ერთ მთაში მომცრო (პატარა), წვიმის წყლით სავე გუბე დამდგარიყო. მივიდა ერთი იხვი და გუბეში დაბინავდა.
ერთი მყვარი (ბაყაყი) დაეძმობილა იხვს. ერთად ცხოვრობდნენ და რასაც იშოვნიდნენ, ერთად შეექცეოდნენ.
როცა მზე ძალიან მცხუნვარე გახდა და ზაფხულის სიცხემ მოიმატა, გუბეში წყალმა კლება დაიწყო.
იხვმა უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი გამოვიცვალოთო!
მყვარმა უპასუხა: შენ აქეთ-იქით ხეტიალს ხარ მიჩვეული, მე კი სამკვიდროს ვერ დავტოვებო!
იხვი გაფრინდა და სადაც დიდი წყალი იყო, იქ დასახლდა.
მყვარმა სამკვიდრო არ დატოვა.
ცოტა ხნის შემდეგ იხვმა თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, როგორ არისო?
მივიდა და ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო.
იხვმა უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს, ჩემეულად ხეტიალი სჯობნებიაო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი