ორი დღის შემდეგ სასახლეში მოვიდა მგელივით მრისხანე ვარსქენი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, თავის ძმა ჯოჯიკთან და მის ცოლთან ერთად ევახშმა.
როდესაც შებინდდა, ვარსქენმა შუშანიკის მოყვანაც ბრძანა.
ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა ძალით წაიყვანეს დედოფალი სასახლეში და დიდხანს ევედრებოდნენ, რამე ეჭამა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში დედოფალს არაფერი ეგემა, მაგრამ წმინდანმა პირი არაფერს დააკარა, ხოლო ჯოჯიკის ცოლს გამოწვდილი ღვინით სავსე ფიალა სახეში შეალეწა და შეახსენა, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად სადილობას ტრადიცია კრძალავდა.
მაშინ დაიწყო ვარსქენმა გინება და შუშანიკის წიხლებით ცემა. იგი უწყალოდ ურტყამდა მუშტებს სახეში და თმით ათრევდა დედოფალს.
გამხეცებული ვარსქენი ყვიროდა, როგორც მძვინვარე მხეცი და ცოფიანივით ღრიალებდა. მისაშველებლად ჯოჯიკი წამოდგა და ძლივს გამოაცალა შუშანიკი ვარსქენს ხელიდან, როგორც მგელს - კრავი.
მკვდარივით იწვა შუშანიკი, ვარსქენი კი აგინებდა მას და ოჯახის მაოხრებელს ეძახდა; ბოლოს ბრძანა, შეეკრათ დედოფალი, ფეხებზე ბორკილი დაედოთ და ერთ პატარა ოთახში შეეყვანათ.
ვარსქენმა შუშანიკს კარზე საგულდაგულოდ მცველი დაუყენა, რათა მის სანახავად არავინ შესულიყო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება/შინაარსი |