ორი დღის შემდეგ სასახლეში მოვიდა “მგელ იგი” ვარსქენი და უთხრა მსახურებს:
”დღეს მე, ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა ერთად უნდა ვივახშმოთ და ნურავის მისცემთ ჩვენთან შემოსვლის უფლებას.”
და როდესაც შებინდდა, უხმეს ჯოჯიკის ცოლს სავახშმოდ, რათა მოეყვანათ წმინდა შუშანიკიც. და როდესაც პურობის დრო მოახლოვდა ჯოჯიკი და მისი ცოლი შუშანიკთან შევიდნენ, რათა მისთვისაც ეჭმიათ პური, რადგან ამ ხნის მანძილზე დედოფალს არაფერი ეგემა, და ძალით წაიყვანეს სასახლეში.
შუშანიკმა პირი არაფერს დააკარა, ხოლო ჯოჯიკის ცოლმა მას ღვინით სავსე ფიალა მიაწოდა, რათა ეს მაინც შეესვა. განრისხებულმა შუშანიკმა თქვა:
“როდის ყოფილა, რომ ქალსა და კაცს ერთად ეჭამათ პური?!”
დედოფალმა გაიქნია ხელი და ღვინით სავსე თასი სახეში შეალეწა ჯოჯიკის ცოლს, ღვინო კი დაიქცა.
მაშინ დაიწყო ვარსქენმა გინება და შუშანიკის წიხლებით ცემა, შემდეგ კი აიღო ასტამი, სახეში ჩაარტყა და თვალი დაუსია.
იგი უწყალოდ ურტყამდა სახეში მუშტებს და თმით ათრევდა დედოფალს. გამხეცებული ვარსქენი ყვიროდა, როგორც მძვინვარე მხეცი და ცოფიანივით ღრიალებდა.
მაშინ მისაშველებლად წამოდგა ჯოჯიკი და იბრძოდნენ მანამ, სანამ მასაც არ მოხვდა, ვარსქენმა მას თავიდან კუბასტი მოგლიჯა და ძლივს გამოაცალა ჯოჯიკმა ხელიდან ვარსქენს შუშანიკი, ისე როგორც მგელს კრავი.
მკვდარივით იწვა შუშანიკი მიწაზე, ვარსქენი კი აგინებდა მის გვარ-ჯიშს და ოჯახის მაოხრებელს ეძახდა; ბოლოს ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ფეხებზე ბორკილი დაედოთ.
როდესაც ვარსქენი ოდნავ დაწყნარდა, მოვიდა სპარსი და ეხვეწებოდა პიტიახშს, ბორკილები აეხსნა წმინდა შუშანიკისთვის.
იმდენი ევედრა, რომ ბოლოს ვარსქენმა ბრძანა, ბორკილებისგან გაეთავისუფლებინათ დედოფალი და ერთ პატარა ოთახში შეეყვანათ. კარზე კი საგულდაგულოდ მცველი დაუყენა, რათა მის სანახავად არავინ შესულიყო - არც ქალი და არც კაცი.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |