იყო ერთი დიდებული ყაზან-შაჰი. ხათუნად (დიასახლისად) ერთი მშვენიერი ქალი ჰყავდა. ეყოლა ვაჟიშვილი. როცა გაიზარდა, ერთხელ დედ-მამა ათამაშებდენ. შაჰმა ცოლს ყრმა სთხოვა და, როცა უნდა გადაეცა, ხათუნს ფათერაკი შეემთხვა და ყრმა ხელიდან გაუვარდა.
იწყინა დიდად ყაზან-შაჰმა, ცოლიც გააგდო და შვილიც თან გაატანა, შინ კი სხვა ხათუნი დაისვა.
წავიდა ხათუნი, სამკაული დამალა, ძონძებით შეიმოსა და ერთს მეწისქვილეს შეეკედლა.
ერთი მისი ტოლი ყრმა მეწისქვილესაც ჰყავდა. ორივე ერთად იზრდებოდენ და თამაშობდენ. მეწისქვილის შვილი პატარა წისქვილს აშენებდა, ღარსა და ბორბალს აკეთებდა, როგორც მამა-პაპათა წესია. ხათუნის შვილი ტახტს შეკრავდა, ზედ დაჯდებოდა და ეტყოდა: დამიჩოქე და შემომჩივლეო!
ყრმობიდანვე ასე იყვნენ. როცა ჩვიდმეტი წლისა შეიქმნა, წისქვილთან კარგი ტყიანი ადგილი იყო, ყაზან-შაჰის სპასალარი თემის ასაწერად დადიოდა. ნახა ყრმა, მოეწონა და იკითხა: ვისიაო. მოახსენეს: ერთი საბრალო ქალის შვილიაო.
სპასალარმა ქალიცა და შვილიც, ორივე თან წაიყვანა. ყრმამ ისეე შეაყვარა თავი, საკუთარ შვილს ერჩია და დიდ პატივში ჰყავდა.
ერთ დღეს შვილმა ჰკითხა დედას: ვინ ვარ, ან ვისი შვილიო?
დედამ უთხრა: შაჰის შვილი ხარ, ასე მომივიდა და მაგისთვის მეც გამომაძევა და შენცო.
შვილმა უთხრა: თუ სხვა არაფერი შეგიცოდავს, მაგაზე ადვილი რა არისო.
დედამ შეფიცა: არაო.
გამოართვა დედას სამკაული, ოქროზე გაყიდა. მისცა ოქრომჭედლებს და სულ ოქროს ხორბალი დააქნევინა. წავიდა ბაზარში. ყასაბს, მეწვრილმანეს და მეპურეს - ყველას ხორბალი დაიბევა: სამი დღის შემდეგ გადაგიხდითო; სასმელ-საჭმელი იყიდა და სპასალარს გაუმასპინძლდა.
როცა დრო გავიდა და ხორბალი აღარ დაიხსნა. მოვიდნენ ვაჭრები და ხორბალი მოუტანეს და გადახდა სთხოვეს.
ყრმამ თავი შორს დაიჭირა: მე ფული ვინ მომცა? ჩვენს თემში ოქროს ხორბალს ვსთესავთ, მოვიმკით და ვყიდით; მე სხვა არა მაქვს რაო.
წავიდნენ ვაჭრები და ყაზან-შაჰს შესჩივლეს. მოუხმეს ყრმას, ჰკითხეს და მან იგივე გაიმეორა.
ყაზან-შაჰმა ოქროს ხორბალი მოატანინა, წინ დაიგროვა და ყრმას ჰკითხა: აქაც მოვა ამისთანა ხორბალიო?
ყრმამ მოახსენა: ყოველგან მოვაო.
ყაზან-შაჰმა მსახურებს მაშინვე ბაღი დააბარვინა და ხორბლის დათესვა დაავალა.
ყრმამ მოახსენა: ასე არ გამოვა; ისეთმა კაცმა უნდა დათესოს, რომელსაც ხელიდან არაფერი გავარდნია, თორემ მოსავალი არ მოვაო.
შეიქმნა გამოკითხვა: ვის არ გავარდნია ხელიდან არაფერიო?
ასეთი ვერავინ იპოვეს. ყრმამ ყაზან-შაჰს მოახსენა: თქვენ ხომ არ იკადრებდითო?
შაჰმა ბრძანა: მე ეგ წეღანაც დამემართაო.
ყრმამ მოახსენა: რა სირცხვილია, შინ მოიკითხეთ, იქნებ თქვენმა ხათუნმა თავი დაიმდაბლოს და დათესოსო.
შევიდა შინ ყაზან-შაჰი, მაგრამ ისეთი ვერავინ იპოვა. დაბრუნდა და ყრმას უთხრა: რა ვქნა, ეგეთი ვერავინ ვნახეო!
მაშინ ყრმამ უთხრა: თუ ასეთი არავინ არსებობს, მაშ, რა დანაშაული მიგვიძღოდა, ან დედა რად გამიგდე, ან მეო?
როცა შეიტყო მისი შვილობა, შაჰი ყელზე მოეხვია, დედამისი ისევ ცოლად დაისვა და შვილი შვილად.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი