ერთი სახელოვან, მოწყალე და ძლიერ მეფეს ერთი ექიმი ჰყავდა, რომელსაც უკურნებელი სენი მოურჩენელი არ დარჩებოდა.
მეფის ორი დიდებული დასნეულდა სასტიკი სენით. ერთი ისეთი შეკრულ იყო მუცელში, თხუთმეტს დღეში ერთხელ ვერ გავიდოდა. და მეორე ისე გახსნილიყო, დღეში ორმოცჯერ გადიოდა.
დიდად დაშვრა ექიმი მათ ექიმობაზე და ვერაფრით გაჰკურნა. მეფე მრავალგზის კითხულობდა მათ ამბავს.
ერთ დღესაც მოეხვია ექიმი მეფეს მუხლებზე და მოახსენა:
- თუ რისხვა გნებავს ჩემი, მომკალი და თუ მწყალობ, ამათ ექიმობას მომარიდე. ერთისათვის იმაზე ვაღამებ დღეს: კუჭში ცოტაზე გავიდეს, და მეორესთვის იმაზე ვათევ ღამეს: როდეს მეღირსოს მისი კუჭი გასვლა! ჩემის სიმდიდრისათვის მეფეს ვევედრები და ცხონებისათვის ღმერთს. ღვთის ხვეწნა ამით დავასრულე და აწი რომელ ერთს ვეღირსოო?!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი