითოეულმა მიიღოს თითო ვაშლი და კალათაში კიდევ დარჩეს ერთი.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
22. სამი ბაჭია
გალიაში იჯდა სამი ბაჭია.
სამმა გოგონამ ითხოვა მათთვის თითო ბაჭია მიეცათ.
ბავშვების თხოვნა დააკმაყოფილეს და თითოეულს მისცეს თითო ბაჭია. მიუხედავად ამისა, გალიაში მაინც დარჩა ერთი ბაჭია.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
23. რაში იყო შეცდომა?
მამა მიდიოდა მივლინებაში. ვინაიდან თვითონ ვერ მოიცალა, დაურეკა ვაჟს და სთხოვა ეყიდა მისთვის რამდენიმე საჭირო ნივთი: მოსასხამი, ქუდი, ჩემოდანი და სხვ.
მამამ უთხრა, რომ ფული დევს კონვერტში, რომელიც მის საწერ მაგიდაზეა. ვაჟმა ზერელედ გადახედა კონვერტს, შეხედა მასზე დაწერილ რიცხვს - 98, ამოიღო კონვერტიდან ფული და არც დაუთვლია, ისე ჩაიდო ჯიბეში.
მაღაზიაში მან გადაარჩია 90 ლარის ღირებულების საჭირო ნივთები. როდესაც მოინდომა ნივთების ფასის გადახდა, გამოირკვა, რომ მას არა თუ არ რჩება 8 ლარი, არამედ აკლია კიდეც 4 ლარი.
როდესაც ვაჟი შინ მივიდა, უამბო მამას ამის შესახებ და ჰკითხა: ხომ არ შემცდარა, როდესაც ითვლიდა ფულს. მამამ უპასუხა, რომ მან ფული კარგად დაითვალა, შეცდომა კი მოუვიდა შვილს, და სიცილით მიუთითა მის შეცდომაზე.
რაში შეცდა ვაჟი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
24. შეხვედრა
ყმაწვილი ველოსიპედით მიდიოდა ქალაქში. გზაში შემოხვდა ავტომანქანა, რომელშიც ექვსი მგზავრი იჯდა.
თითოეულ მგზავრს მიჰყავდა თითო ქათამი და მიჰქონდა თითო წყვილი ფეხსაცმელი.
რამდენი სულიერი არსება მიემგზავრებოდა ქალაქში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
25. დები და ძმები
მე მყავს შვიდი ვაჟი. თითოეულ მათგანს თითო და ჰყავს.
რამდენი შვილი მყოლია მე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
26. ვინ არის გოგონას მამა?
ამ გოგონას მამა მამაჩემის შვილია, მაგრამ მე თვითონ არც და მყავს და არც ძმა.
მაშ, ვინ არის ამ გოგონას მამა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
27. რამდენი წლის არის კაპიტანი?
წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გემის კაპიტანი ხართ. გემზე არის 25 მეზღვაური. თითოეული მათგანი 25 წლისაა.
რამდენი წლისაა კაპიტანი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
28. რამდენს იწონის მიწა?
რამდენი კილოგრამი მიწის ამოღება შეიძლება ორმოდან, რომლის სიგანე და სიღრმე ორ - ორი მეტრია?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
29. ამინდის პროგნოზი
თუ ღამის 12 საათზე დიდი წვიმაა, შეიძლება თუ არა ვიწინასწარმეტყველოთ, რომ 72 საათის შემდეგ იქნება კაშკაშა მზიანი ამინდი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
30. რამდენი ღირს ტარანი?
ერთნახევარი ტარანი ღირს თეთრნახევარი.
რამდენი ეღირება 10 ტარანი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
31. რამდენ სოკოს იპოვნიან?
ტყეში ორნი წავიდნენ და ხუთი სოკო იპოვნეს.
რამდენ სოკოს იპოვნიდნენ, ოთხნი რომ წასულიყვნენ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
32. რომელი უფრო ძვირია?
რომელი უფრო ძვირია: ერთი კილოგრამი 10 თეთრიანები თუ ნახევარი კილოგრამი 20 თეთრიანები?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
33. რა ზომისაა კუთხე?
ხუთგრადუსიან კუთხეს ათვალიერებენ ლუპით, რომელიც ოთხმაგად ადიდებს.
რა სიდიდის გამოჩნდება კუთხე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
34. რომელი წელია?
XX საუკუნის რომელი წელია, რომ გადავაბრუნოთ თავდაყირა და არ შეიცვლება?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
35. როგორ მოვიქცეთ?
რიცხვი 6666 გვინდა გავადიდოთ ერთნახევარჯერ, ისე, რომ არ მოვახდინოთ მასზე არავითარი არითმეტიკული მოქმედება.
როგორ მოვიქცეთ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
36. რომელი რიცხვებია?
რომელი ორი რიცხვია, რომლებიც ჯამში გვაძლევს 55 -ს, მაგრამ ერთი მათგანი მეტია მეორეზე 50-ით.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
37. როგორ მივიღოთ ორი ათასი?
როგორ გავყოთ 1888 შუაზე ისე, რომ მივიღოთ ორი რიცხვი - თითო ათასის რაოდენობით.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
38. როგორ მივიღო შვიდი?
გაყავით თორმეტი შუაზე ისე, რომ ერთი ნახევარი უდრიდეს შვიდს.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
39. შებრუნებული რიცხვები
რომელი რიცხვები არ იცვლება, როდესაც მას შევაბრუნებთ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
40. ვის ეხურა დიდი ქუდი?
ვის ეხურა მე-18 საუკუნის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ზომის ქუდი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
პასუხები |
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა |