დღითიდღე იზრდებოდა გრიგოლის საძმო. ბევრ ადამიანს ეწადა იქ მოხვედრა. გრიგოლს განსაკუთრებული მეგობრობა მერეს დედათა მონასტრის წინამძღვართან, სამცხიდან მოსულ დედა ფებრონიასთან აკავშირებდა.
სწორედ მისი მეოხებით აღმოჩნდა გრიგოლის საძმოში წარჩინებული ოჯახისშვილი ზენონი, შემდგომში გრიგოლის განუყრელი მოწაფე.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ზენონმა თავისი ქონება დას დაუტოვა (ქონების დატოვება ხომ ქრისტიანობისთვის სისხლის დათხევის ტოლფასია), თვითონ კი ბერად შედგომა განიზრახა.
სწორედ მაშინ დაატყდა თავს საბრალო ყმაწვილს საზარელი განსაცდელი - მისი და ერთმა უკეთურმა კაცმა შეაცდინა. აისხა ზენონმა იარაღი, ცხენს მოახტა და მისი ოჯახის ღირსების შემლახავს დაედევნა.
“თუ დავეწიე, აუცილებლად მოვკლავ და სულს წარვიწყმედ, - ფიქრობდა გზაში ყმაწვილი, - სახლში დავბრუნდები და სახელს შევირცხვენ. დროა აღთქმა შევუსრულო უფალს და მონაზვნად აღვიკვეცო”.
გადაისახა პირჯვარი ზენონმა და საღმრთო გზას დაადგა. ასე მოხვდა იგი დედათა მონასტერში, სადაც ბედად გრიგოლიც იმყოფებოდა.
ფებრონიამ ზენონი გრიგოლს წარუდგინა და მისი ამბავი მოუთხრო. მაშინ გრიგოლმა ყმაწვილი საძმოში წაიყვანა და მას შემდეგ ზრუნვა არ მოუკლია მისთვის. ზენონი სიკვდილამდე აღარ განშორებია საყვარელ მოძღვარსა და მასწავლებელს.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |