- რა გვეთქმის, მოძმენი ვერ დაგემდურებით, - უთხრა ავთანდილმა ფრიდონს: - ჯან-ღონით სავსე ხარ, არაფერი გტკივა და გალომებული მკლავის მოიმედე "თათბირობ ძნელთა თათბირთა”, ხიფათს არ უფრთხი. მაგრამ, აბა, ყური დაუგდე, რა ახლო-ახლოს ისმის გუშაგთა ძახილი! ნუ გგონია, შეუმჩნევლად გადახვიდე, აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და თოკს გადაგიჭრიან, მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაგიარა?! არა, ეგ რჩევა არ გამოგვადგება, საქმეს სხვარიგად უნდ ვუშველოთ.
"სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა."
კარგად იცით, ისინი ქალაქს შემავალ მგზავრს არ იჭერენ. სჯობია, თქვენ აქ სადმე უჩინარ ადგილას დაიმალოთ, მე კი ვაჭრულად მოვიკაზმები და თავს მოტყუებით შევაპარებ. მარტო უნდა წავიდე, სამივე რომ ერთად გვნახონ, ვაითუ განზრახვას მიგვიხვდნენ. იარაღს და აბჯარს უჩუმრად ერთ ჯორს ავკიდებ და როცა შევალ, მალულად ავისხამ...
ღმერთმა ქნას, "უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!” გარეთ ლაშქარს თქვენ ეკვეთეთ, როგორც გმირები, შიგნითა მცველებს თვითონაც ადვილად გავუმკლავდები. თუ რამ კლიტეებია, დავლეწავ და კარებს გავაღებ, ვერაფერი შემაჩერებს! მე ეს მირჩევია და, თუ რამ სხვა სჯობდეს, თავად ბრძანეთ:
"შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
კართა გავახვამ, მომართეთ, კივილი გესმას ხშირი სად.
და თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად".
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |