ერთმა მეფემ, როცა სიკვდილის დრო მოუახლოვდა, დაიბარა შვილი და უთხრა:
- სხვა ანდერძს არ გიტოვებ, ოღონც ეს შეასრულე: ქოსა კაცი შენს საბრძანებელში არ გააჭაჭანოო!
მოკვდა მეფე და გამეფდა მისი შვილი, რომელსაც ისე სძულდა ქოსა კაცი, მის სახსენებელსაც კი ვერავინ ახსენებდა.
ერთ დღეს, ერთმა ქოსამ ყვავილი მიუძღვნა. იწყინა მეფემ, მიუშვა ხელარგნოსანი (ხელჯოხიანი) კაცი და ქოსა იმდენი აცემინა, სანამ გული არ წაუვიდა. ბოლოს შეეცოდა მეფეს და თქვა:
- ნუ მოკლავთ, ცოდოა, ერთ სახლში შეიყვანეთ, იქნებ არ მოკვდეს და საჭმელიც აჭამეთო!
მზარეულთ-უხუცესმა წაიყვანა. ქოსა ეშმაკობით გამოირჩეოდა, მალე მორჩა და ისეთი საჭმლის კეთება დაიწყო, მეფე მის მეტს აღარაფერს სჭამდა.
შეუყვარდა მზარეულთ-უხუცესს ქოსა და თავისთან დაიტოვა. ქოსამ დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის თამაში და ასეთი არავინ გამოჩნდა, რომ მისთვის ეჯობნა.
ეს გაიგო ვეზირმა, რომელსაც ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში და კარგადაც იცოდა. მოაყვანინა ვეზირმა ქოსა, დაიწყეს თამაში და ქოსამ მასაც აჯობა.
ქოსის ქებამ მეფის ყურამდეც მიაღწია. მიაყვანინა მეფემ ქოსა და ვეზირთან ჭადრაკი ათამაშა. აჯობა ქოსამ ვეზირს, შემდეგ მეფეს ეთამაშა და ისიც დაამარცხა.
გავიდა დრო; მეფემ ვეზირს ვეზირობა წაართვა და ქოსას უბოძა. ქოსა ისეთი მარჯვე შეიქნა, რომ მეფე მის გარეშე არაფერს აკეთებდა.
ერთხელ მეფეს მტერი დაესხა თავს და ვეღარ გაუმკლავდა. ორი ცხენი თვალ-მარგალიტით დატვირთა, ერთზე თვით შეჯდა, მეორეზე ქოსა ვეზირი შესვა და შორს გადაიხვეწნენ.
მივიდნენ სხვა სამეფოში. ქოსა ვეზირმა ურჩია: შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მე ხანდაზმული. აქ რომ შენი პატრონობა და ჩემი ყმობა გაიგონ, სირცხვილი იქნება და პატივის არ დაგვდებენ. თუ დამიჯერებ, თქვი, რომ ჩემი ყმა ხარ და მე შენი პატრონიო.
მეფემ უთხრა: ახია ჩემზე, როცა კაცი მამის ანდერძს არ შეასრულებს, უარესიც დაემართებაო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი