* * * * * * *
წმინდა ცხედარი ქალაქგარეთ გაიტანეს და იმ ადგილას მიიტანეს, რომელსაც საგოდებელს, სასაფლაოს უწოდებენ.
გადმოიღეს წმინდანის ნეშტი ურმიდან, დადეს მიწაზე. მოიტანეს შეშა, თივა და ნავთი, დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
მოწამის ნეშტი იმ ადგილას დაწვეს, რომელიც ქალაქის ციხის აღმოსავლეთით, დიდი მდინარის - მტკვრის კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს და სადილეგო, ციხეების ადგილი ჰქვია.
სარკინოზებმა იქ ერთი ქრისტიანიც კი არ მიუშვეს, ვიდრე არ დაასრულეს ეს უკეთური საქმე, ხოლო მარტვილის ძვლები, რომელიც დაწვას გადაურჩა, ცხვრის ტყავში საგულდაგულოდ გამოკრეს, წაიღეს და მტკვარში გადაყარეს.
მაშინ, ქრისტიანმა მოსახლეობამ დათრგუნა ხელისუფალ სარკინოზთა შიში და ყველამ იმ ადგილს მიაშურა, სადაც წმინდა მოწამის ცხედარი დაწვეს.
მოხუცებულები მირბოდნენ ყავარჯნებით, კოჭლები - ხტოდნენ როგორც ირმები, ახალგაზრდები მიიჩქაროდნენ, ბავშვები მირბოდნენ და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. ქალები ჰგავდნენ მენელსაცხებლე დედებს, რომლებსაც სირბილით მოჰქონდათ ნელსაცხებელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის შეწირული წმინდანის საფლავზე.
იმ ადგილას ბევრი სნეული მიჰყავდათ, რომლებიც იმავე დღეს იკურნებოდნენ. ყოვლისშეძლე ღმერთმა კი უფრო მეტად გამოავლინა თავისი ძლიერება და დიდება მიანიჭა ქრისტეს მოწამეს - სასწაული მოავლინა, რათა ყველას გაეგო, რომ აბო წმინდანია.
ღამის პირველ საათზე, უფალმა ზეციდან მოკაშკაშე ვარსკვლავი მოავლინა, რომელიც იმ ადგილას დაეშვა, რგორც ანთებული ლამპარი.
მეორე ღამეს კი წყალმა გამოაშუქა გასაოცარი ნათება. ირგვლივ ყველაფერი გაცისკროვნდა - მდინარის კლდოვანი ნაპირები და ხიდი. ამას მთელი ქალაქი ხედავდა. ყველამ ირწმუნა, რომ აბო ჭეშმარიტად ღვთის ძის - იესო ქრისტესთვის ეწამა.
* * * * * * *
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • აბოს წამება / შინაარსი |