ახლა მოვიგონოთ ადრე ნახსენები მარად მოსახსენებელი ღირსი მამები: არსენი და ეფრემი, გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილნი.
დიდი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსი გახდა, დიდი არსენი ქართლის, უფლის კვართის სამკვიდრებლის მცხეთის, კათოლიკოსი შეიქნა და დიდი სიყვარული სუფევდა მათ შორის, რადგან ერთად იყვნენ აღზრდილები.
ქართლის ეპისკოპოსები მირიან დიდებულს, არსენის მამას, მეტად დაემდურნენ იმ მიზეზით, რომ ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე, ეპისკოპოსთა მცირე ჯგუფის მხარდაჭერით თავისი ძე, არსენი, კათოლიკოსად დაადგინა.
გუარამ მამფალი დიდ მირიანზე გულმოსული იყო, ამიტომაც სასწრაფოდ ბრძანა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოე მამათა შეკრება. ყველანი ჯავახეთში შეიკრიბნენ.
მამა გრიგოლი იქ არ იყო. გულით ელოდა ყველა მას, ცალ-ცალკე თათბირობდნენ რჯულის მასწავლებლები და ვერაფერი გადაწყვიტეს. მაშინ ერუშეთის ეპისკოპოსმა თქვა:
- როდესაც მოვა უდაბნოს ვარსკვლავი (გრიგოლი), მაშინ მოგვარდება საქმე.
მაშინვე იხილეს წმინდა გრიგოლი, ვირით მომავალი მამათა შორის, საკვირველი სანახავი, რადგან უბრალო სამოსელი, რომელიც მოხუცებულს ემოსა, ჰგავდა ნათლის სამოცელს, რაღაც ზეგრძნობადს, ხოლო თავზე კუკული (კუნკული - მონაზვნის თავსაბურავი) ეხურა, როგორც სამეუფო გვირგვინი, შემკობილი ძვირფასი თვლებითა და ფასდაუდებელი მარგალიტებით.
როდესაც იხილეს გრიგოლის ღვთისმიერი დიდებულება, ყველა სიხარულით მიეგება და მის ნათქვამს დაუჯერეს.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |