იყო ერთი მოურავი. ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ მისი ხელობის კაცნი გადაემტერნენ და მეფესთან დაასმინეს. მეფემ წაართვა მოურავობა და სხვას უბოძა.
ახალი მოურავი ავი და მოძალადე კაცი გამოდგა და ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა. დაღონდნენ მომჩივანნი და თქვეს:
- მეფეს სხვა მოურავს ვეღარ ვთხოვთ და აწი რაღა ვქნათო?
შეიყარნენ კაციან-ქალიანად, ხელის თითებზე სანთლები დაინთეს და ფოლორცში (ქუჩაში) სვლა დაიწყეს.
მეფემ იკითხა:
- რატომ დადიხართო?
მათ მოახსენეს:
- მაშინ რომ მოურავი გავაძევეთ, მას ვეძებთ და ვერ გვიპოვნიაო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი