* * * * * * *
ახლა კი მოდით, ქრისტეს მორწმუნენო, ვიდღესასწაულოთ ხსენების დღე ახალი მოწამისა აბოსი, რომელიც მთელს ჩვენს ქვეყანას შემწედ მოუვლინა ქრისტემ. ქება შევასხათ მის დიდ ღვაწლს და ვთქვათ:
„გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლისაგან! რადგან შენ ჩვენი მაცხოვრის უკანასკნელი მუშაკი ხარ, რომელიც დღისით დაქირავებულ, ადრე ამდგარ მუშაკებს გაუთანასწორდი და მათზე ნაკლები გასამრჯელო არ მიიღე.
ვინ შეგაქებს ისე, როგორც შეგეფერება? შენი ქება მინდა, ყოვლად საქებო, ქრისტეს მოწამევ, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ჩემს გონებას აღემატება შენი სათნოების ქება და ამასთანავე დადუმებისაც მეშინია, რადგან ქრისტეს მიერ მონიჭებული სიყვარულით შემიყვარე მე, ვიდრე ამქვეყნად იყავი.
ძალიან გვაკვირვებ, წმინდა მოწამეო, რადგან სარკინოზთა ბატონობის დროს, დიდებას შენივე ნებით, ქრისტესთვის თავმდაბლობა და თავდადება არჩიე, ძალადობაზე დამყარებული რწმენა უარყავი, ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარე და ჯვარცმული სცანი უფლად და ღმერთად.
შენი წყალობით, წმინდაო მოწამეო, ქრისტეს სიყვარული ჩვენდამი და მისდამი ჩვენი რწმენა კვლავ განახლდა, რადგან უცხოტომელებს შევერიეთ, ქრისტეს რჯულისგან განდგომილებს, წუთისოფლის მოყვარე ხალხს, რომელსაც ღვთის ძე იესო ქრისტე არ სწამს, ჩვენი სარწმუნოების მაგინებლებს, რომელთაგანაც მანკიერი ცხოვრების წესი ვისწავლეთ და მათი წაბაძვით ჩვენს სურვილებს ვემონებოდით, თითქოს ქრისტეს იმედი დავკარგეთ და დაგვავიწყდა მარადიული ცხოვრების არსებობა.
ქრისტეს მორწმუნენი შენატრიან შენს დიდებულებას, შენს ღვაწლს, შენს შემართებას, შენს ტანჯვას, შენს მიერ ზეციური გვირგვინის მოპოვებას.
როგორ უნდა გაქო, ღვაწლის მტვირთელო, წმინდა მოწამეო? რადგან შენ, ქრისტეს გზაზე ახლახან შემდგარი, მასწავლებლად მოგვევლინე, სწავლულს გულისხმიერება შეჰმატე, რწმენაშერყეულნი რწმენაში განამტკიცე, რწმენაში განმტკიცებულნი კი გაახარე.
ურჯულოებს ქრისტეს მსახურება მონდომე, შენი მოსახსენებელი დღე დაგვიტოვე, რათა შენი ღვაწლი ყველას ვაუწყოთ.
ახლა კი ვევედრებით შენს ქრისტესმოყვარეობას: გვიშუამდგომლე მაცხოვართან. შენს მოსახსენებელ ღვთისმსახურებას ვასრულებთ და ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
* * * * * * *
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • აბოს წამება / შინაარსი |