როგორც კი კურაპალატი არტანუჯში დაბრუნდა, ქალი მოიკითხა. რომ ვერ ნახა და შეიტყო ყოველივე მომხდარი, მეტად შეწუხდა. რადგან ხელმწიფე რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო ტრფიალების მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის ხრიკებით იყო ძლეული, ამიტომაც თავმოყვარეობა დაივიწყა და მაშინვე მერეს მონასტერში წავიდა.
ნეტარმა ფებრონიამ დამალა დედაკაცი. როდესაც ღვთისმშობლი სახელობის ეკლესიაში კურაპალატმა ილოცა და მიიღო დედა ფებრონიასგან კურთხევა, თქვა:
- იცი, დედაო, რისთვის მოვედი?
ხოლო ფებრონიამ თქვა:
- უფალმა იცის, რისთვისაც ბრძანდები აქ.
ხელმწიფემ თქვა:
- იმიტომ მოვედი, რომ ჩვენი სასახლის საგანძურის მცველი ქალი, რომლის ხელთ იყო მთელი ქონება, მამა გრიგოლს აქ წამოუყვანია, ბევრი განძი დაგვაკლდა, უბრძანე, რომ ერთხელ სასახლეში მოვიდეს და ყველაფერი თვლით ჩაგვაბაროს და შემდეგ ისევ თქვენთან დაბრუნდეს, როგორც უნდოდეს.
ხოლო ფებრონიამ უთხრა მეფეს:
- კაცთა ცოდვების მიზეზთა ძიება კვლავ უფრო დიდი ცდუნებაა.
როდესაც კურაპალატმა ეს გაიგო, შერცხვა სამართლიანი საყვედურის გამო და კარგახანს დადუმდა, როგორც ძლეული, რადგან ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულიერად ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს, საღმრთო შურით აღჭურვილებმა. ხოლო შეწუხებულმა კურაპალატმა გულისტკივილით თქვა:
- ნეტა იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არის!
სწრაფად ადგა ხელმწიფე და წასვლა დააპირა, ხოლო დედა ფებრონია მშვიდად ეპატიჟებოდა, სტუმრად დარჩიო, რადგან არ დაემორჩილა მას.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |