გრიგოლის მოსვლის შემდეგ ხანძთაში მორწმუნენი გამრავლდნენ, ამიტომაც გადაწყვიტა მონასტრის წინამძღვარმა, თავისი სამონასტრო წესდება შეექმნა, სადაც მკაცრად იქნებოდა განსაზღვრული ბერ-მონაზვნების უფლება-მოვალეობები.
გრიგოლმა იერუსალიმში მიმავალი მეგობარი მოძებნა და იქიდან საბაწმინდის ლავრის წესდების ჩამოტანა სთხოვა, თვითონ კი წმინდა ადგილების მოსანახულებლად კონსტანტინეპოლში გაემგზავრა.
მალე დაბრუნდა გრიგოლი ხანძთაში, ამასობაში იერუსალიმიდან კაციც ჩამოვიდა და გრიგოლს დანაბარები მოართვა. საბაწმინდის წესდების მიხედვით შეადგინა ღირსმა მამამ თავისი სამონასტრო კანონიც, ათასგზის აწონ-დაწონა და განჭვრიტა ყოველივე.
წესდების მიხედვით ბერებს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა მოეთხოვებოდათ. მათ მოთმინებით, სიმდაბლითა და სიმშვიდით უნდა ეცხოვრათ; დაეცვათ მარხვა და ელოცათ. ფსალმუნი მუხლმოყრით წაეკითხათ; გალობა და ლოცვა დინჯად და აუჩქარებლად უნდა ეთქვათ.
ლოცვის დროს არა თუ დაჯდომა, კედელზე მიყრდნობაც კი ეკრძალებოდათ. ეკლესიაში ძილი და უსაქმოდ ყოფნა ხომ დაუშვებელი იყო.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |