როგორც რაოდენობრივად იზრდებოდა, ისე სულიერად მდიდრდებოდა ძმობა. იმ დროს მოვიდნენ მამა ეპიფანე და მღვდელი მატოი ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.
ზენონი წარჩინებული კაცის შვილი იყო და ღვთისმოსაობაში იყო აღზრდილი და სიწმინდით ცხოვრობდა. რამეთუ ღვთისმოშიში იყო და მონაზვნობა უნდოდა. და როდესაც მშობლები გარდაეცვალა, მათ მთელი ქონება დაუტოვეს ზენონსა და მის დას, რომელიც ზენონთან ერთად ცხოვრობდა.
ზენონს სურდა მამისეული და დედისეული ქონება დისთვის დაეტოვებინა თავისი სურვილით, თვითონ კი ბერად შემდგარიყო განმარტოებით. და ამას რომ აპირებდა ყმაწვილი, მისი და ეშმაკის მოწადინებით შეაცდინა ერთმა უკეთურმა კაცმა და მთელი ღამით წავიდნენ შავშეთში. ხოლო როდესაც ზენონმა ეს ამბავი შეიტყო, აისხა იარაღი, ცხენზე შეჯდა და მარტო დაედევნა მათ. დიდხანს რომ იარა, გაიფიქრა:
- სახელოვანი ყმაწვილი ვარ და ვისაც მივდევ, არად ჩასაგდებია. რომც დავეწიო და მოვკლა, საცდურია ჩემი სულისთვის, თუ უკან დავბრუნდი გაწბილებული, სირცხვილია. ახლა კი დროა მონაზნობის აღთქმა აღვუსრულო უფალს.
და განმტკიცდა ნეტარი ზენონი, რადგან ქონების დატოვება სისხლის დათხევის მსგავსია (მსხვერპლის გაღებაა ქრისტიანობისთვის).
გადაიწერა პირჯვარი და მერეში დედა ფებრონიასთან წავიდა, რადგან მისი ნათესავი იყო. ღვთის ნებით, იქ იმყოფებოდა მამა გრიგოლი. დედა ფებრონიამ შეავედრა და ჩააბარა უმანკო კრავი (ზენონი) მას, კეთილ მწყემსს (გრიგოლს), რომელმა წამოიყვანა ზენონი ხანძთაში.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |