როდესაც გაიგო ნეტარმა გრიგოლმა თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის ამბავი, მეტად შეწუხდა და თან წაიყვანა ოთხი ძმა და წავიდა რჩეული კრავების (იგულისხმება ბერები) საძიებლად.
როცა მწყემსმა კეთილმა (გრიგოლმა) ქართლის სანახებს მიაღწია, ძმების ძიებაში, ღვთის ნებით, იპოვა ყმაწვილი ეფრემი, ღვთის ღირსი, დაიმოწაფა და ასე უბრძანა:
- აფხაზეთიდან რომ დავბრუნდები, ხანძთაში წაგიყვან.
თვითონ კი აფხაზეთში წავიდა და როდესაც ხელმწიფის წინაშე წარდგა, მეფე წამოდგა, შეეგება და სიმდაბლით მოიკითხა. ხოლო წმინდანი დიდხანს ლოცავდა მას და აკურთხებდა.
ნეტარმა გრიგოლმა თქვა:
- მეფევ, ღვთისმსახურო და დიდებულო, შენთან მოსულან ჩემი ძმები, წმინდა მამები, და სწორედ ამის გამო მოვედი აქ. ბრძანოს შენმა ხელმწიფებამ და მოვიდნენ ისინი ჩვენთან.
ხოლო მეფეს გაუჭირდა მათი გამოჩენა და თქვა:
- არ მოსულან აქ ასეთი ბერები, რომელთაც ბრძანებს შენი სიწმინდე.
მაშინ ნეტარი გრიგოლი მეფის ნათქვამის გამო განრისხდა და თქვა:
- მეფეო, მომეცი ჩემი ძმები, რომლებიც შენთან არიან.
და რადგან მეფეს სიტყვის თქმა აღარ შეეძლო წმინდანის მიერ სამართლიანი მხილების გამო, ბრძანა ბერების მოყვანა.
და როდესაც ბერებმა იხილეს მამა გრიგოლი, აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან.. ხოლო წმინდანმა წამოაყენე ისინი და სიყვარულით ჩაიხუტა და უფალს ჰმადლობდა მათი პოვნისთვის.
მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:
- წმიდაო მამაო, აჰა აღსრულდა ნება შენი, ახლა უფალმა შეასრულოს ჩემი სურვილიც, რადგან მწადია მონასტრის აშენება, ბრძანე და დავათვალიეროთ აფხაზეთის მიდამოები და სადაც შენი სიწმინდე ინებებს, მონასტერიც იმ ადგილას ავაშენოთ.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |