ერთ სოფელში კლდიანი ხევი და ციცაბო, ღრმა ხრამი იყო; ირგვლივ მთები ესაზღვრებოდა. ხრამზე ხიდი იყო გადებული და იმ თემის ხალხი მასზე დადიოდა.
ხრამთან ქაჯებმა დაიმკვიდრეს ადგილი და მასზე მიმავალ კაცს ზოგჯერ ქვას ესროდნენ, ზოგჯერ კი აშინებდნენ და ჭკუიდან შლიდენ.
შეწუხდა მთელი თემი, მაგრამ ვერც მათ და ვერც იმ ადგილის მეფემ ქაჯებს ვერაფერი მოუხერხეს.
ერთ დღეს, მეფესთან ერთი კაცი გამოცხადდა და მოახსენა:
- თუ მიბრძანებ, გემსახურებიო!
დაუმადლა მეფემ და წავიდა კაცი, თან წაიღო ორი ორძალი (ქნარი), ორი ხირაული (საკაცე), ერთი ქიშა (საწდე) ღვინო, ერთი ქიშა საძილე წამალი, ორი ფიალა და ერთი ღორის ჯაგრის თოკი.
მივიდა ხიდთან. ერთი საკაცე, ქნარი, ფიალა და საძილე წამალი ხიდის გაღმა დააწყო. ხიდის გამოღმა მეორე საკაცე დადგა, თოკი ქვეშ დაიდო და ზედ დაჯდა. შემდეგ ღვინო მოიდგა და ქნარის დაკვრა დაიწყო. მღეროდა, თან ღვინოს სვამდა და მარტოობის ლექსს ამბობდა.
ნახეს ქაჯებმა ეს ამბავი. ორნი იყვნენ; მივიდნენ, საკაცეზე დასხდნენ და მათაც დაიწყეს სმა და ქნარის დაკვრა. მოეკიდათ საძილე წამალი და ორთავეს დაეძინათ. ადგა კაცი, ორივე ქაჯი საკაცეზე დააწვინა, ღორის თოკით მაგრად შეკრა და მეფესთან მიიყვანა.
ამასობაში ქაჯებსაც გაეღვიძათ.
მეფემ ჰკითხა:
- თქვენ ხართ ქაჯებიო?
ქაჯებმა მოახსენეს:
- ჩვენ არა ვართ, ეს თქვენი კაცი ყოფილა ქაჯიცა და ეშმაკიცო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი