დიდმარხვის დღეებში ნეტარი შუშანიკი წმინდა ეკლესიაში წავიდა, მის მახლობლად პატარა სენაკი მოიძია და იქ განმარტოვდა. სენაკს პატარა სარკმელი ჰქონდა, და ჩარაზა იგი და იყო იქ მარხვით, ლოცვით და ტირილით.
და უთხრა პიტიახშს ერთმა მისმა მახლობელმა:
”ამ წმინდა მარხვაში ნურაფერს ეტყვი მას.”
აღდგომის ორშაბათს პიტიახში ბრძოლიდან დაბრუნდა, ეშმაკი უმღვრევდა გულს. წავიდა იგი ეკლესიაში და ეპისლოპოს აფოცს ეუბნებოდა:
”დამიბრუნე ჩემი ცოლი, რატომ დამაშორე მას?”
და დაიწყო პიტიახშმა უშვერი სიტყვებით გინება და ღმერთის გმობა, ხოლო ერთმა მღვდელმა უთხრა მას:
“უფალო, რატომ იქცევი ასე, ამბობ ამგვარ ბოროტებას, აგინებ ეპისკოპოსს და რისხვით იხსენიებ წმინდა შუშანიკს?”
ხოლო მან კვერთხი ჩაარტყა მღვდელს ზურგში და ისიც დადუმდა.
ტალახსა და ეკლებში მოათრევდა ვარსქენი შუშანიკს ეკლესიიდან სასახლემდე. დედოფალი მკვდარს ჰგავდა - ადგილ-ადგილ ეკალბარდი დაჰფენოდა. და თვითონ ფეხს დგამდა ეკლებზე, და შუშანიკს სამოსელი და ხორცი მკერდზე წვრილ-წვრილად გადაგლეჯოდა.
და ასეთ მდგომარეობაში მოათრიეს იგი სასახლეში. ვარსქენმა მისი შეკვრა და ცემა ბრძანა, ბოროტებდა და ამბობდა:
“აჰა ესე, არ გამოგადგა ეკლესია შენი და არც ქრისტიანები, რომლებიც ზურგს გიმაგრებენ და არც უფალი მათი. “
და როდესაც დედოფალს სამსაჯერ დაარტყეს ჯოხი, მას არც კი დაუკვნესია. მაშინღა უთხრა შუშანიკმა ურჯულო ვარსქენს:
”უბედურო, საკუთარი თავი არ დაინდე და ღმერთს განუდექი და მე შემიწყალებ?”
როდესაც იხილა ვარსქენმა, რომ შუშანიკს სათუთი სხეულიდან სისხლი სდიოდა, ბრძანა, მისთვის კისერზე ჯაჭვი დაედოთ. და უბრძანა ერთ სენაკაპანს , შუშანიკი ციხეში წაეყვანა და ბნელ საპყრობილეში ჩაეგდო, რათა დედოფალი მომკვდარიყო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |