გამოეთხოვა სპარსეთის მეფეს პიტიახში და როდესაც ქართლის საზღვარს, ჰერეთს, მიაღწია, განიზრახა ეუწყებინა, რომ მიგებებოდნენ აზნაურები, მათი შვილები და მსახურები, რათა მათი მეშვეობით, როგორც ქვეყნის ერთგული, ისე შესულიყო საკუთარ სამფლობელოში.
როდესაც დაბა ცურტავში მივიდა, პიტიახშმა სადესპანო ცხენით გააგზავნა თავისი მონა.
ვარსქენის გამოგზავნილი კაცი შევიდა შუშანიკთან, ჩვენს დედოფალთან და მოიკითხა, ხოლო სანატრელმა შუშანიკმა, როგორც წინასწარმეტყველმა მიუგო:
“თუ ის სულით არ დაცემულა, შენც და ისიც ცოცხლები ხართ; თუ სული წარიწყმიდეთ, შენი მოკითხვა შენვე მოგიბრუნდეს.”
იმ კაცმა ვეღარაფერი ჰკადრა დედოფალს. ხოლო წმინდა შუშანი აფიცებდა მას და დაჟინებით ეკითხებოდა. ხოლო იმ კაცმა აღიარა სიმართლე და უთხრა:
“ვარსქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი”.
ეს რომ შუშანიკმა შეიტყო, დავარდა და თავს დაბლა ურტყამდა და მწარე ცრემლებით ამბობდა:
“საცოდავია უბადრუკი ვარსქენი, რადგან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და ურჯულოებს შეუერთდა”.
დატოვა დედოფალმა სასახლე და ღვთისმოშიშებით ეკლესიას მიაშურა და თან წაიყვანა სამი ვაჟი და ერთი ასული; შვილები საკურთხევლის წინ დააყენა და ასე ლოცულობდა:
“უფალო ღმერთო, შენი მოცემულნი არიან და შენვე დაიცავი, წმინდა ემბაზისგან სულიწმიდის მადლით განათლებულნი. ყოფად ერთ სამწყსოდ ერთისა მწყემსისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი”.
და როდესაც საღამოს ლოცვა აღესრულა, გამწარებული ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა სახლში შევიდა, ერთ კუთხეში კედელს მიეყრდნო და მწარედ ატირდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |